ფიზიკურ შეურაცხყოფაზე 2016 წლის არჩევნებამდე, შესაძლოა, კანონი გამკაცრდეს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც იუსტიციის მინისტრს ამჟამად არსებული კანონის გადახედვისკენ მოუწონდა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბევრად მსუბუქი რეგულაციებია, ვიდრე ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში.
პრემიერის ინიციატივას მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც განმარტა, რომ დავალება სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებს უკვე გადაეცა და მუშაობა დაწყებულია. მისივე თქმით, კანონის გასამკაცრებლად არ არის გამორიცხული, რომ სისხლის სამართლის სანქციები დაწესდეს.
ამჟამად არსებული რეგულაციის მიხედვით, რა სახის სასჯელი დაეკისრება დამნაშავეს - ფულადი ჯარიმა (ოდენობას გარემოებიდან გამომდინარე მოსასრთლე განსაზღვრავს), იძულებით გამოსასწორებელი შრომა თუ თავისუფლების აღკვეთა, ამას სასამართლო დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ადგენს.
ფიზიკურ შერაცხყოფაზე კანონის გამკაცრებას იურისტების ნაწილი უარყოფითად აფასებს. როგორც ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, კანონში არსებობს საკმაოდ ბევრი მუხლი, რომელიც მსგავსი შემთხვევების რეგულაციას ემსახურება და მისი გამკაცრება მიუღებელია.
მისივე აზრით, კანონის გამკაცრება მხოლოდ იმ გამწარებული მოქალაქეებისთვის ხდება, რომლებმაც ქუჩაში შესაძლოა მთავრობის წევრებს მოთხოვნები წამოუყენონ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენონ.
"მე ძალიან კომიკურად მეჩვენება ეს განცხადება. თუ ბატონ პრემიერს უნდა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს, პარლამენტში დეპუტატები ერთმენთს რომ სცემდნენ, მაშინ რატომ არ დააყენეს ეს საკითხი? ჯერ ეს ფაქტები გამოიძიონ.
"ადამიანებმა იმაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენონ, რაც დეპუტატებმა ერთმანეთს მიაყენეს?! თუ ის ფაქტები არ იქნება გამოძიებული, უბრალო მოქალაქეები როგორ უნდა დასაჯონ?! გამოდის, რომ კანონს ამკაცრებენ მხოლოდ ქუჩაში, უბრალო მოქალაქეებთან მიმართებით, რომელებიც გამწარებულები არიან და ქუჩაში შეიძლება მთავრობის წევრებს რაღაც მოსთხოვონ და შეურაცხყოფაც მიაყენონ, ხომ?
"ამ კანონებს ქმნიან სოციალურად დაუცველი და გაუბედურებული მოქალაქეებისთვის. ჯერ გამოიძიონ ის ფაქტები, რაც პარლამენტში მოხდა. მათ არავინ სჯის ამის გამო და გამოდის, რომ არასრულწლოვნები, რომლებიც ერთმანეთს ხელს დაარტყამენ, ციხეში უნდა გავუშვათ? ეს არ მიმაჩნია სწორად", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს არც ფულადი ჯარიმის გამკაცრება და აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება.
"არანაირ გამკაცრებას არ ვეთანხმები. პრემიერს ურჩევნია ეკონომიკური წინადადებები შემოიტანოს, ქყვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე რომ არის მიყვანილი, ვიდრე არაიურისტმა დააყენოს საკანონმდებლო ინიციატივა.
"იურისტებს რომ ესხმიან თავს, ამას რატომ არ იძიებენ?! ამაზე ფულადი ჯარიმაც არავის დაკისრებია. ჩვენ გავქვს შესაბამისი მუხლები - ხულიგნობა, ცემა, რომელიც ჩაიდინეს პარლამენტში. ამის გამო არავინ დაუსჯიათ და უბრალო მოქალაქეებმა თუ იჩხუბეს, ამისთვის უნდა დაიჭირონ? ეს არის პოპულიზმი და მეტი არაფერი", - ამბობს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
კანონის გამკაცრებას არ ეთანმხება არც უფლებათადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მთავრობისვე არჩეული ლიბერალური სამართლის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
"ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რომ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა იყო მისი პრიორიტეტი, არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დადგენილი სასჯელის გამკაცრება არ უნდა მოხდეს. ამ თვალსაზრისით ეს ნაბიჯი აშკარად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას.
"არ უნდა მოხდეს არანაირი სახით გამკაცრება იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ისედაც საკმაოდ მკაცრი სისხლის სამართლის კანონმდებლობა გავქვს", - აცხადებს ლია მუხაშავრია, რომელიც განმარტავს, რომ არც ფულადი ჯარიმის შეცვლა უნდა მოხდეს, რადგან მოსამართლეს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.
"მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტია სასჯელების გამოყენების ამპლიტუდა, ჯარიმებიდან დაწყებული პატიმრობით დამთავრებული, მით მეტი შესაძლებლობა ეძლევა მოსამართლეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ინდივიდუალური სასჯელი დაუნიშნოს დამნაშავეს. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ჯარიმა მსუბუქი სასჯელია და აუცილებლად მხოლოდ პატიმრობა უნდა იყოს", - ამბობს უფლებათადამცველი.
იგი პრემიერს არც იმაში ეთანხმება, რომ სხვა ქვეყნებს უფრო მკაცრი რეგულაციები აქვთ და ეს კარგი მაგალითია.
"მე არ ვფიქრობ, რომ სადმე სხვაგან უფრო მკაცრი კანონდებლობაა და ეს უკეთესია. ხელისუფლებამ გამოცხადა ლიბერალიზაცია და ეს გულისხმობს არსებული სასჯელების გადახედვას, მათი უფრო მსუბუქი სასჯელებით შეცვლას და ძალიან სამწუხაროა, თუკი პრემიერს მიაჩნია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი და სასჯელის გამკაცრება მოიტანს უკეთეს შედეგს. დადგენილია, რომ მარტო სასჯელის გამკაცრება არ შველის კრიმინოგენულ ვითარებას", - აცხადებს ლია მუხაშავრია, რომელიც კანონის გამკაცრების უარყოფით შედეგებზე აკეთებს აქცენტს.
"კანონის გამკაცრება ადამიანებს არ ააღებინებს ხელს ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. როგორც წესი, ასეთი დანაშაული ყოფით ნიადაგზე, კერძო ურთიერთობის ფონზე ხდება და არავინ არის წინასწარ დაზღვეული, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი არ გახდება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სამართლებრივ კულტურას, სოციალურ ფონს, ჩვენს ურთიერთობებს და სამხრეთულ ტემპერამენტს.
"ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ სასჯელის გამკაცრება შეამცირებს ამ კატეგორიის დამაშაულებებს. ხოლო ის, რომ მოსამართლეს ექნება მეტი შესაძლებლობა და ფართო არჩევანი, ფაქტის შეფასებისას გამოიყენოს კონკრეტული სასჯელი და მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა და არა პირიქით, როდესაც მოსამართლე იძულებულია, მხოლოდ საპატიმრო სასჯელი გამოიყენოს", - განმარტავს ლია მიხაშავრია "რეზონანსთან" საუბრისას.