ანაკლის პორტის ასაშენებლად გამარჯვებული ინვესტორის გამოცხადება მეხუთედ გადაიდო. ეკონომიკის მინისტრის 12-დღიანმა ვადამ ისევ არ გაამართლა. სამინისტროში ჩინურ კომპანიებთან გამალებული "ვაჭრობა" მიმდინარეობს. როდის დასრულდება ეს პროცესი, სამინისტროში უკვე თარიღსაც ვეღარ ასახელებენ. არადა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც ეკონომიკის ზრდასა და ლარის კურსის გამყარებას შეუწყობდა ხელს, ამ პროექტის დაწყებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
15 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დაახლოებით 12 დღეში დაასახელებდა, ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელ კომპანიას. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პირობების შესათანხმებლად სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან "ვაჭრობდა".
"იმისათვის, რომ ინვესტორს შევუთანხმდე, პირველ რიგში, აკეთებ იმას, რომ გარკვეულ ნაწილზე უთანხმდები წინასწარ და რაღაც ნაწილზე მას შემდეგ, ანც მას შემდეგ რაც გამარჯვებულად გამოაცხადებ. ჩვენ ამ წუთში კარგი გაგებით ვვაჭრობთ, რა ნაწილზე შევთანხმდეთ დღეს და რა ნაწილი იქნება გამოცხადების შემდეგ შესათანხმებელი გამარჯვებულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ინვესტორი კომპანიის გამოსაცხადებლად მის კალენდარში 12 დღე იყო განსაზღვრული. აღნიშნული, 12-დღიანი ვადა 27 იანვარს ამოიწურა. საკითხი ისევ გადაიდო.
უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტში მისულმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითს ბოლო წინადადება რამდენიმე დღის წინ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, გამარჯვთებული უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადებულიყო.
"ჩვენ გქვონდა პირველი განხილვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომლებიც ამ პროექტში არიან ჩართულნი. იმედია, უახლოეს მომავალში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, თუ რა იქნება. დიდი სურვილია, რომ ამ პროექტის დაწყება მაქსიმალურად ჩქარა მოხდეს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ დროისთვის ვიცით, ის რომ ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინაა" დაინტერესებული. "ფაუერ ჩაინა" უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
"ფაუერ ჩაინას" საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა დუ ჩუნგუომ განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ბაზარს. გარდა ამისა, "ფაუერ ჩაინა" თანახმაა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს.
"ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტიორთან, შპს "ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან" და გვჯერა, რომ ნაყოფიერ მუშაობას გავწევთ. ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ "ფაუერ ჩაინას" საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ასობით ადამიანი გვყავს, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად", - აღნიშნა დუ ჩუნგუომ.
პროექტით ჩინური კომპანიების დაინტერესება უკვე 2014 წლის პირველ ნახევარში იყო ცნობილი. ამასთანავე, საპარტნიორო ფონდში აცხადებდნენ, რომ მათ პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაშინ გიორგი კვირიკაშვილის განაცხადა, რომ სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყებოდა პორტის მშენებლობა. მას შემდეგ, გამარჯვებული ინვესტორის გამოცხადების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. მშენებლობა 7 ეტაპს მოიცავს. პორტის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში უნდა დაიწყოს, ექსპლოატაციაში კი მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში უნდა შევიდეს. პორტის მშენებლობაზე ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა, რომელთაგან კომისიამ 7 შეარჩია.
მოკლე სიაში შემავალი შვიდი კონსორციუმიდან ორი დარჩა - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დაარსა და პროექტში ამერიკულ კომპანია "კონტი გრუმთან" თანამშრომლობს. მეორე კონსორციუმი, ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული "ანაკლია ინდუსტრიული ეკოპარკი და პორტია". მისი სტრატეგიული პარტნიორია "ფაუერ ჩაინას" შვილობილი კომპანია "ფაუერ კონსტრაქშენ კორპორეიშენი".