ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ კვლავ ვნებათაღელვაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არხის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა მაკა ასათიანმა და მისმა მეუღლე კოტე გოგელიამ, შესაძლოა, ტელევიზიაზე მართვის ბერკეტები დაკარგონ და ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, ანუ უცნობი გახდეს. თავად გაჩეჩილაძე ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებს.
გაურკვევლობაში არიან თავად არხის თანამშრომლებიც, რომლებიც თათბირის ჩატარებას და ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.
"არ ვიცი რა ხდება, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. ამის გამო ჯერ დეკემბრის თვის ხელფასსაც არ გვაძლევენ. ხმები დადის, რომ თითქოს ხელმძღვანელობა ხელფასების დარიგებას არც კი აპირებს, თუმცა, ზოგიერთი მეწილე ამას არ ადასტურებს და გვაიმედებს. სრულ გაურკვევლობაში ვართ, არაფერს არ გვეუბნებიან. იმედია ჩაატარებენ თათბირს და რამეს გვეტყვიან", - გვითხრა არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რამდენიმე საინფორმაციო საიტმა გაავრცელა ცნობა, რომ ტელევიზიაში წილების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, რის შედეგადაც ტელევიზიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მაკა ასათიანი და მისი მეუღლე კოტე გოგელია, არხზე მართვის ბერკეტებს დაკარგავენ.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯერჯერობით გოგელია-ასათიანი არხის აქციათა მხოლოდ 45%-ს განკარგავენ დანარჩენი 55% კი გიორგი გაჩეჩილაძეს, მამუკა ღლონტს, ლევან ჩიკვაიძეს, გიორგი ებრალიძეს და ეკა აკობიას ეკუთვნის.
ინფორმაციის თანახმად, საჯარო რეესტრში ცვლილება ჯერ-ჯერობით ოფიციალურად გაფორმებული არ არის. თუმცა, ძალთა ბალანსი იცვლება და გოგელია არხის საკონტროლო პაკეტს კარგავს, რასაც შესაძლოა "მაესტროს" მენეჯმენტში და სარედაქცია პოლიტიკაში ცვილილება მოჰყვეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, 55%-ის განმკარგავი გიორგი გაჩეჩილაძე, "უცნობი" ხდება, რომლის პარტნიორიც ამ გარიგებაში პატარკაციშვილების ქონების და აქტივების მმართველი ირაკლი რუხაძეა. რუხაძე პატარკაციშვილების კომპანია "ჰანეველ ენდ პარტნერს"-ის ხელმღვანელია. კომპანია ინა გუდავაძის და პატარკაციშვილების საკუთრებაა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "მთელი კვირა" პატარკაციშვილებთან დაკავშირებას შაბათს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
არხის 25%-იანი წილის მფლობელ გია გაჩეჩილაძის თქმით კი, არხზე ჯერ სხვა პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, იგი ჯერ "მაესტროს" გაკოტრების წინააღმდეგ იბრძვის და თუ რამე ახალი იქნება, ყველაფერს გასაჯაროებს.
"55%-ზე ჯერ ლაპარაკი არ არის, საჯარო რეესტრში მსგავსი არაფერი წერია. თუ იქნება - გაიგებთ, თუ არ იქნება და არ იქნება. ჯერ მიდის აბსოლუტურად სხვა პროცესი - "მაესტროს" გაკონტრების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ვარ ჩართული.
"როგორც კი რეესტრში გამოჩნდება, თქვენც ნახავთ. მეტი რა გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა "მაესტროს გაკოტრების წინააღმდეგ ბრძოლაში ვარ ჩართული.
"ტელევიზიაში შიგნით რა ხდება, არ ვიცი. "მაესტროში" 4 წელია არ მივსულვარ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ასე იქნება თუ ისე, მაინც ყველაფერი იქნება კარგად და არავის უფლება არ შეიზღუდება", - უთხრა "მთელ კვირას" უცნობმა.
ტელევიზიის 15%-იანი წილის მფლობელი, არხის დამფუძნებელი მამუკა ღლონტი უკვე დიდი ხანია, რაც ამ პროცესებს ჩამოშორდა შესაბამისად, აცხადებს, რომ არ იცის რა ხდება "მაესტროს" გარშემო. თუმცა ამბობს, რომ იგი წილის გაყიდვას არ აპირებს.
"ჩემზე ახლა ფორმალურად 15%-ია გაფორმებული, რომლის გაყიდვასაც არ ვაპირებ. შიგნით რა ხდება, დიდი ხანია აღარ მაინტერესებს. ეს რომ მდომოდა, რაც დღეს ხდება, არც წავიდოდი. იმიტომ წავედი, რომ ეს არ მინდა. ძალიან ბევრი ვიომე და აღარ მინდა ომი, მშვიდობა მინდა", - განუცხადა "მთელ კვირას" ღლონტმა.
კოტე გოგელია და მაკა ასათიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ტელევიზიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" კი შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს:
"წლების განმავლობაში ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებს სისტემატურად ჰქონდათ შემოთავაზება წილის გასხვისების თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი გარიგება არ შემდგარა. დღეის მონაცემებით მე, როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დამფუძნებელი გეგმავს წილის გაყიდვას.
"დამფუძნებლებს შორის არსებული წილების ბალანსი დღემდე იყო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია, რისი საუკეთესო ილუსტრაციაც არის "მაესტროს" ფუნქციონირება ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამ ბალანსის ნებისმიერი დარღვევა ტელევიზიის თანამშრომლების მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი უმთავრესი ღირებულების - დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე და ჩაითვლება ტელეკომპანიის საქმიანობის გაკონტროლების მცდელობად. ასეთ შემთხვევაში, ტელეკომპანია, ჟურნალისტები და პირადად მე გავაკეთებთ ყველაფერს "მაესტროს" დამოუკიდებლობის დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს ამის დიდი გამოცდილება აქვს", - წერს გადაბაძე
აღნიშნული განცხადება გააცნო გადაბაძემ თავად არხის ჟურნალისტებსაც, რის გამოც ისინიც გაურკვევლობაში არიან.
"მართლა არ ვიცი რა ხდება. არხის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა ის, რაც "ფეიბსუქშიც" დაწერა", - განუცხადა "მთელ კვირას" "მაესტროს" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მიმართა და ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა. მაშინ გადაბაძემ განმარტა, რომ შპს "მაესტროს" დაუგროვდა დავალიანება, რომელსაც ტელევიზია ვერ იხდის და სწორედ ამის გამო მიმართავს სასამართლოს კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადოს.