ოქიტაშვილი: "კონკრეტულ ცვლილებამდე საუბარი, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება"
სალომე სარიშვილი
23.01.2016

 სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედიასა და ექსპერტულ წრეებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტში სიახლეები არ არის, კულუარებში რამდენიმე უწყების ხელმძღვანელის ცვლილებაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ.

"რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრის პოზიციაზე კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის კანდიდატურა განიხილება. თავად ოქიტაშვილი აცხადებს, რომ ამგვარი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ თემაზე საუბარი მისი მხრიდან არასწორი იქნება.

ინფორმაციას ამ თემაზე არ ფლობენ არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ამბობენ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შესაძლო ცვლილებაზე უმრავლესობის ფორმატში საუბარი ან მსჯელობა არ ყოფილა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პრემიერის დანიშვნის შემდგომ, სამთავრობო გუნდში რამდენიმე მინისტრის ცვლილებება იგეგმებოდა. მათ შორის საუბარი იყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეზე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სამთავრობო გუნდში გარკვეულ ცვლილებებზე ყურადღება რამდენჯერმე გაამახვილა და თქვა, რომ სამომავლოდ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. თუმცა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე უწყებაში მხოლოდ მინისტრის მოადგილეები შეიცვალნენ, მთავრობის შემადგენლობაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა.

"პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან საშუალება მექნება ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება," - განაცხადა პარლამენტში მისი გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შესაძლო ცვლილებას, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძესთან უმრავლესობა რამდენიმე დღეში სამუშაო შეხვედრას გეგმავს, ამიტომ მის შეცვლაზე საუბარი ან მსჯელობა, მათი თქმით, არ ყოფილა.

თავად ოქიტაშვილი კი "რეზონანსთან" საუბრისას ამ თემის წამოწევას მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას უკავშირებს და ამბობს, რომ მასთან ამ წინადადებით არავინ მისულა.

მისივე თქმით, ამჟამად კულტურის პალატაში მშვიდად მუშაობს, თუმცა, ამ წინადადების მიღების შემთხვევაში არ იცის, რას გადაწყვეტს.

"ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან უშუალო კონსულტაცია არავისთან მქონია. პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს და უთქვამს, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა განიხილება. სხვა რა გითხრათ, რაც თვითონაც არ ვიცი.

"რამდენადაც მახსოვს, ეს თემა წამოიწია მას შემდეგ, რაც სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი დაიწყო. პრემიერის გადადგომას სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი მოჰყვა და ჩემი ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით გავრცელდა. სავარაუდოდ, მედიაში ამ თემაზე ყურადღება მას შემდეგ გამახვილდა.

"ამჟამად კულტურის პალატის ხელმძღვანელად ვმუშაობ, მაქვს ძალიან ბევრი საქმე და ვარ სრულიად მშვიდად. არ მინდა ვიმკითხაო და ისე ვილაპარაკო, რადგან არ მგონია, რომ კონკრეტული ცვლილებების მიღებამდე საუბარი ჩემი მხრიდან სწორი იყოს.

ვინც უნდა იყოს და გახდეს მომავალში კულტურის მინისტრი, ჯერ ამ თანამდებობაზე კონკრეტული ადამიანი მუშაობს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

"შემოთავაზების შემთხვევაში ვერ გეტყვით, რას გადავწყვეტ, ესეც მომავლის საკითხია და ნუ ავჩქარდებით," - გვითხრა დავით ოქიტაშვილი.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამბობს, რომ კულტურის მინისტრის ცვლილებაზე საუბარი პარლამენტში არ ყოფილა.

"პარლამენტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს დავით ოქიტაშვილის კანდიდატურის შესახებ ნამდვილად არაფერი მომისმენია. სიმართლე გითხრათ, ეს ინფორმაცია პირველად თქვენგან გავიგე, რადგან აქამდე მოსაზრების დონეზეც კი არსად გაჟღერებულა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კიღურაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით კი, ამჟამინდელ მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან რამდენიმე დღეში უმრავლესობა სამუშაო შეხვედრას გეგმავს. დეპუტატი ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში კულტურის მინისტრის შესაძლო ცვლილებაზე საუბარი არ შემდგარა. უფრო მეტიც, უმრავლესობას თვის ბოლოსთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან სამუშაო შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, ამიტომ სხვას ამ ეტაპზე ვერაფერ გეტყვით," - განუცხადა "რეზონანსს" ჩაფიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×