"ჩემს ცხოვრებას მე ორ ნაწილად ვყოფ - ერთადერთი საცხოვრებელი ბინის იპოთეკაში ჩადებამდე და მას მერე. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი განცდაა, როცა იცი, რომ მალე ქუჩაში დარჩები. ასე მგონია, საკუთარ ჭერზე ტკბილი არაფერია და ამას ახლა ვაცნობიერებ, როცა ვკარგავ," - ეს ბატონი თემურის სიტყვებია, რომელსაც მუხიანში მდებარე ოროთახიანი ბინა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იპოთეკით აქვს დატვირთული.
ამ ნაბიჯის გადადგმა მეუღლის ავადმყოფობამ აიძულა. დაგროვილ ვალებს რომ ვეღარ აუდიოდა, ბინა დააგირავა. მოგვიანებით ვალები ისევ დაგროვდა, ამიტომ სესხი გაზარდა. თუმცა მეუღლეს ვერ უშველა. ახლა 15 ათას დოლარიანი ვალის გამო მას ერთადერთი ბინის დაკარგვა ემუქრება.
"სანამ ჩემი ცოლი ცოცხალი იყო, ბინაზე და ვალზე საფიქრალად არ მეცალა. ყოველთვიურად პროცენტებს ვიხდიდი. როცა გარდაიცვალა და პროცენტების გადასახდელი თანხაც გამომელია, მერეღა გავაცნობიერე, რომ ქუჩაში ვრჩებოდი.
"კრედიტორები ვალის დაფარვას ითხოვენ, მე კი არ ვიცი, საიდან მოვიტანო 15 ათასი დოლარი მათ გასასტუმრებლად. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ რაკი ვერც ვალს ვიხდი და ვეღარც პროცენტებს, ჩემი ბინის გაყიდვა მოუწევთ. ორი შვილი მყავს, ორივე გათხოვილია. თავიანთი ოჯახები და პრობლემები აქვთ და მათ ვერ ჩავუსახლდები. ანუ, წასასვლელი არსად მაქვს," - ყვება ბატონი თემური.
ბატონ თემურსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა 29 დეკემბრამდე რომ გასვლოდა, იგი ახლა ბინიდან უკვე გამოსახლებული იქნებოდა, რადგან მანამდე კრედიტორს უფლება ჰქონდა, პოლიციის ჩარევით დაეტოვებინებინა მესაკუთრისათვის უძრავი ქონება და გასესხებული თანხა უკან ამ გზით დაებრუნებინა.
2015 წლის 29 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონთა პაკეტს, რომლის მეშვეობითაც საპოლიციო წესით გამოსახლება გაუქმდა.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტთან ერთად, პოლიციის მიერ, სასამართლოს გვერდის ავლით, უძრავი ქონებიდან გამოსახლების საშუალებას იძლეოდა. აღნიშნული მუხლი, 2006 წელს შემოიღეს, როცა იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო.
29 დეკემბრიდან კი, იმისათვის, რომ კრედიტორმა უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხი უკან დაიბრუნოს, სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და აღსრულების ეროვნული ბიურო უძრავ ქონებას აუქციონზე ნახევარ ფასად გაიტანს. დაინტერესებული პირი მას შეიძენს, საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე გადაიფორმებს და აღმასრულებელი უკვე ყოფილ მესაკუთრეს ბინიდან გამოასახლებს.
როგორც წესი, აუქციონზე გატანილ ბინებს ისევ კრედიტორები ყიდულობენ და თავიანთ ვალს ამ გზით იბრუნებენ.
როგორც იურისტი ზურაბ ვანიშვილი განმარტავს, გამოტანილი განაჩენის აღსრულების შეჩერება იურიდიულად შეუძლებელია. შესაძლოა, გარკვეული გარემოებების გამო პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ ადრე თუ გვიან განაჩენი მაინც აღსრულდება.
იგი ახალ კანონს სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ 2006 წელს მიღებული მუხლი სამართლიანი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ნამდვილად არ იყო.
"სასამართლოს გარეშე გამოსახლების უფლება "ნაციონალებმა" პოლიციას მისცეს. ეს მათ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ როცა რომელიმე შენობის დანგრევა ან გასხვისება მოუნდებოდათ, ეს სწრაფად გაეკეთებინათ და ხალხი პოლიციის მეშვეობით ოპერატიულად გამოეყვანათ.
"რეალურად კი არ შეიძლება პოლიციის დასადგენი იყოს, პირი ბინაში კანონიერად იმყოფება თუ არა. არ შეიძლება სასამართლოს ფუნქცია შეითავსოს ადამიანმა, რომელიც ქუჩაში მოძრაობის წესებს არეგულირებს. კანონიერების დადგენა და მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
"ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების აღრევა ხშირად ხდებოდა. ასე რომ, 2006 წელს ეს წესი რომ შემოიღეს, ამით საქართველოს წინ არაფრით არ წაუწევია. უბრალოდ, მათ საქმე გაუადვილდათ.
"ასეთი კანონები ბევრია და ამ მთავრობას მათი სისტემატური გაუქმება არ დაუწყია. ასე რომ, როგორც იურისტი და ადვოკატი, ამ წესის გაუქმებას მივესალმები," - აღნიშნავს ვანიშვილი.
მისივე თქმით, ახლა პოლიციას პირის გამოსახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი იგი ბინაში უკანონოდაა შეჭრილი. ანუ, მაგალითად, თუკი ადამიანი სხვის ბინაში შეიჭრება, მეპატრონე პოლიციას გამოიძახებს და მას დაუყონებლივ გამოასახლებენ. ეს, იურისტის განმარტებით, სისხლის სამართლის 160-ე მუხლის დანაშაულია და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თემა აქტუალური და ბევრისთვის მტკივნეული რომაა, ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ბინაა ჩადებული იპოთეკაში ამ დროისთვის, თუმცა, თემის მასშტაბურობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" კვლევაც მეტყველებს, რომლითაც ირკვევა, რომ 2014 წელს იძულებით, აუქციონის წესით 1 721 ბინა გაიყიდა. ანუ, მხოლოდ ამ ერთ წელიწადში ბინა თითქმის 2 ათასმა ოჯახმა დაკარგა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის ეს მაჩვენებელი სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე მცირეა.
ჩვენს შემდეგ რესპონდენტს, ქალბატონ მანანასაც იგივე პრობლემა აქვს - გლდანში მდებარე ერთადერთი ბინა კერძო იპოთეკართან 20 ათას დოლარად აქვს დაგირავებული. ოჯახი კრედიტორს ყოველთვიურ პროცენტს, 800 დოლარის ოდენობით, 2 წლის განმავლობაში სისტემატურად უხდიდა. თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა ამას ვეღარ ახერხებს და ამიტომ კრედიტორი ბინის დატოვებას სთხოვს.
ბინაში ქალბატონი მანანა მეუღლესთან, რძალთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან და სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.
"როცა გავიგეთ იძულებით გამოსახლება უქმდებაო, გაგვიხარდა. გვეგონა, რომ ზოგადად ასეთი რამ აღარ მოხდებოდა. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა და კრედიტორს ჩვენი გამოსახლება ისევ შეუძლია. ახლა არ ვიცით რა გველის წინ - მოგვიწევს ბინის დატოვება თუ არა და რა პროცესები უნდა გავიაროთ ამისთვის.
"ისიც მაინტერესებს, ახალი კანონის მიხედვით გაგვიწევენ თუ არა შეღავათს იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველები ვართ და პატარა ბავშვები გვყავს", - ამბობს ქალბატონი მანანა.
იურისტ გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლო სავრაუდოდ მას ბინის გასაყიდად გარკვეულ ვადას მისცემს. თუ ამ ვადაში ვერ ჩაეტევიან, ვადის გასვლის შემდგომ საქმე სააღსრულებო ბიუროს გადაეცემა და ქალბატონი მანანას ოჯახი ვალდებული იქნება ბინა დაცალოს მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინის ღირებულება ვალის ოდენობას ბევრად აღემატება.
"სხვანაირად შეუძლებელია, გამსესხებელსაც ხომ აქვს უფლებები. რეალურად, ერთადერთი რაც შეიცვალა ისაა, რომ სასამართლოს ჩართვის გამო პროცესი დროში იწელება, მეტი არაფერი.
"მევალე პოლიციით რომ არ დაადგება, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვეღარავინ გამოასახლებს. უბრალოდ, მას ახლა ამისთვის სააღსრულებო ფურცელი სჭირდება. სააღსრულებო ფურცელს კი მანამდე ვერ მიიღებს, სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, პროცესი დროში იწელება და ბინის მესაკუთრეს მეტი საშუალება ეძლევა პრობლემა მოაგვაროს - ბინა გაყიდოს, ან დასაბრუნებელი ფული სხვა გზით იშოვოს. არავის უთქვამს, რომ ახალი კანონით ეს ბინა მას დარჩება," - ამბობს ნიკოლაიშვილი.
რაც შეეხება ვადებს, კანონით განსაზღვრულია, რომ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ განაჩენი 2 თვეში უნდა გამოიტანოს. თუმცა, იურისტების თქმით, იმის გამო, რომ სასამართლოები გადავსებულია და მოსამართლეები საქმეს ვერ აუდიან, პროცესი უფრო მეტხანსაც იწელება - 6 თვიდან ერთ წლამდე. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში კი, ყველა ინსტანციის გავლას 2 წელი მაინც სჭირდება.
ნიკოლაიშვილის თქმით, სასამართლო ოჯახის მდგომარეობას, მცირეწლოვანი ბავშვების ყოლას და სხვა ასეთ პირობებს დროის მიცემის თვალსაზრისით გაითვალისწინებს - შეიძლება ოჯახს პრობლემის მოსაგვარებლად რამოდენიმე თვე ან ერთი წელიც კი მისცეს.
"თუმცა, საბოლოო ჯამში მას ვალის დაბრუნება მაინც მოუწევს," - დასძენს იგი.
ჩვენს რესპონდენტებსა და მათი მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს კვალიფიციური ადვოკატის აყვანას ურჩევს ზურაბ ვანიშვილი და ამბობს, რომ თუ იგი თავისი საქმის პროფესიონალია, შესაძლოა სხვა გამოსავალიც კი მონახოს. მაგალითად, კრედიტორთან მორიგებას მიაღწიოს და საქმე სასამართლომდე არც მივიდეს.
"ხშირია შემთხვევები, როდესაც კრედიტორებს იქით უპოვნიან დარღვევებს და საქმე პირიქით, მათ წინააღმდეგ აიღძვრება. ასე რომ, მხოლოდ მოსამართლის იმედზე არ უნდა იყვნენ. სასამართლოში იმარჯვებს არა ის, ვინც მართალია, არამედ ის ვინც საკუთარ პოზიციებს უკეთ დაიცავს. შესაძლოა ეს დაუჯერებლად ჟღერდეს მაგრამ ასეა. სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპი მოქმედებს," - ამბობს ვანიშვილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღსრულების ბიუროს უძრავი ქონება აუქციონზე ნახევარ ფასად გააქვს. ამიტომ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ნახევარ ფასად გატანილი ბინა აღებულ სესხს მთლიანად ვერ ფარავს. მაგალითად, თუ ბინა 40 000 დოლარი ღირს და 25 000 დოლარადაა დაგირავებული, აუქციონზე ნახევარ ფასად - 20 000 დოლარად გაიყიდება. ანუ, ვალი სრულად ვერ იფარება და კრედიტორს 5 000 დოლარი კვლავ "ამოსაღები" რჩება.
ასეთ შემთხვევაში, იურისტების თქმით, მას უფლება ეძლევა დარჩენილი თანხა სხვა გზებით დაიბრუნოს - დაუყადაღოს სხვა ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონება.
"თუმცა, ამ ბოლო დროს, უზენაესი სასამართლოს პოზიცია შეიცვალა. იგი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის შემთხვევაში მთლიანი ვალი უქმედება. ანუ, კრედიტორმა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს, სანამ 20 ათასი დოლარის ღირებულების ბინის უზრუნველყოფით 40 ათას დოლარს გაასესხებს. მან უნდა განსაზღვროს, რომ ამ ბინით თავის ვალს ვერ დაიბრუნებს," - ამბობს ზურაბ ვანიშვილი.