იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების მატებაა მოსალოდნელი - როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "რეზონანსთან" განაცხადა, ეპიდემია იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ყოველ 100 ათას მოსახლეზე გრიპის რაოდენობა 500 შემთხვევას გადააჭარბებს.
სპეციალისტები მოსახლეობას "ღორის გრიპის" ვირუსისგან დასაცავად ჰიგიენის დაცვას, ხოლო სიმპტომების: მაღალი ტემპერატურა, ხველა და სახსრების ტკივილის გამოვლენის შემთხვევაში ექიმთან მისვლას ურჩევენ."საქართველოში გრიპის სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება. დღევანდელი მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი იგივეა, რაც გასულ წელს იყო. ამ პერიოდში 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, რაც ეპიდემიის ზღვართან შორსაა.
"როდესაც 100 ათას მოსახლეზე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, ეპიდემიასთან ახლოს მაშინ ვიქნებით. ამიტომ ეს სიტუაცია საგანგაშო არ არის. სამწუხაროდ, 1 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მისი ფონური დიაგნოზი სხვა იყო და გრიპმა კი სიტუაცია დაამძიმა.
"ამ შემთხვევაში მოსახლეობას ჩვეულებრივ რეკომენდაციებს ვაძლევთ - 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, აუცილებლად ექიმს მიმართონ, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში კი მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდება.
"გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტით დაავადებულში, ასევე მოხუცებსა და ორსულებში, რა თქმა უნდა, გართულებების ალბათობა მეტია. ამიტომ უმჯობესია, თავშეყრის ადგილებს მოერიდონ და პირველსავე სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართონ. წელს დროული ვაქცინაცია 20 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა," - აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა მაია ნადარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ღორის გრიპზე მომართვამ მოიმატა, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
"მომართვამ მოიმატა, თუმცა შარშანდელთან შედარებით იგივე მაჩვენებელია. ახლახან ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ღორის გრიპის სიმპტომებით 5 ჯარისკაცი სხვადასხვა სოფლიდან მოვიდა, მათ ლაბორატორული კვლევა ჩაუტარდა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი - შესაძლოა, დადასტურდეს, შესაძლოა, არა.
"მომართვის გაზრდას უფრო თებერვლის ბოლოს ველოდებით, თუმცა როგორც სომხეთსა და უკრაინაშია, ისეთს არა.
"ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი, განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეხება სახელწოდებას, თავდაპირველად ეს ღორებს დაემართათ, რომელიც შემდეგ ადამიანებზეც გავრცელდა, ამიტომაც ეს სახელი დაერქვა.
"ღორის გრიპის ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველა. როგორც წესი, ეს სიმპტომები უცებ იწყება. შესაძლო დაავადებულმა ადამიანმა აუცილებელია, ექიმს დროულად მიმართოს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს.
"ავადმყოფმა საჯარო დაწესებულებებში - სკოლაში, სამსახურსა, უნივერიტეტში სიარულისგან თავი უნდა შეიკავოს. მათი სახლში ყოფნა აუცილებელია, თუმცა ოთახის ხშირი განიავებაც საჭიროა. გარეთ გასვლის შემთხვევაში კი პირბადე უნდა იხმაროს, რათა სხვა ადამიანებსაც არ გადასდოს.
"გართულების შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა იცის. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, პაციენტი საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს.
"მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ჯანმრთელია თუ არა, ხელები ხშირად უნდა დაიბანოს. ღორის გრიპის გადადების ერთ-ერთი გზა კონტაქტია, ამიტომ ხელების დაბანის წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ.
"ამის გარდა, ვირუსი ერთი მეტრის რადიუსზეც გადადის, ამიტომ პირბადის ხმარება აუცილებელია. საჯარო დაწესებულებებს რეკომენდაციებს მივცემ, რომ ოთახები ხშირად გაანიავონ," - აღნიშნა ნადარეიშვილმა.