როგორი იქნება "ქართული ოცნების" სია მომავალი არჩევნებისათვის, ეს სავარაუდოდ მარტისთვის იქნება ცნობილი, თუმცა ახალი წლის დადგომის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო რიგებში 2016 წლის პარტიულ სიაში მოხვედრა-არმოხვედრის გამო ნერვიულობამ პიკს მიაღწია.
ჯერჯერობით საჯაროდ გაცხადებულია ის, რომ ყველაზე მეტად სანერვიულო სპორტსმენებს, ხელოვნების მუშაკებს და ინგლისურის არმცოდნეებს აქვთ, თუმცა კულუარებში საუბარია იმაზეც, რომ დამშვიდების საფუძველი არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს კრიტერიუმები გადამწყვეტი სულაც არ არის და საბოლოოდ ყველაფერს პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე თავად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.
პარტიის წევრებს "ოცნების" ყრილობამდე, რომელიც აპრილში უნდა ჩატარდეს, ამ სიის თაობაზე მოქმედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილი ამცნობთ.
ე.წ. კონკრეტული "შავი სიის" გარდა საუბარია იმაზე, რომ არსებობს უკვე "მწვანე შუქ ანთებულთა" სიაც და ამ სიაში ისეთი პირებიც მოხვდნენ, რომლებიც გაცხადებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ - მათ შორის ხელოვანებიც არიან და ინგლისურის არმცოდნეებიც.
მაგალითად, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ცნობით, მომავალ პარლამენტში "ოცნებიდან" ადგილები გარანტირებული აქვთ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ანსამბლის, "ქართული ხმების" წევრებს - თემურ ჭკუასელს და გივი ჭიჭინაძეს.
თემურ ჭკუასელი, რომელიც გურამიშვილის "მარანში" "ოცნების" საახალწლო სუფრაზე თამადობდა კიდეც, მომავალ პარლამენტში ისევ ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ეს შეთავაზება მან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან უკვე მიიღო. პარლამენტის წევრობა "ქართულ ხმების" კიდევ ერთ წევრს, იმერეთის ამჟამინდელ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძესაც სურს, რომელსაც ასევე ივანიშვილის რეკომენდაციით საპარალამენტო სიაში ადგილი თითქმის გარანტირებულად აქვს. ეს ინფორმაცია "ოცნების" კულუარებში "რეზონანსსაც" დაუდასტურეს.
"რეზონანსის" წყარო ამბობს იმასაც, რომ ოდიოზური განცხადებების მიუხედავად და ასევე იმის მიუხედავად, რომ ინგლისური საერთოდ არ იცის, სიაში დარჩება თამაზ მეჭიაური. ასევე სახელდებიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი და დიმიტრი ხუნდაძე.
ახალი სახეებიდან საუბარია იმაზე, რომ სიაში, დიდი ალბათობით, იქნება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და ასევე დეპუტატ ნანა ყეინიშვილს სურს, რომ სიაში საკუთარი შვილი შეაყვანინოს, თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება მისი სურვილი, ჯერ უცნობია და ამის წინააღმდეგი თავად "ოცნების" რიგებშიც ბევრია და ვის რა სურს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"ოცნების" რიგებში შესაძლოა ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" წევრები გამოჩნდნენ, კონკრეტულად ვინ - არ სახელდება. თავად ამ კლუბის ერთ-ერთი წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის ცნობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუმცა ვრცელდება ცნობა, რომ ჯერჯერობით "მეოცნებეთა" რიგებში გაწევრიანებაზე საბოლოო თანხმობა ვერავისგან მიიღეს, რადგან ინტელექტკლუბის წევრები ძირითადად მაინც უფრო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ადამიანები არიან.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე საკუთარ ინფორმაციას ავრცელებს "ქრონიკა %"- ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი ინფორმაციით, სიაში უკვე გარანტირებული ადგილი აქვს 3 მოქმედ მინისტრს და 4 დეპუტატს. "ოცნების" სხვა დანარჩენი წევრების პოლიტიკური მომავალი კი, მისი ცნობით, ამ დრომდე გაურკვეველია.
"ოცნების" სიაში გარანტირებული ადგილები აქვთ დეპუტატებიდან: გია ვოლსკის, ირაკლი სესიაშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს და დიმიტრი ხუნდაძეს. მინისტრებიდან კი: კახა კალაძეს, თეა წულუკიანსა და სოზარ სუბარს. ყველა სხვა დანარჩენი ჯერჯერობით უპასუხოდაა. როგორც ვიცი, საგურამოს შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი ფილტრი დააყენა. ყველა მათგანს, ვისაც საკუთარი ბედის გარკვევა აინტერესებდა, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" იმ გარანტიით გადავიდნენ, რომ მომავალ პარლამენტშიც ექნებოდათ გარანტირებული ადგილები, ივანიშვილმა უთხრა, რომ გიორგი კვირიკაშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც მათ კოალიციის საბოლოო გადაწყვეტილებას გადასცემს. როგორც ჩანს, ამით მან სატელეფონო ზარები და შეწუხებები აიცილა თავიდან. ყველა სხვა დანარჩენის პოლიტიკური მომავალი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება გაურკვეველი, ყოველ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ყრილობამდე მაინც, რომელიც უკვე გაცხადებულია, რომ აპრილში ჩატარდება," - განუცხადა "რეზონანსს" კილაძემ.
მისივე თქმით, სიაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს არჩილ თალაკვაძეს, ოღონდ თუკი პროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებით ბევრს არ ილაპარაკებს, ყეინიშვილის ან მისი შვილის სიაში მოხვედრას კი გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ყეინიშვილს პირველ ტალღაში დავით საგანელიძე ლობირებდა, ახლა კი ეს ლობისტი არ ჰყავს.
ამბობს, რომ ყველა ლოგიკით სიაში უნდა მოხვდეს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც, თუმცა დასძენს, რომ იმდენად სწრაფ ცვლილებებს იღებს ივანიშვილი, გამორიცხული არ არის, პარტიის ხელმძღვანელობაც შეცვალოს. მეჭიაურის და ჟორჟოლიანის სიაში მოხვედრაზე ინფორმაცია კი არ აქვს.
"ბესელიაზე ვიცი ის, რომ ივანიშვილს უთქვამს, რამდენადაც მოხერხებული და მიმწოლი ხარ, იმდენად ცბიერი ქალი ხარო. მანანა კობახიძისთვის კი უკითხავს, თქვენ ჯერ კიდევ საჩხერეში ხართ ჩაწერილი, არ ამოწერილხართო?! ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისინი სიაში მოხვდებიან, ეს ცალკე თემაა. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოხვდებიან, რადგან ორივე მათგანი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრები არიან და რამდენადაც ყველა ვხედავთ მიმდინარე მოვლენებს, თანამდებობებიდან ღარიბაშვილის კადრების ნელ-ნელა ჩამოშორება ხდება," - დასძენს კილაძე.
საუბარია იმაზეც, რომ კოალიციის გამსვლელ სიაში 15 ადგილს "რესპუბლიკელები" ითხოვენ და ამაზე მოლაპარაკებას არა პოლიტსაბჭოსთან, არამედ პირადად ივანიშვილთან აპირებენ.
"ოცნების" სავარაუდო საპარლამენტო სიის გარდა კულუარებში ვრცელდება იმ პირთა გვარებიც, რომლებიც მეორე - "შავ სიაში" - მოიაზრებიან. სიაში ვერ მოხვედრილებს შორისაა ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლისძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელაც სასწავლებლად აპირებს წასვლას, თუმცა, მისივე მტკიცებით, პარტიის წევრად რჩება. საუბარია ივანე კიღურაძეზეც და როგორც "რეზონანსის" წყარო ამბობს, მისი "შავ სიაში" შეყვანა გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებს უკავშირდება. შავი სიის პრეტენდენტებს შორის არიან: სოსო ჯაჭვლიანიც, ზვიად ზვიადაურიც, ლუკა კურტანიძეც და ზაზა პაპუაშვილიც.
ზოგადად, "ქართულ ოცნებაში" დიდი დაძაბულობა ერთი კვირის წინ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია. კობახიძემ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში სპორსტმენები და ხელოვანები ნაკლებად იქნებიან და აქცენტი გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება. მისმა ამ განცხადებამ დიდი საჯარო კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც კობახიძემ თავი იმით იმართლა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და ამის გამო ირიბად მოიბოდიშა კიდეც.
სოსო ჯაჭვლიანმა კობახიძის მიუღებელი განცხადების გამო რამდენიმე დღის წინ ექსპრემიერ ივანიშვილს წერილიც კი მისწერა, სადაც აღნიშნავს, რომ სპორტსმენებსა და მსახიობებს ის "შავბნელი ძალები" უპირისპირდებიან, რომლებსაც სურთ ბიძინა ივანიშვილს თანამებრძოლები და ერთგული ადამიანები ჩამოაშორონ. "შავბნელ ძალებში" ვის გულისხმობდა, ეს კი არ დააკონკრეტა.
საგულისხმოა ის, რომ რაც ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ ისაუბრა, მსგავსი განცხადება გასული წლის ნოემბერში პირველად თავად ექსპრემიერმა ივანიშვილმა გაახმოვანა. უფრო მეტიც, მაშინ ივანიშვილმა ისიც კი თქვა, რომ არა მარტო სპორტსმენები და ხელოვანები, ინგლისურის არმცოდნეები არ იქნება მომავალ პარლამენტშიო, თუმცა მაშინ დეპუტატებისაგან ასეთი კრიტიკა-გაბრაზება არ წამოსულა.
"რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე აღნიშნავს, რაც ეპატიება გენერალს, შეიძლება არ ეპატიებოდეს ჯარისკაცსო. ამბობს, "ოცნებოს" დეპუტატები მაინც უფრო, მათი თქმით, ამ "პატარა ბიჭის" განცხადების ხისტმა ფორმამ გააღიზიანაო.
ნიშნიანიძის თქმით, საგურამოში გამართულ საახალწლო სუფრაზე მათ კობახიძის მობოდიშებაც გადასცეს.
დეპუტატის განცხადებით, როგორი უნდა იყოს დეპუტატი - კრიტერიუმები ჯერ ნოემბერში და შემდეგ იანვარში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კობახიძემ ჩამოთვალა, მომავალ სიაში მაინც ბევრი მოხვდება სპორსტმენიც, ხელოვანიც და ინგლისურის არმცოდნეც.
"მოლაპარაკება სიაზე მიმდინარეობს და ამას ყველა ლიდერი აღნიშნავს, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული არ ვარ და კონკრეტული გვარები არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჯერჯერობით მაჟორიტარების შერჩევა ხდება, პარტიულ სიაზე კი ცოტა მოგვიანებით დაიწყება მსჯელობა, თუმცა შესაძლოა გზადაგზა ამასაც განიხილავდნენ. ვინ დარჩება და ვინ - არა, ეს ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ჩვენმა ლიდერებმა კრიტერიუმებზე უკვე საჯაროდ ილაპარაკეს. ამ კრიტერიუმების გარდა გათვალისწინებული იქნება აქტიურობაც, პროფესიონალიზმიც, ხალხში როგორი ავტორიტეტი აქვს და კანონშემოქმედებაც. ბუნებრივია, იქნებიან ახალი სახეებიც.
"ახალ სიაშიც იქნებიან ხელოვანები და სპორტსმენებიც, მაგრამ უფრო ცოტა, ვიდრე ახლაა. ამ ადამიანებს შორის ბევრი სასარგებლო ადამიანია და ისინი დარჩებიან. ვიღაც დარჩება, ვიღაც - არა. დამატებით რა კრიტერიუმები აქვთ ჩვენს ლიდერებს, ეს მათ ჰკითხეთ. მე, სამწუხაროდ, მათთვის კითხვის დასმის საშუალებაც არ მქონია. საახალწლო სუფრაზე ვიყავი, მაგრამ იქ კითხვების დასმის საშუალება არ ყოფილა. თუმცა დადგება დრო, რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა, ამ შეკითხვებს ჩვენც დავსვამთ. ალბათ სიის ამბავს თებერვლის ბოლოსათვის გავიგებთ," - მიიჩნევს ნიშნიანიძე.
ნიშნიანიძე ახალი წლის სუფრაზე საგურამოში მომხდარ იმ ამბავსაც იხსენებს, რაზეც სოსო ჯაჭვლიანმა ნახევრად ხუმრობით ილაპარაკა.
ჯაჭვლიანმა ისაუბრა იმაზეც, რომ საგურამოს შეკრებაზე, სადაც პარტია "ქართული ოცნება" ახალი წლის დადგომას ზეიმობდა, ორი 30-კაციანი მაგიდა იყო გაშლილი და ექსპრემიერისათვის მის მიერ ნათქვამი ხუმრობის შემდეგ - ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვინც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა "გადაყრილიაო" - თურმე, რამდენიმე დეპუტატმა უმალვე ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა.
ნიშნიანიძის თქმით, რომელიც ჯაჭვლიანის მაგიდასთან იჯდა, მართლაც იყო შემთხვევა, რომ სუფრის ბოლოსკენ რამდენიმე დეპუტატი ივანიშვილის მაგიდასთან გადაჯდა.
"ხუმრობა იყო ის, რომ ჯაჭვლიანის მაგიდასთან მსხდომები სიაში არ მოხვდებიანო. სიაში ზოგი ივანიშვილის მაგიდიდან მოხვდება და ზოგი ჯაჭვლიანის. ზოგი საერთოდ არ იყო ამ სუფრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიაში იქნება. არ მინდა ახლა გვარებზე ვიჭორაო. ის კრიტერიუმებიც, რაც დასახელდა, არ არის გადამწყვეტი. გაგიგიათ ალბათ ხუმრობა, ჩემმა ნათლულმა ინგლისური ისწავლა და ახლა მის სისულელეს სხვებიც გაიგებენო. ივანიშვილის მაგიდასთან იჯდა, მაგალითად, დიტო ხუნდაძე, თემურ ჭკუასელი, ბესელიაც. სხვები არ მახსენდება," - ამბობს ნიშნიანიძე.
ის "რესპულიკელების" მოთხოვნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მათ საკმაოდ დიდი მადა აქვთ".
"მათ აქვთ განცდა, რომ უფრო მეტი ეკუთვნით. პრინციპში, საწინააღმდეგი არაფერი მაქვს, თუკი "რესპუბლიკელები" მათთვის რეალურად კუთვნილ ადგილებს მიიღებენ, ზედმეტი რომ მიიღონ, ამის მომხრე არ ვარ. მე ასე ვფიქრობ, რომ მათ ჰქონდათ ის ადგილი, რაც რეალურად ეკუთვნოდათ. გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მთავარია ის, რომ ჩვენ არ წავეკიდებით ერთმანეთს," - დასძენს ნიშნიანიძე.