ია აბულაშვილი
27.01.2016

 მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, ამჟამინდელი წევრებიდან რომელი სუბიექტი შემორჩება კოალიციას და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი შევა მომავალ პარლამენტში, "რეზონანსი" ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

"რეზონანსი": არჩევნებამდე საკმაო დროა, თუმცა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ირგვლივ, ცოტა არ იყოს, ნაადრევად წარმოქმნილმა ვნებათაღელვამ გააჩინა ეჭვი, რომ პარტიაში გარკვეული ცვლილებები მწიფდება. დასახელდნენ ახალი სიის შესაძლო კანდიდატებიც. როგორ ფიქრობთ, სიის განახლებით "ქართული ოცნება" ამომრჩევლის შეცვლილ მოთხოვნებს პასუხობს? და, საკმარისი იქნება თუ არა ახალი სახეეები იმისათვის, რომ "ოცნებამ" არჩევნები დამაჯერებლად მოიგოს?

ზაალ ანჯაფარიძე: საარჩევნო სიების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი დიდწილად საზოგადოებასთან "ქართული ოცნების" ზოგიერთი ხელმძღვანელის არასწორმა კომუნიკაციამ განაპირობა.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ტელეინტერვიუში ზოგადად განაცხადა საარჩევნო სიის გადახალისების აუცილებლობაზე, როგორც ჩანს, პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ საკითხი დაკონკრეტებას საჭიროებდა. არადა პოლიტტექნოლოგიური კუთხით ამის აუცილებლობა, ჩემი აზრით, არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მოკლედ, ამ არასწორი კომუნიკაციით პარტიას გარკვეული რეპუტაციული ზარალი მიადგა.

საარჩევნო სიის განახლების საჭიროება "ქართულ ოცნებაში" ნამდვილად არის. ჩემამდე მოსული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" ცდილობენ შექმნან ისეთი საარჩევნო სია, რომელიც მოეწონებათ ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით! თუმცა მათ ვურჩევდი, რომ ახალი სახეების შერჩევისას მარტო არჩევნებზე კი არ იფიქრონ, არამედ იმაზეც, რომ თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ ეს ახალი სახეები, როდესაც პარლამენტში შევლენ.

როგორც იტყვიან, ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. ჰარვარდის ან პრინსტონის დიპლომი ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტი, რომ მათი მფლობელები "ქართულ ოცნებას" გამოადგებიან გუნდის წევრებად, თუკი ღირებულებითი და მსოფლმხედველური შეუთავსებლობა აღმოაჩნდათ. "ახალი სახეები" ჩვენი საზოგადოებისათვის უნდა იყვნენ მისაღები და გარკვეული ელექტორალური რესურსიც გააჩნდეთ. სხვაგვარად მათი ფასი არჩევნებისას დიდი არ იქნება.

შეიძლება ამ ოთხი წლის მანძილზე ელექტორატის რაღაც ნაწილი უფრო მომთხოვნი და ფრთხილი გახდა, მაგრამ უმრავლესობის გემოვნება, ვფიქრობ, იგივე დარჩა. მხარს დაუჭერენ მას, ვისშიც ძალას დაინახავენ და ვისგანაც მეტის მოლოდინი ექნებათ. ასე რომ, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს იმაზე მეტი უნდა შესთავაზოს, ვიდრე "ახალი სახეები". რაც მთავარია, მან უნდა დაარწმუნოს ხალხი იმაში, რომ ამჯერად დაპირებები ბოლომდე შესრულდება.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, რამდენად დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის განახლებაში, როდესაც ის ფორმალურად წასულია პოლიტიკიდან და, წესით, ამ პროცესში აქტიურად არ უნდა მონაწილეობდეს, ექსპერტები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" რებრედინგიც ვერ უშველის და არსებითი ცვლილებების გარეშე მას მომავალი არ გააჩნია. სჭირდება თუ არა პარტიას რებრენდინგი?

ზ.ა: კლასიკური რებრენდინგი იმას გულისხმობს, რომ პარტიამ მოახდინოს სახელწოდების, ლოგოს, სლოგანის და სხვა ვიზუალური კომპონენტების ცვლილება, ასევე პოლიტიკურ არენაზე მისი პოზიციონირების შეცვლა.

ჩემი აზრით, არჩევნებამდე რვა თვით ადრე "ქართული ოცნების" რებრენდინგი პოლიტტექნოლოგიის კუთხით წინააღმდეგნაჩვენები იქნებოდა. "ქართული ოცნება", როგორც პარტია, ჩამოყალიბდა და განვითარდა ისე, რომ მისი ბრენდიც და მთავარი საყრდენიც იყო და არის ბიძინა ივანიშვილი მისი სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალით.

ივანიშვილმა, რომელიც კარგად გრძნობს მის მიერვე დაფუძნებული პარტიის მაჯისცემას, შემთხვევით არ განაცხადა, რომ აპირებს აქტიურად დაუდგეს გვერდით პარტიას არჩევნების დროს. შესაბამისად, ის იქნება "ქართული ოცნების" ლოკომოტივი არჩევნებზე. ვფიქრობ, სწორედ მისი ინიციატივაა საარჩევნო სიის განახლებაც, რომ ამით მაინც მოახდინონ ცვლილებები პარტიაში, სადაც ბოლო დროს ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა შეიქმნა.

ვერც ერთი კანონი ვერ აუკრძალავს ივანიშვილს, როგორც "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, საკუთარი აზრი გამოთქვას საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, რაც მავანთ არაფორმალურ მმართველობად მიაჩნიათ. თავად "ქართულ ოცნებაში", როგორც ჩანს, ბოლო დრომდე ნაკლებად ფიქრობდნენ არსებით ცვლილებებზე, იმდენად არ სურდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

თუმცა ივანიშვილის ბრენდმა შეიძლება ამ არჩევნებზე ისეთი ძალით ვეღარ იმუშაოს, როგორც 2012 წელს. ამიტომაც სჭირდება პარტიას ორგანიზაციული სტრუქტურების გაძლიერება, ახალი და ხალხისათვის მისაღები ლიდერების წინ წამოწევა, ახალი პროგრამისა და საზოგადოებისათვის ახალი გზავნილების შემუშავება და, რაც მთავარია, ქვეყანის ეკონომიკაში ნეგატიური პროცესების შეჩერება.

"რ": თუმცა მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებით აცხადებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს სახელისუფლებო კანდიდატი მოიგებს. რას უნდა ემყარებოდეს ასეთი მაღალი ოპტიმიზმი?

ზ.ა: ბოლო დროს ბატონი ბერძენიშვილი, ცოტა არ იყოს, უცნაურ განცხადებებს აკეთებს. სავარაუდოდ, მისი ოპტიმიზმი პირად განცდებს ემყარება ან ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსის ძალას. თუ ბატონი ლევანი თვლის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში სახელისუფლებო კანდიდატები არჩევნებს ისე მოიგებენ, როგორც ეს საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს მოხდა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ღრმად ცდება.

"რ": პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ყველაფერი გააკეთოს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა სახიფათო პოლარიზაციის გამო შეშფოთებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკმაოდ გააქტიურდნენ და მათი კონსოლიდაცია ხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნის ირგვლივ. ოპოზიცია, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. მათი მხრიდან კეთდება საკმაოდ მწვავე განცხადებები ხელისუფლების დემონტაჟზე, გამოითქვა პროგნოზი შესაძლო შეიარაღებულ დაპირისპირებაზეც კი. მოკლედ, სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იძაბება. მოელით, რომ ოპოზიცია გაერთიანდება და ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით შეუტევს?

ზ.ა: სიტუაცია დაძაბულია, და ის შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, თუკი ვერ მოხერხდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა. აქ მხოლოდ პარტიებზე არაა საუბარი, სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილიც არის ჩართული ამ პროცესში. მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ისეთი გაერთიანება მოახერხოს, რომ მმართველი კოალიცია მათ წინაშე მარტო დატოვოს. ოპოზიცის რიგებში არიან პარტიები, რომლებიც, არ მგონია, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ და დადგნენ იმ პარტიების გვერდით, რომლებთანაც პოლიტიკური და პიროვნული შეუთავსებლობა აქვთ.

თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ასე ვთქვათ, სიტუაციური მოკავშირე გახდეს და არათანაბარი საარჩევნო გარემოს, ან არჩევნების გაყალბების მოტივით საპროტესტო ტალღა ააგოროს, მერე კი ნაცადი მეთოდებით "ფერადოვანი რევოლუციის" მოწყობა სცადოს. დღეს კი ირწმუნებიან, რომ მხოლოდ არჩევნების გზით მოვალთ ხელისუფლებაში და არეულობა არ გვინდაო, მაგრამ პირადად ჩემთვის მათი ეს დაპირებები ბევრს არაფერს ნიშნავს.

"რ": საკმაოდ აქტიურობს კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და მისი ახლად შექმნილი პარტია, ასევე პაატა ბურჭულაძის ფონდი, რომლის პარტიად გარდაქმნას პროგნოზირებენ, შესაძლოა, რომ სხვა ახალი სახეებიც ჩაერთონ საარჩევნო მარათონში და მათი გამოჩენა გააჯანსაღებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას?

ზ.ა: პოლიტიკაში ახალი სისხლის გადასხმა, ერთი მხრივ, თითქოს კარგია, რადგანაც პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ჯანსაღია ეს ახალი სისხლი?! დაავადებული ახალი სისხლის გადასხმა კი ნებისმიერ სფეროში სახიფათოა და შეიძლება სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. პოლიტიკის ისტორიას, მათ შორის ჩვენთანაც, ამის არაერთი მაგალითი ახსოვს.

"რ" ბევრი საუბრობს, რომ ეს არჩევნები იქნება პრო-დასავლური და პრორუსული ორიენტაციების პარტიათა ჭიდილი და სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება პოლიტიკურად საკმაოდ ჭრელი პარლამენტი მივიღოთ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ზ.ა: ჩემი აზრით, ქვეყანაში პროდასავლური განწყობის გარკვეული შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ პრორუსული განწყობა იმდენად გაიზარდა, რომ რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს ისეთი სერიოზული დასაყრდენი გაუჩნდეთ საზოგადოებაში, რომ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და ორიენტაციაზე რამდენადმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ. ამაზე ხელოვნურ აჟიოტაჟს ის პარტიები და ლიდერები აგორებენ, რომლებსაც სურთ, ეს თემა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

თუ რამდენი პოლიტიკური სუბიექტი შევა პარლამენტში, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ არჩევნებამდე რამდენად შეინარჩუნებენ ფორმას ის პარტიები, რომლებსაც სოციოლოგიური გამოკითხვებით ხელეწიფებათ საარჩევნო ბარიერის დაძლევა. ამ ეტაპზე ასეთი 4-5 პარტია იკვეთება. შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს კიდეც, თუკი პოლიტიკურ არენაზე ახალი ძლიერი მოთამაშე შემოვიდა.

აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ მოხდება ელექტორატის დანაწევრება და "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ვერ მიიღოს ის ელექტორალური პაკეტი, რაც ცნობილი მიზეზ-გარემოებების გამო მას ერგო 2012 წელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×