ირაკლი სესიაშვილი: "ვიცი, ჩემი ნათქვამი საზოგადოებაში ბევრ კითხვას და ეჭვს გააჩენს"
ლიკა ამირაშვილი
23.01.2016

 წელს საქართველოში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი, რომელშიც ამერიკული სამხედრო ტექნიკა, კონკრეტულად კი "აბრამსის" ტიპის ტანკები იქნება გამოყენებული. წვრთნების დასრულების შემდეგ კი, შესაძლოა ეს ტანკები საქართველოში დარჩეს.

"აბრამსის" წარმოება აშშ-ში 1978 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ის ამერიკის ძირითად საბრძოლო ტექნიკას წარმოადგენს. ულტრათანამედროვე ტანკის მოდერნიზაცია პერიოდულად ხორციელდება.

"რეზონანსი" ამერიკული საბრძოლო მანქანის "აბრამსის" გამოჩენასთან და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩასატარებელ წვრთნებთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

ირაკლი სესიაშვილი: როგორც მე ვიცი, წვრთნები 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩატარდება. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ამერიკული საბრძოლო მანქანის საქართველოში ჩამოყვანის ფაქტი არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში ჩვენ ნატო საქართველოს საწვრთნელი ცენტრი შარშან გავხსენით, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს გაწვრთნის და მოამზადებს, ამასთანავე ამ საწვრთნელი ცენტრის ფარგლებში 2016 წლის ერთობლივი წვრთნები ჩატარდება.

საქართველოში ასეთი მასშტაბის წვრთნა პირველად ტარდება, ისეთი მაღალი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით როგორიცაა ამერიკული "აბრამსი".

 "რეზონანსი": რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკული საბრძოლო მანქანის ჩამოყვანის ფაქტი?

ი.ს.: ეს არის, ერთი მხრივ, პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება, მეორე მხრივ პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენი სამხედროებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე. სამხედროები წვრთნების მიმდინარეობისას ამერიკულ და ნატოს სტანდარტის ტექნიკას დაეუფლებიან. დარწმუნებული ვარ, რომ წვრთნები წარმატებით ჩატარდება.

"რ": რა არის განსაკუთრებული ფაქტორი ამ წვრთნაში?

ი.ს.: ჩვენ ნატოსთან ერთად ყოველწლიურად რამდენიმე დაგეგმილ წვრთნას ვატარებთ. ამ წვრთნაში განსაკუთრებული ფაქტორი არის ის, რომ წელს დაგეგმილი წვრთნა ნატო-საქართელოს საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე (ვაზიანის სამხედრო ბაზა) ტარდება.

"რ": რამდენი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს წვრთნაში მონაწილეობას და რამდენი საბრძოლო მანქანა ჩამოდის საქართველოში?

ი.ს.: მე ინფორმაცია ყველა აღნიშნულ საკითხზე მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ამ ეტაპზე რაღაც დეტალებზე ვისაუბრო. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. პროექტი ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია და მას შემდეგ, რაც დეტალებზე შევთანხმდებით, მედიას ამის შესახებ ეცნობება და არ იქნება დაფარული.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტექნიკა განკუთვნილი იქნება სამხედრო ტრენინგებისთვის და ერთობლივი სასწავლო წვრთნის ჩასატარებლად.

"რ": "აბრამსის" საბრძოლო მანქანა, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე იქნება, დარჩება თუ არა ქვეყნის არმიის საკუთრებაში?

ი.ს.: მოდით, ამ კითხვას საერთოდ ნუ დავსვამთ. ეს ჩემი თხოვნა იქნება. ხანდახან არსებობს საკითხები, რაზეც ხმამაღლა საუბარი საჭირო არ არის. ამ საკითხზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ამაზე საუბარი არ ღირს, მაინც ვერ გიპასუხებთ. თუმცა ვიცი, ჩემი ნათქვამი საზოგადოებაში ბევრ კითხვას და ეჭვს გააჩენს.

"რ": ცნობილია, რომ სამხედრო ტექნიკის გარდა მთავარი მოკავშირისგან ოფიციალური თბილისი სხვა დახმარებასაც იღებს...

ი.ს.: ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×