სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი წარუმატებლად დაიწყო. გუდაურის, ბაკურიანისა და მესტიის წამყვან სასტუმროებში დამსვენებლების სიმცირეა, რის მიზეზად მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი მიიჩნევა. სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, რომ გარე ფაქტორების გარდა, პრობლემა არის სეზონურიც, რადგან იანვრის მეორე ნახევარი ყოველთვის პასიურია. მათი ვარაუდით, მდგომარეობა თებერვლიდან გამოსწორდება.
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელთა უმეტესობა შექმნილი მდგომარეობით აშკარად უკმაყოფილოა და არ მალავს, რომ მიმდინარე სეზონის მიმართ უიმედოდაა განწყობილი. ისინი ჩივიან, რომ ხელოვნური გათოვლიანების პროექტმა ტურიზმს ამჯერად ვერ უშველა.
სასტუმრო "თრუსოს" მენეჯერი ლევან კარიკაშვილი აცხადებს, რომ ახალი წლის შემდეგ სასტუმროს შეკვეთა თითქმის აღარ აქვს. მისი შეფასებით, ტურისტულ სექტორს სერიოზულად უჭირს და საეჭვოა, წელს მდგომარეობა გამოსწორდეს.
"საახალწლოდ აქტიურად ვიმუშავეთ. 30 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ყველა ადგილი დაჯავშნილი იყო, სასტუმრო 100%-ით დაიტვირთა. ამ ეტაპზე დამსვენებლები თითქმის აღარ გვყავს. ვფიქრობ, დიდი იმედგაცრუება მოგველის, რადგან პერსპექტივას ვერც სამომავლოდ ვხედავ. საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს. შარშანდელთან შედარებით, უმნიშვნელო გაუმჯობესებაც კი არ იგრძნობა. ველოდი კიდეც ასეთ მდგომარეობას, ოდნავადაც არ მიკვრის, რომ კურორტზე პრობლემაა", - ამბობს ლევან კარიკაშვილი.
მისი თქმით, მომხმარებელთა სტიმულირების მიზნით, ფასდაკლებაც გააკეთეს, მაგრამ სიტუაციას ვერც ამან უშველა.
"შევეცადეთ, აბსოლუტურად დაბალანსებული ტარიფი დავაწესოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილია, ფასდაკლებაც კი დავაწესეთ, რისი შესაძლებლობაც ნაკლებად იყო", - ამბობს კარიკაშვილი.
"მარკო პოლოს" წარმომადგენელი მდგომარეობას ოდნავ უკეთესად აფასებს. სასტუმროს მენეჯერის ირაკლი მამფორიას ინფორმაციით, თებერვალში სრულ დატვირთვას ელიან.
"სადღესასწაულო პერიოდმა ახლახან განვლო და სასტუმროსთვის ჩვეული სიტუაციაა. იანვრის მეორე ნახევარი მუდმივად ხასიათდება დამსვენებლების სიმცირით. ტრადიციულად ასეა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ამ ეტაპზე ცოტა დამსვენებელი გვყავს, მაგრამ თებერვლიდან სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, ადგილები წინასწარ დაჯავშნილია. ძირითადად, რუსი და უკრაინელი სტუმრები გვყავს, ახალი წლის პერიოდშიც ასე იყო. ვფიქრობთ, დამსვენებელთა რაოდენობა მოიმატებს და მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ", - ამბობს ირაკლი მამფორია.
მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევის ფაქტებმა წლევანდელ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი ნინო ბუჩუკურის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ ნომრები ფაქტობრივად, ცარიელია.
"ჩემთვის ძალიან ცუდი სეზონია. 13 თებერვლამდე ჯავშანი არ მაქვს. სტუმრები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ, წელს თავს იკავებენ და მიზეზად ფინანსურ პრობლემას ასახელებენ. მინიმალური ფასი დავადეთ, მაგრამ უშედეგოდ", - აღნიშნავს ნინო ბუჩუკური "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას. მისი თქმით, დამსვენებლები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სასტუმროს მეპატრონე წლევანდელ პასიურობას ამ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ასევე არ გამორიცხავს, რომ დამსვენებლების ნაწილი უბედური შემთხვევების ფაქტებმაც დააფრთხო.
აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე საუბრობენ ბაკურიანში მდებარე სასტუმროებშიც. ერთ-ერთი მათგანია "მედეა", სადაც განმარტავენ, რომ ტურისტების მხრიდან ინტერესმა აშკარად იკლო, რაც შეიძლება რეკლამის უქონლობითაც იყოს გამოწვეული.
"შაბათ-კვირაობით რამდენიმე ადგილობრივი ტურისტი გვსტუმრობს. უქმე დღეებში შეიძლება შემთხვევითი მგზავრები მაინც მივიღოთ, მაგრამ სხვა დღეებში ადგილები ცარიელია. დამსვენებლის მხრიდან ინტერესი არც შარშან შეიმჩნეოდა. რეკლამა აღარ არის და ტურისტულ სეზონზე ეს ცუდად მოქმედებს. აზერბაიჯანელები აქტიურობდნენ, მაგრამ ბოლო დროს ისინიც ნაკლებად ჩამოდიან. როგორც ჩანს, სავალუტო რყევის გამო, იქაც პრობლემაა და ხალხი დასვენების ხარჯს ზოგავს", - აცხადებენ სასტუმროში.
ანალოგიური მდგომარეობაა სვანეთშიც. სასტუმრო "ლილეოს" წარმომადგენელი ტარიელ ნიგურიანი ამბობს, რომ მესტიის წამყვან სასტუმროებში დამსვენებლების სიმცირე თვალშისაცემია.
"სახარბიელო ვითარება არც შარშან იყო, თუმცა ამ დროს გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა. ახლა მსხვილი სასტუმროები თითქმის ცარიელია. ცოტა უკეთესი მდგომარეობაა საოჯახო ტიპის სასტუმროებში. შესაძლოა იმის გამოც, რომ ამ სეგმენტში მომსახურების საფასური გაცილებით ნაკლებია. ადგილობრივები ისედაც ნაკლებად ისვენებენ, უფრო უცხოელი დამსვენებლების იმედად ვართ, მაგრამ წელს ისინიც პასიურობენ. ამ ეტაპზე რამდენიმე რუსი და უკრაინელი ტურისტი გამოჩნდა, სხვა ქვეყნებიდან ჯერჯერობით სიწყნარეა", - ამბობს ნიგურიანი.
ახლა ზამთრის კურორტებზე თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, ნალექი მთიან ნაწილში უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. თუმცა, არის სხვა პრობლემები, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, უსაფრთხოების საკითხიც და რაც მთავარია, ფინანსური კრიზისი მთელი რეგიონში.