გარდაბანში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარსაა დაგეგმილი, სადაც ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატები უპირისპირდებიან. "ქართულ ოცნებას" გოჩა ჯამარაული წარადგენს, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, გარდაბნელთა პრობლემებს კარგად იცნობს და ამომრჩეველმა მხარი ამიტომ უნდა დაუჭიროს.
გოჩა ჯამარაული: გარდაბანში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა კოალიციიდან მივიღე. იმის გამო, რომ გარდაბანს კარგად ვიცნობ, ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე დავთანხმდი. გარდაბანში დავიბადე და 15 წლამდე იქ ვცხოვრობდი, აქედან გამომდინარე, დავთანხმდი.
"მთელი კვირა": "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს თუ შეხვედრიხართ?
გ.ჯ.: ჩემს კონკურენტს არ ვიცნობ. მხოლოდ შორიდან ვიცი, ვინც არის. პირადი შეხვედრა არ მქონია.
"მ.კ.": როგორ შეაფასებდით თქვენს შანსებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დამარცხდა.
გ.ჯ.: ჩემი შანსი ისაა, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს და მე - "ქართულ ოცნებას". გარდაბნელების გულშემატკივარი ვარ და სუფთა წარსული მაქვს. როდესაც გარდაბანზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში მთელ რაიონს ვგულისხმობ.
რაც შეეხება 2012 წლის არჩევნებს, როგორც ვიცი, მაშინ რაღაც დოზით გაყალბები იყო და ბატონი მამუკა (არეშიძე) ამიტომაც დამარცხდა.
პირველ რიგში იმიტომ უნდა ამირჩიონ, რომ მათი გულშემატკივარი ვარ. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ეს ჩემი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ოდესღაც საიდანმე ხომ უნდა დამეწყო და ეს ნაბიჯიც გადავდგი. გამოცდილებასაც ნელ-ნელა მივიღებ.
"მ.კ.": რაიონის პრობლემს რამდენად იცნობთ და გამარჯვების შემთხვევაში რის გაკეთებას აპირებთ?
გ.ჯ.: რაიონში ელემენტარული პრობლემებიც კი უკვე დიდი ხანია არსებობს. ზოგიერთ სოფელში წყალი და განათება არ არის. ამის გარდა, ნაგვის გატანისა და სანიაღვრე სისტემების პრობლემებია. მაგალითად, სოფელ გამარჯვებაში სასაფლაო შემოღობილი არ არის და ა.შ.
თვითონ გარდაბნის რაიონი ძალიან დიდია, ბიუჯეტი კი პატარა, რომელიც 12 მილიონს შეადგენს, სადაც სუბსიდიაც შედის. მოტივირებული ვარ, რომ მთავრობას ყოველდღე შევახსენო და ვუთხრა, რომ გარდაბანში ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც მიხედვა სჭირდებათ. ამის გარდა, სკოლები, ბაღები და სკვერებია გასაკეთებელი, თუმცა, აქამდე ჯერ ვერ მივედით. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. იმისათვის, რომ ამ ხალხს ელემენტარული გავუკეთოთ, თანხებია საჭირო. რასაც ბიუჯეტი ეყოფა, გავაკეთებთ, დანარჩენს უკვე მოვიძიებთ.
"მ.კ.": გამარჯვების შემთხვევაში საკადრო ცვლილებას თუ განახორციელებთ?
გ.ჯ.: საკადრო ცვლილებები იქნება, რადგან გვერდით პროფესიონალი და ერთგული ხალხი მჭირდება. ჩემი გუნდი მჭირდება. გადავხედავ და ცვლილებები შესაძლოა, განვახორციელო.