თაკო მათეშვილი
21.01.2016

 "ვერც ერთ ზამთარს ვერ დაასახელებთ, გრიპი რომ არ ყოფილიყო. წლევანდელი ზამთარიც ჩვეულებრივია, ჩვეულებრივი გრიპით. წინა და იმის წინა წლებისაგან არაფრით განსხვავდება," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

მისი თქმით, საგანგაშო არაფერია: "ადამიანები გრიპისგან ყოველწლიურად იღუპებიან. ჩვენთან ყოველ წელს დაახლოებით 18-20 ადამიანი კვდება. ასე რომ, წელს პირიქით, უკეთესი მდგომარეობაა. ამის თქმა ძალიან ძნელია, როცა ორი ადამიანია დაღუპული, თუმცა სტატისტიკურად, გაცილებით რბილი სეზონი გვაქვს, ვიდრე წინა წლებში."

"ყველაფერი დამეწყო სიცივით და კანკალით, სახსრების ტკივილით, 38-გრადუსიანი სიცხით. მეორე დღე და ღამე იყო ყველაზე საშინელი - სიცხე 39.5 გრადუსი, ყელის ტკივილი, თირკმელების საშინელი ტკივილი.

მთელი ღამე თირკმელები ისე მტკიოდა, ღრმად ვერ ვსუნთქავდი. ვერც ვწვებოდი, ვერც ვჯდებოდი. ზოგადად ზურგის არეში დისკომფორტი მქონდა - ბეჭებიც მაწუხებდა, ხერხემალიც.

"რამდენჯერმე სასწრაფო მყავდა გამოძახებული. ჩემით ექიმთან ვერაფრით წავედი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. უამრავი სითხე, ანტიბიოტიკი, ყელის ტკივილისა და ხველების წამლები დამინიშნეს. სიცხე და ეს სიმპტომები, საერთო ჯამში, 5 დღეს გაგრძელდა. დამიტოვა მტანჯველი ხველა და საშინელი სისუსტე. ჩემი ბევრი მეგობარია ასე," - ეს 27 წლის ანას მონაყოლია, რომელმაც ახლახან ე.წ. ღორის გრიპი გადატანა.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო დღეების განმავლობაში გახდა. დაავადება სწრაფად ვრცელდება. ღორის გრიპისგან ორი ადამიანი უკვე დაიღუპა. შუახნის მამაკაცი რ#ტ# ვირუსმა გუშინ ქუთაისში იმსხვერპლა. იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის.

მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია, რომ ზამთარს გრიპის ვირუსის გააქტიურება ყოველთვის თან სდევს და წლევანდელი ზამთარი წინა წლებისგან არაფრითაა გამორჩეული.

მიუხედავად ამისა, იგი მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პიველივე სიმპტომისთანავე ექიმს უნდა მიმართონ. განსაკუთრებული კი სიფრთხილე იმ ადამიანებს მართებთ, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

პაატა იმნაძე: ვერც ერთ ზამთარს ვერ დაასახელებთ, გრიპი რომ არ ყოფილიყო. წლევანდელი ზამთარიც ჩვეულებრივია, ჩვეულებრივი გრიპით. წინა და იმის წინა წლებისაგან არაფრით განსხვავდება.

"რეზონანსი": თუმცა ორი ადამიანის დაღუპვამ ხალხი განსაკუთრებტთ შეაშფოთა.

პ.ა: ადამიანები გრიპისგან ყოველწლიურად იღუპებიან. ჩვენთან ყოველ წელს დაახლოებით 18-20 ადამიანი კვდება. ასე რომ, წელს პირიქით, უკეთესი მდგომარეობაა. ამის თქმა ძალიან ძნელია, როცა ორი ადამიანია დაღუპული, თუმცა სტატისტიკურად, გაცილებით რბილი სეზონი გვაქვს, ვიდრე წინა წლებში.

"რ": რამ გამოიწვია იმ ორი ადამიანის გარდაცვალება?

პ.ი: მათ თანმხლები დაავადებები ჰქოდნათ. კონკრეტულად რა, ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს ავადმყოფის პირადი ინფორმაციაა და გაცემის უფლება არ მაქვს.

"რ": ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია ბევრად მძიმეა, რომ სომხეთში უკვე 150 ადამიანია გარდაცვლილი...

პ.ი: არა, ეგ ტყუილია. 16 თუ 17 ადამიანია დაღუპული. ხალხი პანიკაშია და ათასგვარ ჭორს ავრცელებს.

"რ": რა სიპტომებისთანავე უნდა მიმართოს ექიმს პაციენტმა?

პ.ი: თუკი ბავშვს 38 გრადუსი, ან მეტი ტემპერატურა ერთ დღე გაუგრძელდა, ექიმთან უნდა მიიყვანოთ. ზრდასრულებში კი თუკი სიცხე სამ დღემდე გაგრძელდა, ექიმთან უნდა მიხვიდეთ. რისკ-ჯგუფებში მყოფმა ზრდასრულმა ადამიანებმა, მაგალითად დიაბეტიანებმა, ან გულის ან სუნთქვის სისტემის დაავადების მქონეებმა, ექიმს სიცხის შემთხვევაში პირველივე დღეს უნდა მიმართონ.

დაავადებულის სამსახურაში წასვლა ან სკოლაში წასვლა გამორიცხულია. მძიმე ავადმყოფი ვერც წავა, მაგრამ მსუბუქად ვინც არის, ის დადის და გრიპსაც ავრცელებს. ავადმყოფი ან სახლში უნდა იყოს, ან ექიმთან.

"რ": რამდენი ხნის განმავლობაშია ადამიანი ამ ვირუსის მატარებელი?

პ.ი: ერთი კვირის განმავლობაში ვირუსი გადამდებია, ამიტომ ჯობია სახლიდან გასვლისგან თავი 7 დღის განმავლობაში შევიკავოთ.

"რ": რითი განსხვადება ღორის გრიპი ჩვუელებრივი და ქათმის გრიპისგან?

პ.ი: ჩვეულებრივი გრიპისგან აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. ქათმის გრიპი კი დაავადებულთა 60 პროცენტს კლავს. ოღონდ გავრცელება უფრო რთულია. ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. სიმპტომებში განხვავება პრაქტიკულად არაა, მაგრამ ფრინველის გრიპი ახლა მსოფლიოში არაა გავრცელებული. მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხდება. იქაც ძირითადად ფრინველებშია. ადამიანებში ძალიან იშვიათად.

ქათმის გრიპი ღორის გრიპზე ბევრად საშიშია. შედარებაც კი შეუძლებელია. ღორის გრიპის დროს დაღუპულების რაოდენობა ძალიან მცირეა. იგი საქართველოში უკვე ათი ათასობით ადამიანმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×