ისტორიული ანტირეკორდი დაემხო, ხალხის აგრესია პიკზეა
მაკა ხარაზიშვილი
23.01.2016

 ეროვნულ ვალუტას რეზერვების გაყიდვამ არ უშველა. ისტორიული ანტირეკორდი მოიხსნა, ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,4694 ლარია. ხალხში პანიკაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გარე შოკის ზემოქმედებით ლარის გაუფასურება მოსალოდნელი იყო, თუმცა ასეთი მკვეთრი ვარდნა ეროვნული ბანკისა და მთავრობის უუნარობის შედეგია. სებ-მა ასეთ რთულ ვითარებაში შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე მუშაობა, ხოლო მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა დღემდე არ გააჩნია.

1999 წლის 23 თებერვალს ლარი დოლართან მიმართებაში 2,4510 ლარამდე გაუფასურდა. რამდენიმე დღის განმავლობაში, კურსი მკვეთრი მერყეობით ხასიათდებოდა, ერთი ხანობა 2,12-ზეც კი ჩამოვიდა, თუმცა 6 აპრილის ისევ გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია - 2,45 ლარი. მაშინაც პარასკევი იყო, ორშაბთიდან კი ლარის კურსის გამყარება დაიწყო და იგი ორ თვეში 2-ის ნიშნულს ჩამოსცდა. მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე იყო. ლარის კურსის წარმატებით მართვისთვის, იგი დღემდე ეროვნული ბანკის საუკეთესო პრეზიდენტად რჩება.

იმ პერიოდისგან განსხვავებით ახლა მდომარეობა უფრო რთულია, ვინაიდან საგარეო ფაქტორების ზეწოლა გაცილებით დიდია. თუმცა, ეკონომისტების ერთი ნაწილის განცხადებით, არც ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმით, ვინაიდან მისი ქმედებები მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და რეზერვების ხარჯვით შემოიფარგლება. გიორგი ქადაგიძე ერთ თვეში თანამდებობას დატოვებს და იგი საფინანსო ისტორიაში შევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლის დროსაც ლარის დევალვაციის ანტირეკორდი მოიხსნა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარდა, აბსოლუტურად გაუგებარია მთავრობის გეგმა სავალუტო კრიზისის თავიდან ასაშორებლად. უკვე ორი წელია გვესმის, რომ ვალუტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა განვითარდეს რეალური სექტორი, შემოვიდეს ინვესტიციები, დაიწყოს აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა. ახლანდელის მსგავსად, შარშან წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრი (მაშინ ეკონომიკის მინისტრი) გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს ბიზნესმენების შეხვდა - მათი პრობლემები მოისმინა, მხარდაჭერასაც დაპირდა. იმ პერიოდში მინისტრისგან გავიგეთ, რომ სწრაფი პრივატიზაციის პოლიტიკას იწყებდა და საზოგადოებას ობიექტების გრძელი ნუსხაც წარუდგინა. სხვათა შორის იმ ობიექტებიდან მხოლოდ რამდენიმე გაიყიდა, ზოგი გაჩუქდა, ზოგი კი დღემდე მყიდველს ელოდება. სიტუაციის მართვისთვის სხვა მნიშვნელოვანი 2015 წელს არაფერი გაკეთებულა.

წელს საკმაოდ შთამბეჭდავი დაპირებებით კვირიკაშვილი ბიზნესმენებს ისევ შეხვდა. ამჯერადაც ბევრი ილაპარაკეს, საბოლოოდ "კრება ერთობ მხიარული დარჩა". ამასობაში, ლარის დევალვაციის გაჩერება რეზერვებიდან 20-20 მილიონი დოლარის გაყიდვითაც კი ვერ ხერხდება. პოლიტიკურ თამაშს მორგებული გიორგი ქადაგიძის მიმართ უნდობლობის გამო, ფინანსური ბაზრის გასაკონტროლებლად, "ქართულმა ოცნებამ" საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შექმნა და ისიც კი ცხვირწინ გაუუქმეს.

ამჯერად საქართველოში არ მოიპოვება არც ერთი ეკონომისტი, რომელსაც ლარის მომავალთან დაკავშირებით არგუმენტირებულ ანალიზზე გათვლილი ხედვა ექნება. პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ჟურნალისტებს ტერმინოლოგიას უწუნებს და ამბობს, რომ ლარი კი არ გაუფასურდა, გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. არადა, საქართველოში კრედიტების 65% უცხოურ ვალუტაშია გაცემული, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სესხი დოლარში აქვს, რომელიც ძალიან გაუძვირდა. შესაბამისად, ის, რომ წლის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდა არ ნიშნავს იმას, რომ ლარი არ გაუფასურდა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებას საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობა უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საქართველოს მთავრობის უმოქმედობაა.

თვალჭრელიძე ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა ქართული ვალუტისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის. მეორე მიზეზი - "საშინაოა", დღემდე უცნობია თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. "ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ფრთხილობს და არსებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს იმისთვის, რომ ლარი გააძლიეროს", - აღნიშნავს თვალჭრელიძე და მესამე მიზეზად ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მთავრობის პასიურობას ასახელებს.

თვალჭერილის აზრით, მექანიზმები, რომლითაც ლარის კურსის დასტაბილურება შესაძლებელია, მარტივია. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად, შეწყობილად ყოველდღიურად უნდა გააკონტროლონ ფარდობა მიმოქცევაში არსებულ უცხოურ და ეროვნულ ვალუტას შორის.

"უნდა გაკეთდეს ის სქემა, რაც რაც თავის დროზე, 1998 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ, გააკეთა ირაკლი მანაგაძემ და ლარის კურსი შეინარჩუნა. ხისტი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენი ეკონომიკა ასეთ ქმედებას ძალიან კარგად გაუძლებს, ხოლო მოსახლეობისთვის ეს იქნება შვება განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც დოლარში სესხი აქვს აღებული", - განაცხადა თვალჭრელიძემ.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. მისი თქმით, რომ არა ეროვნული ბანკისა და მთავრობის კონტრზომები, ლარის გაუფასურების მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად საქართველოს მთავარ საგარეო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება, მცირდება მათი ეკონომიკა. ეს ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც და სხვა წყაროებზეც აისახება, საიდანაც ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება.

მისი აზრით, რომ ამ სიტუაციაში რეზერვის დახარჯვას აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება. "ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული ლარის გადაჭარბებული მიწოდებით ან არასწორი ფისკალური პოლიტიკით. ამდენად რეზერვის დახარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება", - მიიჩნევს ცომაია.

თვალჭრელიძის აზრით კი, აბსოლუტურად არასწორია იმის ციტირება, რომ აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა. "პრეზიდენტმა ალიევმა სპეციალურად გააუფასურა მანათი იმისთვის, რომ რუსეთთან სავაჭრო ბალანსი დადებითი ჰქონდეს", - აღნიშნა ექსპერტმა.

ეკონომისტების მოსაზრებით, საქართველოს მდგომარეობის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარება, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ნიშნავს, ვინაიდან ამ ქვეყნების წინაშე აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემები დგას. თუკი ქვეყანაში ექსპორტი შემცირდა, ფულად მაჩვენებელში უფრო მეტად არის იმპორტი შემცირებული და გარკვეულწილად ეს პროცესი დაბალანსებულია.

სანამ მთავრობა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით არიან დაკავებულნი, ხალხი პანიკაშია. მათ უკვე აღარავის იმედი აღარ აქვთ და ყველას მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. არადა, 8 თვეში საქართველოში არჩევნებია და ლარის კურსი ამომრჩეველთა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×