გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა - ინციდენტი მე-2 საარჩევნო უბანში მოხდა, რის პროვოცირებაშიც "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებს, რასაც "ოცნება" კატეგორიულად უარყოფს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - "ქართული ოცნებიდან" საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული და "ნაციონალურ მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი. გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ყოფილი გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.
გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე შელაპარაკების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქვების სროლას. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი იარაღს ატარებდა. იქ იმყოფებოდნენ ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები: სერგო რატიანი, კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია. როგორც გარდაბნის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მომხდარს საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.მცირე ინციდენტები - 1-ლი, მე-2, მე-4, მე-6, მე-9 და 62-ე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზეც მოხდა.
დაახლოებით 17.00 საათზე 62-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება უმრავლესობის წარმომადგენლებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი შაშკინს შორის მოხდა. შაშკინის თქმით, უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი ამომრჩევლებზე გარკვეული სახის ზეწოლას ახდენდნენ.
"17.00 საათამდე ამ უბანზე, მშვიდი, სამართლიანი არჩევნები ტარდებოდა. 17.00 საათზე, აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგა ბოკერიას. მათ უბანს ალყა შემოარტყეს და შემომსვლელ ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
აღნიშნული დაპირისპირების დროს უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძეც ადგილზე იმყოფებოდა, რომელიც ირწმუნება, რომ შაშკინის მიერ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
როგორც უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ არჩევნებში მათ შანსი არ ჰქონდათ. ესაა გაკოტრებული პოლიტიკური ძალა. ისინი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი არ ჩამოვიდნენ, არამედ პროვოკაციის მოსაწყობად მოვიდნენ.
"მათ უნდოდათ, რომ ამ პროვოკაციების ფონზე სიტუაცია გაემწვავებინათ, შემდეგ დასავლეთთან იტყოდნენ, რომ ვითომ ხელისუფლება მათზე ძალადობს. როდესაც დაინახეს, რომ არჩევნები სრულ სიმშვიდეში მიმდინარეობდა, პროვოკაციების მოწყობა დაიწყეს. თავიანთ ჯგუფებთან ერთად დადიოდნენ და ცდილობდნენ ვიღაც გამოეწვიათ.
"რამდენიმე შემთხვევას უშუალოდ შევესწარი. საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 200 მეტრით ვიყავით დაშორებული, სრულ პროვოკაციაზე მოდიოდნენ. მათ პრეტენზიები ჰქონდათ, ეს კაცი აქ რატომ დგას, ვინ არის და ა.შ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს სრული თავხედობაა. ეს პროვოკაციებიც არ გამოუვიდათ, რადგან არავინ არ აყვა. ამ არჩევნებში მათი ამოცანა იყო, რომ დაპირისპირების ფონი შეექმნათ. ამიტომაც ჰყავდათ მობილიზებული კამერები. მთელი პარლამენტის დეპუტატობა იქ იყო.
"როდესაც საარჩევნო უბანში ნახეს, რომ სრული სიმშვიდეა. გამოვიდნენ გარეთ და პროვოცირება დაიწყეს. თავისთავად ცხადია, როგორც მათ ჰყავდათ მხარდაჭერები, ასევე ჩვენც. საარჩევნო უბნის მოშორებით რომ სამართალდამცავი ორგანოები იქნებოდნენ, ამაში ეჭვი ვინმეს ეპარებოდა? ისინი იქ იმისთვის იყვნენ, რომ სიმშვიდე დაეცვათ.
"ვერაფერი, რომ ვერ მოახერხეს ქვების სროლა დაიწყეს, რომელსაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, რასაც არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია," - აღნიშნა სესიაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური "რეზონანსთან" მე-2 უბანთან მომხდარ ინციდენტზე და ასევე 59-ე უბანზე მომხდარ დარღევებზე საუბრობს.
"მე ყარაჯალაში 59-ე უბანზე ვიყავი, სადაც დარღვევების მთელი სპექტრია. მარკირების წესის დარღვევა, ადამიანების ხელმეორედ შემოშვება ხდებოდა, პირდაპირი აგიტაცია და მითითებები მიმდინარეობდა, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. შემთხვევებია, როდესაც ადამიანები ხმას აძლევენ, კომისიის წევრებთან მიდიან და შემოხაზულ 41 ნომერს აჩვენებენ.
"ამის გარდა, გადასატანი ყუთი, რომელიც მოსახლეობაში შემოვლაზე იყო წაღებული, ლუქის გარეშე დააბრუნეს, რაც ძალიან სერიოზული დარღვევაა. ამის შემდეგ სრულიად არაადეკვატურმა კომისიის თავჯდომარემ ჩვენ თვალწინ კომისიის ყველა წევრისა და დამკვირვებლების თვალწინ ბიულეტინები უბრალოდ დახია. ვითარებაზე კონტროლი სრულიად დაკარგულია. კომისიის წევრები, მათ შორის თავმჯდომარე, კომისიის მოქმედების ტერიტორიაზე "ქართული ოცნებას" პირდაპირ აგიტაციას უწევდნენ.
"რაც შეეხება მეორე უბანზე მომხდარ ჩხუბს, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შეტაკება ეთნიკურ ნიადაგზე აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის მოხდა. ამ ბრძოლაში გამოყენებული იყო ქვები, დაშავდნენ ადამიანები. ზოგიერთ ადამიანს თავი გაუტყდა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ იმ არჩევნებში გაემარჯვა, სადაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს," - აღნიშნავს წიკლაური.
გარდაბანში სულ 63 ძირითადი და ერთი სპეცუბანი იყო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო განთავსებული. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71 847 შეადგენს. საარჩევნო პროცესს 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 8 დამკვირვებელი და 11 მედია ორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იყო გახსნილი.
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 23, 805-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,13%-ია.
"დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რომელთა უმეტესობაც დროულად იქნა აღმოფხვრილი, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაიწერა 22 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში.
"მიუხედავად, იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის.
"საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი აარიდონ სიტუაციის შემოდგომ გამწვავებას და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყონ მშვიდ გარემოში საარჩევნო პროცესის დასრულებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.
მთელი დღის განმავლობაში არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დილის საათებში დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე, გარდაბნის #4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა გაურკვეველი სტატუსის მქონე 3 პირი, რომლებსაც დაახლოებით ათამდე პირი აშველებდა. მოგვიანებით, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების განმუხტვას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს პოლიცია არ გამოჩენილა და ზომები დაპირისპირების აღკვეთის მიზნით არ მიღებულა.
გარდაბნის #1 უბნის შენობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბარამიძე და ერთ-ერთი ამომრჩეველი. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოქალაქე ახდენდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობილიზებას უბანზე და აგიტაციას ეწეოდა.
ამავე უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ქართული ოცნებისა" და არასამთავრობო ორგანიზაციის "მომავლის არჩევანის" წარმომადგენლები. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდება "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მიმართ, რომ ის კომისიის წევრის ფუნქციებში ერეოდა.