არჩევნებისთვის სპეცუბნების გაუქმება და სამუშაო ჯგუფის შექმნა
თაკო მათეშვილი
26.01.2016

 ნაყოფიერი და იმედის მომცემი - ასე აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ გუშინდელ შეხვედრას, რომელიც მათი წელიწადნახევრიანი მოთხოვნის შემდეგ შედგა.

შეხვედრის მთავარ შედეგად კი ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სპეცუბნების გაუქმებასა და სამუშაო ჯგუფის შექმნის დაანონსებას ასახელებენ, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად იმუშავებს და ინიციატივებს პარლამენტში წარადგენს.მთავარ საკითხზე-მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ეს თემა წამოჭრა.

პრემიერთან თანამშრომლობით ამ ეტაპზე კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ დასაწყისი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ, პოზიტიური იყო.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი და მზადყოფნა მას შემდეგ გამოთქვა, რაც პრემიერმა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან შეხვედრების დაწყება დააანონსა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფში 13 პარტიაა გაერთიანებული: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფლება", "თავისუფალი საქართველო", "რეფორმატორები", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის", "ევროპელი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "პატრიოტთა ალიანსი", "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", "ტრადიციონალისტთა კავშირი" და "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".

შეხვედრის თემა იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნაკლოვანებები კანონმდებლობაში - როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში და ამ ნაკლოვანებების შეცვლის აუცილებლობა. თუმცა, პრემიერმა შეხვედრის მთავარ მიზნად საუბრისა და თანამშრომლობის დაწყება მიიჩნია.

"მოხარული ვარ შეხვედრით. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში გაცილებით უფრო მაღალი იყოს. გვინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია, ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და არამხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და მართლაც სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება არ გავითვალისწინოთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე და დასძინა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი საქართველოს ტერიტორიაზე სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება. პარლამენტი კი მას კენჭს, სავარაუდოდ, თებერვალში უყრის.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც იმას გულისხმობს, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებზე უკვე არცერთ სამინისტროს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს, აღარ ექნება უფლება, სპეცუბნები თავისი შეხედულებისამებრ შექმნას.

"უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იყო და ეს ჩასმულია ამ პაკეტში, რომ სამხედრო ბატალიონებში თუ სხვა ნაწილებში სპეცუბნები საერთოდ არ შეიქმნას", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

წულიკიანისავე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ მათთან შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ინტერპარტიულ ჯგუფს და მთავრობას საშუალებას მისცემს, მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში იყვნენ, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

საწყისი ეტაპისათვის შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც და თანამშრომლობის გაღრმავების მოლოდინს გამოთქვამენ.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, მიუხედავად მათი წელიწადნახევრიანი მცდელობისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან - პარლამენტთან ან მთავრობასთან რამე დიალოგის, დისკუსიის ფორმატი ჰქონოდათ, ეს აქამდე ვერ ხერხდებოდა, რადგან მათ შეთავაზებას არავინ თანმხდებოდა.

ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ კი ეს სურვილი კვლავ გამოთქვეს და კვირიკაშვილი შეხვედრას დათანხმდა. ამბობს, რომ ეს კარგია, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით ყველაფერი მიღწეულია.

"მე ვიტყოდი, რომ ამით უბრალოდ ყველაფერი დაიწყო. ჩვენი მხრიდან განწყობა თავიდანვე საკმაოდ პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის მხრიდანაც ანალოგიური დავინახეთ", - ამბობს კაციტაძე.

მისივე თქმით, მათი მთავარი თემა შეხვედრისას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო. ასევე, სხვა ტიპის ცვლილებები, რომელთა განსახილველად და განსახორციელებლადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის ფორმატია საჭირო. რაც შეეხება სპეცუბნების გაუქმებას, ეს საკითხი, კაციტაძის თქმით, პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თავად წამოწიეს.

"მათ კანონპროექტი უკვე აქვთ და 2016 წლის არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება. ეს საკითხი ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა არ იყო, მაგრამ ზოგადად პრობლემურია. ამიტომ, ჩვენც ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან მცირე პოზიტიურ გზავნილად მივიღეთ.

"რაც შეეხება 2016 წლის არჩევნებისათვის უმნიშვნელოვანეს საითხებზე დიალოგის ფორმატის შექმნას, პრემიერმა შეხვედრის ბოლოს თქვა, რომ ეს ფორმატი უახლოეს მომავალში მასთან შეიქმნება. აქვე დასძინა, რომ იგი მაქსიმალურად შეეცდება, ეს ფორმატი ნაყოფიერი იყოს და ამასაც შიდა კოალიციური განხილვა დასჭირდება.

"ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ფორმატი არაუგვიანეს ერთ თვეში უნდა ამუშავდეს, რათა პარლამენტში შეთანხმებების იმპლემენტაცია მოესწროს და 2016 წლის არჩევნებისათვის გარემო გაუმჯობესდეს. ვნახოთ, რა გამოდნება", - აცხადებს მამუკა კაციტაძე. დაახლოებით იგივე განწყობა აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც და ამბობენ, რომ მათი აზრით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონსენსუსი შედგება.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრიდან იგი პოზიტიური განწყობით გამოვიდა.

"არ იყო ეს შეხვედრა შეხვედრისთვის, იყო სერიოზული საუბრები და სერიოზული განწყობა - პრემიერის მხრიდან თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გუნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×