თუმცა მაინც არ ჰყოფნით და აფხაზეთში ყოველდღიური გრაფიკი დაწესდა
მაკა ხარაზიშვილი
26.01.2016

 მაშინ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი თბოსადგურებისთვის გაზის საშოვნელად "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს მართავს, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად სეპარატისტებს მიაქვთ, თანაც უფასოდ. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ "ენგურის" დენით სტავროპოლის მხარეც მარაგდება. საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, "ენრგურჰესი" დოტაციაზე ჰყავდეს და ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდოს.

აფხაზეთში კი "მუქთა" ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად მზარდია, რომ სეპარატისტულმა მთავრობამ გრაფიკის დაწესება გადაწყვიტა. თუკი აფხაზები მოინდომებენ, საქართველოს ელექტროსისტემიდან კიდევ უფრო მეტ ენერგიას წაიღებენ, ჩვენი მთავრობა კი მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად უძლურია.

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს. ეს გადაწყვეტილებამ "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ მიიღო. აფხაზეთის რეგიონული მედიის ინფორმაციით, ყოველდღიურად, 15 აპრილამდე ელექტროენერგია 4 საათით გაითიშება. ბასარიას განცხადებით, შარშან დასავლეთ საქართველოში გვალვის გამო ენგურის წყალსაცავის დონემ 17 მეტრით იკლო, რამაც "ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხე" შექმნა.

სეპარატისტებს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვთ, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან იმპორტი სჭირდება. "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში დაადასტურა, რომ ზამთრის პერიოდში ვარდნლისა და ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის 90-100% მთლიანად აფხაზეთს მიაქვს.

"ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-90%-მდე, ხანდახან 100%-იც აფხაზეთს მიაქვს. სამწუხაროდ, არავითარი ბერკეტი არ გვაქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგია ზამთარშიც არსებული სქემით განაწილდეს", - ამბობს ლევან მებონია.

ელექტროენერგიის 2015 წლის ბალანსის მიხედვით, ნოემბერში ენგურისა და ვარდგილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 193 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 178 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. დეკემბერში კი აღნიშნულმა ორმა ელექტროსადგურმა 248 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, საიდანაც აფხაზეთმა 232 მლნ კვტ/სთ წაიღო.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბერში საქართველოს ენერგოსისტემამ რუსეთიდან 83 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, ხოლო დეკემბერში იმპორტი 123 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ასევე მზარდია, თბოსადგურების მიერ გენერირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის მოცულობაც - დეკემბრის მიხედვით 329 მლნ კვტ/სთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოთხოვნა შარშან, 2014 წელთან შედარებით, 291 მლნ კვტ/სთ-ით - 11,291 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა და ეს ტენდენცია აღმავალია. შესაბამისად, იაფიანი ენგურის ელექტროენერგიის მთლიანად ერთ რეგიონში (აფხაზეთში) გადამისამართება ტარიფის კიდევ უფრო მომატების წინაპირობას ქმნის.

თუკი აფხაზეთი გრაფიკზე უარს იტყვის, მაშინ საქართველოს ენერგოსისტემა, მექანიკურად, აფხაზეთის რეგიონს იმ მოცულობის ელექტროენერგიას მიაწვდის რამდენზედაც მოთხოვნა იქნება - საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი გამოიმუშავებენ.

"იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის მოხმარება გადააჭარბებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობას, არსებული ენერგოინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, რომ აფხაზეთს მიეწოდოს სისტემიდან დამატებით ელექტროენერგია. ამ ეტაპზე არსებული შეთანხმებით, აფხაზეთს მიეწოდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის წლიური გამომუშავების დააახლოებით 40%", - აღნიშნეს ენერგეტიკის სამინსტროში.

ეს ნიშნავს, რომ ისედაც გაჭირვებული საქართველოს ენერგოსისტემა 232 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას დაკარგავს. დაკარგავს იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზები ენგურის ელექტროენერგიაში არაფერს იხდიან.

აფხაზეთში არ არის გაზი და მოსახლეობა, "მუქთა" ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება.

"აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას, უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებენ თუკი ქართულმა მხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე.

რაც შეეხება კვოტებს, "ბიზნეს-რეზონანსი" უკვე წერდა, რომ 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს.

საყურადღებოა ისიც, რომ ვარდნიჰესების კასკადებიდან, რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220 მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანი სადგურები ამორტიზირებული და შლამით დაფარულია. 90-იან წლებში ელექტროსადგურებთან მისასვლელი გზები აფხაზებმა თუ რუსებმა დანაღმეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისას (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×