ნინო ქეთელაური
22.01.2016

 აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება - ამ მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა. პეტიციის ავტორია მწერალი და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი"-ს თანადამფუძნებელი გურამ მეგრელიშვილი.

როგორც ის "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მსგავსი მოთხოვნის მიზანი, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობაა. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ეხება.

"ტექდათვალიერების აღდგენა, პირველ რიგში, გარემოს დაცვისკენ მიმართული პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც შეამცირებს გამონაბოლქვის რაოდენობას, ავტომობილების ტექნიკური გამართულობის დონეს მაღლა ასწევს და რაც მთავარია, მოხდება მგზავრების უსაფრთხოების ნორმების უკეთესი დაცვა.

"რაც შეეხება ტაქსების ლიცენზირებას, მესმის, რომ ადამიანი, ვისაც სამუშაო ადგილი არ აქვს, ოჯახის შენახვის მიზნით უმარტივეს გამოსავალს ეძებს - შეიძინოს იაფფასიანი მანქანა და იტაქსაოს, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფოს აშენებას ეხება და ვსაუბრობთ კანონის წინაშე თანასწორობაზე, გასათვალისწინებელია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

პირველი - ლიცენზირებული ტაქსი, ერთის მხრივ, მეტ-ნაკლებად შემოწმებულია იმ სახელმწიფო აპარატის მხრიდან, რომელსაც ეს საქმე დაევალება, რაც თავის მხრივ, მგზავრის უფრო მეტად დაცულობის გარანტია შეიძლება იყოს.

"დღეს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ითვლება ყველა ის მანქანა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ადგას, ეს კი მგზავრისთვის დაცულობის ვერანაირი გარანტი ვერ იქნება. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მსუბუქი ავარიის დროს მგზავრი დაშავდა. ვინაა პასუხისმგებელი მგზავრის წინაშე? არალიცენზირებული ტაქსის მძღოლი? ძალიან საეჭვოა.

მეორე - უმნიშვნელოვანესი მიზეზი შემოსავალია, რომელსაც სახელმწიფო კარგავს იმ თვითდასაქმებული ადამიანებისგან, ვინც ყოველდღიურად იყენებს იმ გზას, ხიდებს, სადგომებს და ასე შემდეგ, რომელიც სხვა მოქალაქეების მიერ პატიოსნად გადახდილი 20%-ით კეთდება.

"ადამიანი, ვინც ლიცენზიის გარეშე ტაქსაობს, რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს შემოსავალს უმალავს, შემოსავალს, რომელიც საბოლოოდ იმ ადამიანებს აწვება კისერზე, ვინც საშემოსავლო გადასახადს პატიოსნად ვიხდით.

მესამე - ლიცენზია ბაზარზე მხოლოდ ტაქსის მძღოლებს დატოვებს, ანუ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში "შემთხვევით, "ორდიპლომიანად" კი არ მივიდა, არამედ გადაწყვიტა, რომ ესაა სამუშაო, რომელიც შეიძლება პატიოსნად შეასრულო, მოემსახურო კლიენტს და აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა.

"ასეთი მძღოლები უამრავია საქართველოში, სწორედ მათი ნაწილის თხოვნაც იყო პეტიციით მიგვემართა ხელისუფლებისათვის, რათა მოეხდინათ ტაქსების ლიცენზირება და ამით თავი დაგვეცვა, მაგალითად რუსული ან სომხური ნომრებით მოტაქსავე მანქანებისგან", - აცხადებს პეტიციის ავტორი, რომელიც თვლის, რომ გზების გადატვირთვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც სწორედ არალიცენზირებული ტაქსებია.

"ასევე მნიშვნელოვანი საკითხი გზების გადატვირთულობაა. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც, სხვათა შორის მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობს, ჩაატარა საინტერესო კვლევა, აიღო ქალაქის ცენტრის ერთი ქუჩა, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირი და დაითვალა შუქნიშანთან გაჩერებული მანქანების რაოდენობა 1 საათის განმავლობაში.

"აღმოჩნდა საინტერესო რამ, ყოველი მესამე მანქანა ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, მათგან ყოველი მეორე კი იყო ცარიელი. ამით რისი თქმა მსურს, რომ ლიცენზირება, პირველ რიგში იმათ გამოხშირავს და ჩამოაცილებს გზებს, ხანდახან რომ "წაუტაქსავებენ" ხოლმე, დაიკლებს სამსახურიდან სახლისკენ მიმავალი "მორიგე" ტაქსების რიცხვიც.

"ლიცენზირება მგზავრობის ფასს მეტ-ნაკლებად ასწევს, რაც თავის მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვას გაზრდის, ეს კი ასევე დამატებითი შემოსავალია ქვეყნისთვის.

"როდესაც ტექდათვალიერებაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია და ხშირად სრულიად გაუმართავი, ზამთარში ზაფხულის გაცვეთილი საბურავებით დადის", - ამბობს გურამ მეგრელიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მანქანების ტექდათვალიერებისა და ტაქსების ლიცენზირების შემოღების პროცესი საზოგადოებისთვის თავიდან რთული იქნება, თუმცა მოგვიანებით ეკოლოგიური პრობლემები შემცირდება და ქუჩებიც განიტვირთება, შესაბამისად სერვისის ხარისხიც შესამჩნევი გახდება.

როგორც "რეზონანსს" მერიაში განუცხადეს, ტაქსების ლიცენზირების საკითხი ახლაც დამუშავების რეჟიმშია.

"საკითხი ამ ეტაპზე სამუშაო რეჟიმში განიხილება, თუ რამე სახის დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი, გავრცელდება", - აცხადებენ მერიაში.

"რეზონანსი" გაესაუბრა ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ტაქსების ლიცენზრების საკითხს უარყოფითად აფასებენ, ხოლო მანქანის ტექდათვალიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიესალმებიან, თუ ამაში თანხის გადახდა მათ არ მოუწევთ და ამას სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.

"ჩვენი შემოსავალი ტაქსაობაა. ახლა რომ ვიღაცამ ლიცენზირებაში კიდევ ფული მოგვთხოვოს, ვინმეს გვიღირს მუშაობა? რასაც ვშოულობთ, ის თუ ლიცენზიაში გადამახდევინეს, რა გამოვა?! მაშინ ტაქსის მომსახურებაც უნდა გაძვირდეს და არა მგონია ეს ვინმეს უნდოდეს.

"ტექდათვალიერება კი ბატონო, შემოიღონ, უსაფრთხოების და ქალაქის დაბინძურების თავიდან აცილებისთვის კარგია, მაგრამ ამაშიც ხო ფულია გადასახდელი და როგორ უნდა გადაიხადოს გაჭირვებულმა ხალხმა? თუ მთავრობა გადაიხდის და ჩვენ არ მოგვიწევს ჩვენი ჯიბიდან გადახდა, შემოიღონ", - აცხადებს ტაქსის მძღოლი, 48 წლის მერაბ ბერაძე.

"დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი და ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, ქალაქის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მანქანების ტექდათვალიერების შემოღებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ხელისუფლებამ ტექდათვალიერების პროცესი ბუჯეტით უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება ტაქსების ლიცენზირებას, ჩხარტიშვილის თქმით, ამ სფეროს მონოპოლიზაცია ყოვლად მიუღებელია და ეს სოციალური აფეთქების ტოლფასი იქნება.

"მე ვფიქრობ, ტაქსების მომსახურების სფერო უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, ისე როგორც არის ახლა და არა მგონია, აქ რამე სახის ჩარევა იყოს საჭირო. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უნდოდეთ ამ სფეროს ხელში ჩაგდება და მონოპოლიზაცია, ისევე როგორც ეს მოხდა მიკროავტობუსების შემთხვევაში.

"ეს სრულიად მიუღებელია, რადგან ტაქსების მომსახურების სფეროში საქართველოს მაშტაბით დასაქმებულია უამრავი ადამიანი და ეს არის უკანასკნელი მიმართულება, სადაც ადამიანებს ინდივიდუალურად შეუძლიათ საარსებო წყარო მოიპოვონ. სრულიად დაუშვებელია ამ სფეროს მონოპოლიზაცია. ვფქრობ, ეს სოციალური აფეთქების ტოლფასიც იქნება.

"რაც შეეხება ტექნიკური დათვალიერების თემას, ეს არის მედალი, რომელსაც ორი მხარე აქვს და ორივე უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ, სოციალური და მეორეს მხრივ - ეკოლოგიური ასპექტები. როგორც ელოკოლოგი, რა თქმა უნდა მომხრე ვარ, რომ საქართველოში ტექდათვალიერება არსებობდეს, მაგრამ ხაზს ვუსვამ - არა სოციალურად დაუცველ ადამიანთა ხარჯზე.

"სოციალურად დაუცველში მე არ ვგულისხმობ ფორმალურ მხარეს, მე ვგულისხმობ მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელთაც შეიძლება ჰყავთ მანქნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ საარსებო მინიმუმი ყოველდღიურად გარანტირებულად აქვთ.

"ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, შეიმუშაოს ჯერ სტრატეგია ამ მიმართულებით, ესე ვთქვათ, პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, შემდეგ ამ დოკუმენტის ერთ-ერთ ძირითად დებულებად უნდა გადააქციოს ფინანსური რესურსის გამოყოფა და სწორედ ბიუჯეტის, ჩვენი გადახდილი გადასახადების ხარჯზე უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს.

"ის უნდა გახდეს თანამონაწილე იმისა, რომ ტექდათვალიერების ეტაპობრივი შემოღება გახდეს რეალური, თანაც ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს სოციალური აფეთქება და ადამიანების გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოს ტექდათვალიერების შემოღების ვალდებულება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაც აკისრია და ამისთვის განსაზღვრული ვადაც აქვს დაწესებული.

"ტექდათვალიერების პრაქტიკა მსოფლიოში საკმაოდ ფართოა, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ უპროცენტო, ან ძალიან დაბალ პროცენტიანი განვადების სისტემის შექმნა, ასევე ძველი ავტომანქანის გამოსყიდვის პროგრამა და ბევრი სხვა, რომელიც უნდა განხორციელდეს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით.

"წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერება საქართველოში არ იქნება რეალური, ვერცერთი ხელისუფლება ვერ წავა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. არც ის შეიძლება, რომ ეს განუსაზღვრელი ვადით გადაიწიოს და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ხელისუფლება ამას აკეთებს, რის გამოც ყოველწლიურად საქართველოში ათასობით ადამიანი იღუპება.

"ვგულისხმობ დაავადებებთან ერთად ავარიებს. ტექნიკური დათვალიერების არქონა არამხოლოდ ჰაერის დაბინძურების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების წყაროა, არამედ ის ავარიების საფრთხესაც ერთიორად ზრდის.

"მეორეს მხრივ, ხელისუფლება ტექნიკურ დათვალიერებაზე მხოლოდ საუბრობს, არც ფული ემეტება ამისთვის და არც საბოლოოდ უარის თქმა შეუძლიათ ამ მოთხოვნაზე, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირსაც აქვს ჩვენთან.

"ეს მოთხოვნა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაშიც არის გათვალისწინებული, სადაც უკანასკნელ ვადად 2018 წელია განსაზღვრული, თუ სწორად მახსოვს. მე ვფიქრობ, საჭირო და აუცილებელია სრულფასოვანი პროგრამის შემუშავება.

"ტექდათვალიერებამ უნდა იარსებოს, მაგრამ ის უნდა შემოიღონ ეტაპობრივად და არა მოქალაქეების შიმშილის, არამედ ბიუჯეტის სწორი გამოყენების ხარჯზე", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×