თიკო ოსმანოვა
28.01.2016

 "არჩევნებზე "ქართული ოცნება" 50%-ზე მეტს ნამდვილად აიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ხელისუფლების რეიტინგი 60%-ს ძალიან მალე ასცდება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობაზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.

ზურაბ ბიგვავა: კვირიკაშვილის მოსვლით "ქართულ ოცნებას" ახალი შანსი გაუჩნდა, რომელიც მის რეიტინგზე დადებითად აუცილებლად აისახება. მითუმეტეს, თუ იგი სიის პირველი ნომერი იქნება.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ჩანაწერების გავრცელების სახით გამოჩნდა და თან "გირჩი" გამოეყო. ეს ყველაფერი მათ რეიტინგზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება. თუმცა სიტუაცია სახარბიელო არც მანამდე ჰქონდათ.

ვერც იმას გეტყვით, რომ ახალი პარტიები თუ გამოჩდა, მათ რაიმე შანსი ექნებათ.

წავიკითხე, რომელიღაცა პარტიამ წევრების მიღებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა. დღევანდელ დღეს რომ ახალი პარტიის შექმნას დაიწყებ, რაც უნდა სწორი ლოზუნგი გქონდეს, ვფიქრობ, წარმატებას ვერ მიაღწევ.

"რეზონანსი": "თავისუფალ დემოკრატებსა" და "პატრიოტთა ალიანსს" რა შანსი აქვთ საპარლამენტო არჩევნებზე?

ზ.ბ: "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი სიახლე არ ჩანს. რამდენია მათი რეიტინგი, არ ვიცი. ასეთი კვლევის მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ენ-დი-აის მონაცემებით, თითქოს მესამე ადგილზე არიან. მე ამას ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. როცა ჩავატარებ კვლევას, მერე გამოჩნდება.

რაც შეეხება ირმა ინაშვილს, საგარეჯოს არჩევნებზე ზოგადი კონტურები თითქოს გამოჩნდა, თუმცა ეს ზუსტ სურათს ვერ გვაძლევს, რადგან იქ მხოლოდ ორი პარტიის ჭიდილი იყო და სხვაობა მაინცდამაინც არ იყო. რამდენიმე სპეციფიკურ მომენტის გამო. თვისობრივად არაადეკვატური საარჩევნო სიტუაცია იყო. თამარ ხიდაშელი "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი უფრო იყო, ვიდრე კოალიციის, ამიტომ იქ ცოტა სხვანაირი გადანაცვლება მოხდა. ასე რომ, ინაშვილის რეიტინგი ზოგად ეროვნულ არჩევნებზე სათუოა.

"რ": არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ "ნაციონალები" დაწინაურდნენ?

ზ.ბ: რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" შანსი არ აქვს. 10%-ის ფარგლებში იყვნენ და მე მგონი, ახალი გარემოებების გამო მათი რეიტინგი უფრო დაეცემა. შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემაც ჰქონდეთ.

"რ": ლარის გაუფასურების გამო ქვეყანაში დამძიმებულია სოციალური ფონი და ეს ყველაფერი არ აისახება "ოცნების" რეიტინგზე?

ზ.ბ: როგორც პროგნოზიერებენ, ლარი დაუბრუნდება თავის ნიშნულს, ასე რომ, არა მგონია, ეს უარყოფითად აისახოს "ოცნების" რეიტინგზე. ვფქრობ, დასტაბილურდება ვითარება.

სოციალური ფონი ნამდვილად დამძიმებულია, თუმცა მიზეზს გააჩნია. ამომრჩეველი აქცენტს გააკეთებს იმაზე, თუ ვინ არის ამის მომგვარებელი, რომელი პოლიტიკური ძალა. ადამიანები ზუსტად აფასებენ, რისი ბრალია და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ყველამ იცის, მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ რთული ვითარებაა და ბევრი მაჩვენებელია იმისა, რომ სოციალური ფონი ნებისმიერი მთავრობის დროს დამძიმდებოდა.

ჩვენი მოსახლეობა გახდა უფრო კვალიფიციური თავის შეფასებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ ხალხი შეხედავს ვითარებას, შეაფასებს და იმის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ქვეყნის არევა არავის არ აწყობს, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არ მოახდენს ისეთ გავლენას, როგორც ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ.

"რ": მას შემდეგ, რაც პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ, ელოდებით თუ არა რადიკალურ ცვლილებას?

ზ.ბ: ძალიან ბევრია დამოკიდებული წინასაარჩევნო კამპანიაზე. ახლა დაიწყება პოლიტიკური პროცესების ალარმიზაცია ანუ გამძაფრდება ყველაფერი. ამ პერიოდში ბევრი რამე გამოჩნდება, თუნდაც ის, თუ რა გააკეთა "ოცნებამ" ამ წლების განმავლობაში. კომპრომატები თუკი ვინმეს აქვს ჯიბეში შენახული, ამოიღებს და დადებს მაგიდაზე, ამიტომაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, არ ჩანს არაფერი, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას. ჩემი პროგნოზით, ხელისუფლების რეიტინგი გაიზრდება.

ახლა პროცენტების რაოდენობის განსაზღვრა არასერიოზულია, მაგრამ ("ოცნება") 50%-ზე მეტს ნამდვილად აიღებს. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ რამდენით მეტს, ეს უკვე სხვა საკითხია. ვფიქრობ, ხელისუფლების რეიტინგი 60%-ს ძალიან მალე ასცდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×