ქართველი ფერმერებისთვის აზერბაიჯანის ბაზარი დროებით დაიხურა. მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი საქონლის შეყვანა აიკრძალა. ამჯერად ფერმერების საფიქრალი ხორცის ფასია. ისინი შიშობენ, რომ აკრძალვა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს, რადგანაც კარგავენ რეალურ საექსპორტო ბაზარს. ადგილზე კი ხორცის ჭარბი რაოდენობა შეიქმნება და პროდუქტის ფასი დაეცემა.
ოფიციალური სტატისტიკით, აზერბაიჯანში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ექსპორტი არ დასტურდება, თუმცა გლეხები საპირისპიროს ამტკიცებენ. ისინი არ მალავენ, რომ ცოცხალი პირუტყვის ხორცი საქართველოდან შეზღუდვის პერიოდშიც გადიოდა, რაც აზერბაიჯანელი შუამავლების საშუალებით ხერხდებოდა.
ხორცის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთის დიდი ხანია, რაც მომგებიანი აღარ არის. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია იკლებს, რადგან მომხმარებელთა უმრავლესობას ამ პროდუქტზე ფასის გამო ხელი არ მიუწვდება.
"საქსტატის" მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2014 წელს აზერბაიჯანში ცოცხალი საქონლის გაყვანა არ ფიქსირდება. 2013 წელს ექსპორტმა მხოლოდ 2,6 ტონა შეადგინა, რაც თანხობრივად 5,4 ათასი დოლარი იყო. 2012 წელს კი ცოცხალი საქონლის ექსპორტი მეზობელ ქვეყნაში 49.4 ტონა იყო, რაც 314,9 ათასი დოლარს უტოლდებოდა.
აზერბაიჯანმა ცოცხალი პირუტყვის იმპორტზე შეზღუდვა მხოლოდ 2 თვის წინ მოხსნა, თუმცა კეთილგანწყობამ დიდხანს არ გასტანა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამჯერად აკრძალვის მიზეზი საქართველოში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია. "სურსათის ეროვნული სააგენტო" კი საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის ვირუსული დაავადების არსებობას არ ადასტურებს.
სააგენტო ინფორმაციის თანახმად, საქართველო ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, პირველადი დიაგნოზის შესახებ ცნობა ოპერატიულად გაიგზავნა აღნიშნულ ორგანიზაციაში. აღებული ნიმუშები მიეწოდა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიას. გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არც ერთში არ აღმოჩნდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით, ახორციელებს ვეტერინარულ ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა", - აცხადებენ უწყებაში.
ფერმერების განცხადებით, ქართველი ექსპორტიორებისთვის აზერბაიჯანის ბაზარი ბოლო პერიოდში არასტაბილური იყო, მაგრამ აღნიშნული მიმართულება ხორცის ექსპორტისთვის მაინც ყველაზე მომგებიანი იყო.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი შეწყვეტილია. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე პრობლემას გააჩენს.
"აზერბაიჯანიდან შუამავლები ჩამოდიოდნენ და გაჰყავდათ პირუტყვი. მოულოდნენლად ექსპორტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. როგორც იქნა შეზღუდვა მოხსნეს. ეს მოხდა 2 თვის წინ. ახლა კი აზერბაიჯანულმა მხარემ იმპორტი საერთოდ აკრძალა, როცა გვეგონა, რომ პრობლემა გადაიჭრა. ამბობენ, აკრძალვის გადაწყვეტილება კონკრეტულად დაავადების გამო მიიღეს, მაგრამ ამ ინფორმაციას სჭირდება სერიოზული დადასტურება - არის თუ არა დაავადება საქართველოდან შესული", - აცხადებს ზამბახიძე.
მისი თქმით, აკრძალვა ქართული პირუტყვის ექსპორტზე გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდენს, რადგან შეზღუდვა დიდი ხნის მოხსნილი არ არის და გავლენაც უმნიშვნელო იქნება. თუმცა, სერიოზული პრობლემა შეექმნებათ ექსპორტიორებს, რომლებსაც მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი პირუტყვი გაჰყავდათ.
"აზერბაიჯანიდან მსგავს ნაბიჯებს ფერმერები ისედაც შეგუებულნი იყვნენ. წინა წელს პროდუქტი მათ უკრაინიდან შეჰქონდათ, როგორც ჩანს, უფრო მიმზიდველი პირობებით. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივამ, რომ ხორცი და ხორცპროდუქტები ადგილობრივი მეწარმეებისგან შეესყიდათ, მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. ამით ხორცის რეალიზაციას ხელი შეეწყო.
ვერ ვიტყვი, რომ ფერმერები დიდად დაზარალდებიან, მაგრამ იმ ხალხს, ვინც აზერბაიჯანში ცოცხალი საქონლის ექსპორტს ეწეოდა, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. ჯერჯერობით მიჭირს ვარაუდი, ქართული პროდუქტისთვის დაწესებული აკრძალვა რამდენად აისახება ფასზე. რამდენიმე თვის წინათაც არ გადიოდა ცოცხალი პირუტყვი აზერბაიჯანში, მაგრამ ფასი დიდად არ შეცვლილა", - ამბობს ნინო ზამბახიძე.
ქართველი ფერმერები ორიენტირებულები იყვნენ ბუღის ექსპორტზე. აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ და ადგილზე ყიდულობდნენ პირუტყვს. ბუღა უნდა ყოფილიყო სამი წლის და მისი ღირებულება წონის მიხედვით 1700 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობდა.
საქართველოში 1 კგ ე.წ. "ცოცხალი წონის" ღირებულება ამ ეტაპზე 4,70 ლარია. შარშან ეს მაჩვენებელი 4,50 ლარს შეადგენდა, ხოლო 2 წლის წინ 5 ლარი იყო.
ფერმერების განცხადებით, მეცხოველეობის წინსვლას თავის დროზე "იაფი კრედიტის" პროგრამამ და აზერბაიჯანის მზარდმა ბაზარმა შეუწყო ხელი, თუმცა ამ მიმართულებით ვითარება უკვე შეიცვალა.
ახალციხელი ფერმერის რუდიკ პეტროსიანის ვარაუდით, რეალიზაციის შემცირება მნიშვნელოვან გავლენას ფასზეც მოახდენს.
"ცოცხალ საქონელს ჩვენგან აზერბაიჯანელები ყიდულობდნენ. ადგილობრივი ფერმერებისთვის ეს ყველაზე მომგებიანი საქმიანობა იყო და კარგ შემოსავალსაც გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე შეზღუდვა მოქმედებდა, პირუტყვის გაყვანას მაინც ვახერხებდით. გვეგონა, ამოვისუნთქეთ და სწორედ მაშინ შეგვექმნა პრობლემა.
ვშიშობ, ბაზარზე ხორცის ფასი დაიწევს და ამ ბიზნესიდან ხეირს დავკარგავთ. ბოლო დროს აზერბაიჯანის ბაზარზე ვართ ორიენტირებულნი, რეალიზაციის სხვა შესაძლებლობა რეალურად არ გვაქვს", - აცხადებს პეტროსიანი.
რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა, ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების - ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა, აზერბაიჯანულ მხარეს გუშინვე გაეგზავნა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა უახლოეს პერიოდში აღდგება.