სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის კურსის დასტაბილურება, წამლებისა და პროდუქტების გაიაფება, დასაქმებულთა უფლებებზე ზრუნვა - საარჩევნოდ საზოგადოების მოლოდინი უცვლელია - მათი მოთხოვნები კვლავ სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება. თუმცა, ხალხში პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებისადმი სკეპტიკური განწყობაა.
სწორედ ამ განწყობის გამო პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ხალხის მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა გაუჭირდებათ. ამბობენ, რომ ელექტორატში გამეფებული იმედგაცრუება არჩევნების მსვლელობის პროცესზეც აისახება და შედეგებზეც.პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ხალხისათვის მტკივნეული ეკონომიკური პრობლემებია. პირველ რიგში კი, უმუშევრობა. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამას სწორედ ამ თემებზე დაპირებებით ააგებენ.
ხელისუფლება კი, ცინცაძის აზრით, შეეცდება ხალხი დაარწმუნოს, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა და ყველაფერი კარგადაა.
"ხელისუფლება ახლაც არწმუნებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგადაა და საქართველოში 100-ზე მეტი საწარმო აშენდა. დავიჯერო საქართველოს ტერიტორია იმხელაა, რომ თბილისში ვერ გავიგოთ რამდენი საწარმო გაიხსნა ხაშურში ან ზუგდიდში? ამიტომ, ეს საკითხები უკვე აღარავისთვისაა საინტერესო. სიმართლეს მაინც არავინ არ ამბობს. მერამდენედ უნდა ვიქცეთ მოტყუების ობიექტად.
"არ მგონია ხალხი კიდევ რამე სიკეთეს ელოდებოდეს. თუ ასეა, მაშინ აღარ ვიცი ჩვენს საზოგადოებაზე რაღა ვიფიქრო. თუ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა და ვერ გაიგო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების ფასი ნოლია, მაშინ შესაცოდიც აღარ ყოფილა," - ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ საზოგადოებაში სოციალური პრობლემების მოგვარების გარდა, ძლიერი ოპოზიციის შექმნაზეცაა დაკვეთა. ამისათვის კი, მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაა საჭირო.
"ისე არ უნდა იყოს, რომ 200 პარტია მივიღოთ 250 ლიდერით, როგორც დღესაა. დიდი ხანია ხალხი ითხოვს, რომ ისინი ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ, მაგრამ ამაოდ", - დასძენს სოსო ცინცაძე.
2016 წლის არჩევნებს "ქართული ოცნების" ტესტს უწოდებს პოლიტოლოგი, "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელი, ხათუნა ლაგაზიძე და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება მის გაყალბებას გადაწყვეტს, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მისი აზრით, ხმაურით ჩაივლის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია. ამ კუთხით, 2016 წლის არჩევნებს იგი "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ჩატარებული არჩევნებს ადარებს, როდესაც "ოპოზიცია იმდენად სუსტი იყო, რომ ხელისუფლებისთვის რეალური კონკურენციის გაწევა არ შეეძლო".
ლაგაზიძის აზრით, "ნაციონალების" მთავარი პრობლემა სწორედ სუსტი ოპოზიცია იყო, რომელიც ხელისუფლების კონტროლს ვერ ახერხებდა. მისი თქმით, დღესაც სწორედ ასეთი სიტუაციაა.
"თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემა საკუთარი თავია. მომავალ არჩევნებში ხელისუფლება კი არ მოიგებს, არამედ ოპოზიცია წააგებს. არჩევნებს მოიგებს ის, ვინც შეძლებს, საარჩევნო უბნებთან რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიყვანოს.
"აპათია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაძლიერდა, ამომრჩევლის პასიურობას უწყობს ხელს. რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, გაყალბების ალბათობა მით უფრო მაღალია ", - განაცხადა ლაგაზიძემ.
"რეზონანსი" შეეცადა საზოგადოების განწყობა 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინებისა და მოთხოვნების შესახებ რიგითი მოქალაქეებისგან შეეტყო. ბევრი ჩვენმა კითხვამ გააღიზიანა კიდეც და განაცხადა, რომ არჩევნებისგან არანაირ სიახლეს არ ელიან, რომ იმედი ბევრჯერ გაუცრუვდათ და დარწმუნებულები არიან, ახლაც ასე მოხდება.
ისინი კი, ვინც ჩვენთან გასაუბრებას დათანხმდა, მომავალ არჩევნებში გამარჯვებულებს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
რიმა ხორბალაძე: "რომ გითხრათ არჩევნებისგან რამე ახალს და კარგს ველით მეთქი, მოგატყუებთ. 56 წლის ვარ, უამრავი არჩევნები გამოვიარე და ვისწავლე, რომ პოლიტიკოსების დაპირებები სულ ტყუილია. ამიტომ, თუკი ჩემს ცხოვრებაში რამის შეცვლა მინდა, ამისათვის არჩევნებს აღარ ველოდები."
თენგო ლორთქიფანიძე (26 წლის, ბანკის თანამშრომელი): "პირადად ჩემი მოთხოვნა პოლიტიკოსებისადმი ისაა, რომ დასაქმებულების უფლებებზე მეტად იზრუნონ. თავის დროზე "ქართულ ოცნებას" ამასთან დაკავშირებით კარგი დაპირებები ჰქონდა და ხმაც მაგიტომ მივეცი, მაგრამ არაფერი შეცვალეს.
დამსაქმებლები დღესაც მონათმფლობელებივით იქცევიან. დასაქმებულს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ მათ ნებას უსიტყვოდ დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უმუშევარი დარჩება. იძულებულია აიტანოს არაადამიანური პირობები, შესასრულებელი სამუშაოს მატება მაშინ, როცა ანაზღაურებას არ უმატებენ და ა.შ.
აღარაფერს ვამბობ სტაჟიორებზე. ეს საკითხი ვინმემ უნდა მოაგვაროს. ამიტომ, პირადად მე, არჩევნებზე იმ პარტიას მივცემ ხმას, ვინც ამ პრობლემის მოგვარების მკაფიო გარანტიას მოგვცემს."
მერაბ სუთიძე (37 წლის, ინჟინერი): "ოჯახში ოთხი ზრდასრული წევრი ვართ და აქედან მხოლოდ მე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილების შექმნაა. თუმცა, ამის იმედი და მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. უმუშევრების პრობლემების მოგვარებაზე პირობას ყველა არჩევნების დროს დებენ, მაგრამ არაფერი იცვლება."
ლალი ქოიავა (51 წლის, პედაგოგი): "რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია. ლარის კურსის გამო ყველაფერი ძვირდება, ჩვენი შემოსავალი კი არ მატულობს. აი ესაა ის, რაზეც მთავრობა ენერგიას უნდა ხარჯავდეს. ამის ნაცვლად, ძირითადად ერთმანეთის ლანძვით და შიდა თუ გარე ინტრიგებით არიან დაკავებულები.
კარგი იქნება თუ წინასაარჩევნოდ მაინც გაითვალისწინებენ, რომ ჩვენ, უბრალო ხალხს მათი კინკლაობა, ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური განცხადებები არ გვაინტერესებს. ჩვენ ის გვინდა, რომ რეალური პრობლემები მოგვარებაზე ილაპარაკონ.
ეს თქვენ, ჟურნალისტებსაც გეხებათ. გადაცემებში მარტო იმაზე ლაპარაკობენ, რა უწოდა ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს და მეორემ რა უპასუხა, ვინ ვისთან შეკრავს კოალიციას და გამოვა თუ არა პრეზიდენტი სასახლიდან. ამ უაზრო თემების განხილვაში გაგყავთ დრო, ხალხი კი უყურადღებოდ ვრჩებით."
სოფო ფირცხელანი (33 წლის, დეკორატორი): "მე პირადად არჩევნებზე მისვლას აღარ ვაპირებ, რადგან მივხვდი, რომ არანაირი აზრი არ აქვს. 2012 წელს არჩევნებზე დიდი იმედით წავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილი დაპირებების ნახევარს მაინც შეასრულებდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ 2012-შიც ასე გაგვიცრუვდებოდა იმედები. ასე რომ, წელს ნამდვილად აღარ წავალ. აღარავინაა ისეთი, ვისაც ვენდობი. სხვათა შორის, ასეთი განწყობა ბევრს აქვს. დარწმუნებული ვარ არჩევნებზე ძალიან ცოტა ხალხი მივა."
გეგი ჯიოევი (41 წლის, დისტრიბუტორი): "ქვეყანაში სიღარიბეა, ლარი ისე გაუფასურდა, ხელფასი აღარაფერში მყოფნის, წამლები და პროდუქტი სულ უფრო და უფრო ძვირდება, ხალხი უმუშევარია. ამ ყველაფრის მოგვარებას ველი და ვითხოვ მთავრობისგან. იმედია, არჩევნებში გამარჯვებულები ცოტათი მაინც ეცდებიან მდგომარეობა შეგვიმსუბუქონ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ სავარძლიდან ხალხის გაჭირვება კარგად არ ჩანს."