რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრამდე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ჯერ ის უნდა გაირკვეს, თუ რას ელის ამ შეხვედრისგან რუსეთი და რა იმალება რეალურად მისი შეთავაზებების მიღმა. მისი თქმით, თუკი პუტინს ქართულ მხარესთან შეხვედრა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დასავლეთი დაარწმუნოს, თითქოს ორ ქვეყანას შორის ჰარმონიული ურთიერთობაა, მაშინ შეთავაზებას არ უნდა დავთანხმდეთ.
მოგეხსენებათ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოზე ვრცლად ისაუბრა და განცხადა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მომხრეა.
მან ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნაც გამოთქვა და ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება შეახსენა, რომლის თანახმადაც, ის საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას საყვარელიძე უთანასწოროდ მიიჩნევს და ამბობს, რომ უფრო ლოგიკური იქნება, თუკი პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება. თუმცა მიიჩნევს, რომ შეხვედრამდე საქართველომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა რუსეთი მზად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. წინააღდეგ შემთხვევაში, საყვარელიძის აზრით, ვიზიტს აზრი არ აქვს.
რამაზ საყვარელიძე: ამ შემოთავაზებებზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი ადეკვატურია თუ არა, ეს მაშინ გაირკვევა, როცა გვეცოდინება, თუ როგორია რუსული მხარის გეგმები, რა შინაარსს დებენ ამ შეხვედრებში და რა შინაარსს ჩადებს მასში ქართული მხარე. ეს საჯარო განცხადებებით ვერ გაირკვევა. ეს იმ არაოფიციალური არხებით უნდა გაირკვეს, რომელიც ამ ორ მხარეს ერთმანეთთან საურთიერთოდ, ალბათ, აქვს.
რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივები შემთხვევითობა არაა. თუკი მათ უკან ის დგას, რომ რუსეთს უნდა თავისი "ტოლერანტობა" უცხოეთს დაანახოს და დაარწმუნოს, რომ საქართველოსთან გაუგებრობა არ აქვს, მაშინ ამის ხელშეწყობა საქართველოს ინტერესში ნამდვილად არ შედის.
"რეზონანსი": ლავროვმა ისიც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ისევ მზადაა ქართველ კოლეგას შეხვდეს. რამდენად საჭიროა, თქვენი აზრით, ეს შეხვედრა?
რ.ს: პრეზიდენტების შეხვედრა ცოტა უთანასწორო იქნება. ორივეს პრეზიდენტი კი ჰქვია, მაგრამ პუტინი რუსეთში ყველაფერს განაგებს, მარგველაშვილი კი - არაფერს. ასე რომ, მოლაპარაკებისას რაიმე გადაწყეტილება რომც მიიღონ, რუსული მხარის სიტყვებს აბსოლუტურად სხვა წონა ექნება და ქართული მხარისას - სხვა. მოლაპარაკება მაშინაა შედეგიანი, როცა თანაბარი დონის ფიგურათა შეხვედრაა. პუტინი და მარგველაშვილი კი თანაბარი დონის ფიგურები არ არიან.
"რ": ანუ, ფიქრობთ, რომ პუტინთან შესახვედრად პრემიერი კვირიკაშვილი უნდა წავიდეს?
რ.ს: დიახ. ის ფიგურა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უნარი აქვს.
"რ": ამგვარი შეთავაზებები, სხვადასხვა დონის თანამდებობის პირების შეხვედრასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, ადრეც გაკეთდა, თუმცა ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე ფეხს ითრევს?
რ.ს: ნამდვილად ფეხს ითრევს. ამას იმ მიზეზით აკეთებენ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე - საქართველომ არ იცის, თუ რას სთავაზობს რუსეთი. ეს შეთავაზება არც ღიად ჩანს და, როგორც ჩანს, არც ფარულად. თუკი რუსეთს ეს შეხვედრა მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ ფოტომასალაში გამოჩნდეს და განაცხადონ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მოაგვარეს, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აწყობს.
"რ": როგორ უნდა გაიგოს ქართულმა მხარემ თუ რა დგას რეალურად ამ შეთავაზებების უკან?
რ.ს: ჩვენი ინტერესი დამალული არაა, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება გვინდა. რა თქმა უნდა, თავიდანვე, რუსეთი პრობლემების მოგვარების ოქროს გასაღებს საქართველოს არ შესთავაზებს, მაგრამ რაღაც ნაბიჯები თუ არ გადმოიდგა, მაშინ შეხვედრას რა აზრი აქვს? გამოვა, რომ ამ შეხვედრით მხოლოდ ერთი მხარე მოიგებს. მეორე მხარე კი გამოყენებული აღმოჩნდება და გამოყენება არავის სიამოვნებს.
"რ": ანუ, მოლაპარაკების წინაპირობად ქართულმა მხარემ ის უნდა წამოაყენოს, რომ გაყინული კონფლიქტების საკითხში რუსეთი გარკვეულ დათმობებზე წავიდეს?
რ.ს: დიახ, აუცილებლად. აქ მხოლოდ მანდარინისა და ღვინის ექსპორტის საკითხებზე დათმობა არ იქნება საკმარისი. ეს ამ რანგის პოლიტიკოსების შეხვედრის თემა არაა. სახელმწიფოს მეთაურების დონეზე თუ შედგება შეხვედრა, რა თქმა უნდა, ამას ურთიერთობაში სერიოზული პოლიტიკური ძვრა უნდა მოჰყვეს. საქართველო რომ აღარ იგინება და აღარ იფურთხება, იმას არ ნიშნავს, რომ იგი რუსეთის პოლიტიკით კმაყოფილია.
"რ": სავარაუდოდ, რუსეთშიც გაცნობიერებული ექნებათ, რომ საქართველოდან პირველი პირი პუტინთან შეხვედრაზე მხოლოდ მანდარინის გატანაზე სასაუბროდ არ წავა და რომ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი აუცილებლად წამოიწევს წინ. მიუხედავად ამისა, შეხვედრას სისტემატურად გვთავაზობენ. ეს ყველაფერი ხომ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ამ კუთხით გარკვეულ დათმობებზე წასასვლელადაც მზად არიან?
რ.ს: ასეთი საპროგნოზო სიტუაცია არ იქმნება ხოლმე. პირველი პირების შეხვედრა, თავად ფაქტიც კი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. თუ რუსეთს უნდა, რომ ამგვარი პოლიტიკური მოვლენის თანაავტორი საქართველოც გახდეს, მაშინ მისი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს.
ამ თემაზე წინასწარ, შეხვედრამდე უნდა იყოს საუბარი. ზოგადად ასე ხდება - შეხვედრების წინ წარმომადგენლები ოფიციალურად ან არაოფიციალურად არკვევენ, თუ რაზე იქნება საუბარი, რას შესთავაზებს ერთი ხმარე მეორეს და მეორე რას უპასუხებს და ა.შ. ანუ, თუკი რუსულ-ქართული შეხვედრა შედგება, მცირე პროგრამა მათი მხრიდან ჩვენც წარმოგვედგინება და ჩვენი მხრიდან - მათაც. ამის მერე გადაწყვეტენ მხარეები, აწყობთ თუ არა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ამ ეტაპისათვის რუსეთის მიერ წარმოდგენლი ნუსხა იმ საკითხებისა, რომელზეც მას საუბარი სურს, საქართველოსთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
"რ": ლავროვმა პანკისზეც ისაუბრა და თქვა, რომ იქ ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. მისი თქმით, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში "ისლამური სახელწმიფოს" მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ამ საბაბით რუსეთი პანკისში "პრობლემის მოგვარებას" შეეცდება?
რ.ს: გამორიცხული არაფერია. პანკისური თემის წამოწევა უკვე იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აგრესიული ჩანაფიქრი აქვს. როცა აბზაცის დასაწყისში ლავროვი ამბობს, რომ ჩვენთან ურთიერთობის გაუმჯობესება უნდა, ხოლო ბოლოში პანკისთან დაკავშირებით საჯაროდ თითს იქნევს, ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პანკისის თემა ხელოვნურად, რუსეთის აგრესიული რიტორიკისთვისაა შექმნილი.
დავუშვათ, ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს. ამის მოგვარება შეხვედრებზეც შეიძლებოდა ისე, რომ მსოფლიოს სალაპარაკო არ გამხდარიყო. თუკი რუსეთს მსოფლიოს მედიის ალაპარაკება უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საქართველოს დადანაშაულება სურს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ალიანსში. ცდილობს, მტრობა ჩამოაგდოს საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოს" უპირისპირდებიან. ამ ვერაგულ ჩანაფიქრს მოკეთის სურვილსა და მეგობრულ ჟესტს, ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
"რ": ორი დღის წინ საქართველოს პრემიერი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს, გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. გუშინ კი კვირიკაშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციები იმყოფებოდნენ. პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ პროცესებში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესია. ფიქრობთ, რომ იგი იმ ხალხის "შემორიგებას" ცდილობს, ვისთანაც ღარიბაშვილს არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა?
რ.ს: ფაქტია, რომ პრემიერი ცდილობს თავისი სტილი შექმნას ყველა იმ სუბიექტთან, რომელთანაც ურთიერთობა ექნება. მან თავიდანვე განაცხადა, რომ არავის მიმართ აგრესიული არ იქნებოდა. პიროვნულადაც ასეთია - მაქსიმალურად ცდილობს, ვინმეს არ დაუპირისპირდეს. იგი ცდილობს ყველა მხარესთან დიალოგისა და პარტიორობის ფორმა გამოძებნოს და არა კონფრონტაციის. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი.
"რ": შესაბამისად, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან პრეზიდენტსა და მთავრობას შორისაც უფრო ჰარმონიული ურთიერთობა იქნება?
რ.ს: ვნახოთ, ამის თქმა ჯერ-ჯერობით მიჭირს. ეს ურთიერთობა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული - პრემიერისა და რეზიდენტის, პრემიერისა და არასამთავრობოების, პრემიერისა და მედიის ურთიერთობაზე. ამ ურთიერთობაში პრემიერის გარემოცვისა და პარტნიორების გავლენაც იქნება. ასე რომ, ამის გამოჩენას დრო სჭირდება.