წლევანდელი დიდთოვლობის გამო გაზაფხულზე მასშტაბური წყალდიდობებია მოსალოდნელი
ნინო ქეთელაური
01.02.2016

 წლევანდელი ზამთრის უხვი ნალექი ზვავების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკებს ზრდის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გაზაფხულზე სტიქიური მოვლენები საგრძნობლად მოიმატებს. ამ მხრივ კი რისკის ზონებად დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთის მთიანი რეგიონები ითვლება.

როგორც გეომორფოლოგი, გეოგრაფიის დოქტორი და თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის ზვავის ჩამოწოლის ფაქტები უკვე დაფიქსირებულია, რაც არანორმალურმა ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა.

"წელს მოსული ატმოსფერული ნალექები თოვლის სახით, რასაკვირველია ზრდის სტიქიური მოვლენების რისკს, ისეთების, როგორებიცაა ზვავის ჩამოწოლა, წყალდიდობა და წყალმოვარდნა.

"მეტსაც ვიტყვით - წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე ადგილას მკვეთრად მომატებულია თოვლის ზვავის მაჩვენებელი. ამის მკაფიო მაგალითია კობი-გუდაურის მონაკვეთი, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან უფრო მეტჯერ იქნა ზვავი დაფიქსირებული და უფრო მეტჯერ დაიკეტა გზა.

"ზვავები დაფიქსირდა სვანეთშიც, რაჭაშიც, ლეჩხუმშიც. მაგალითად, უწერის მონაკვეთზე ჩამოსულმა რამდენიმე ზვავმა საერთოდ გარე სამყაროს მოსწყვიტა რაჭის სოფლები. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მედიის მხრიდან ნაკლებად გაშუქდა.

"კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით, არანორმალური ბუნებრივი პირობები დაფიქსირდა. მაგალითად ის, რომ ახალი წლის დღეებში საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიდა ნალექი, ამას დაერთო ტემპერატურის მკვეთრი მომატება (დაახლოებით 5-დან 10-იანვრის ჩათვლით), რამაც გამოიწვია თოვლის დაცურება ზვავების სახით.

"იანვრისთვის უჩვეულო თოვლის ზვავები დაფიქსირდა. წინა წლებში ასეთი რამ არ ყოფილა, როგორც წესი, ზვავები გაზაფხულისთვის არის ხოლმე მოსალოდნელი", - აცხადებს გიორგი დვალაშვილი, რომელიც სტიქიური მოვლენების რისკის ზონებში თუშეთს გამოყოფს.

"იმ ნალექის მიხედვით, რაც დაფიქსირდა დასავლეთ საქრთველოში, ასევე აღმოსავლეთ მთიან ზონაში, თოვლის ზვავის მომატებასთან ერთად, თოვლის დნობის პროცესში, მოიმატებს წყლის დონე, რაც უფრო მეტ დატბორილ ტერიტორიას, უფრო მეტ სტიქიურ მოვლენას გამოიწვევს.

"დღეისათვის რა მონაცემებიც გვაქვს და რა ინფორმაციასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიღებთ, თუშეთის ტერიტორიაზე მეტრნახევარს აჭარბებს თოვლის საფარის სისქე და ზვავების გავრცელების მხრივ ეს საკმაოდ დიდი რისკის ზონაა.

"ჩვენი დაკვირვებით და ადგილობრივების მოწვდილი ინფორმაციით, თუშეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნალექია დაფიქსირებული და ეს თავისთავად ყველა ჩამოთვლილ სტიქიურ მოვლენას გამოიწვევს.

"სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ თუშეთში არცერთი მეტეოსადგური არ ფუნქციონირებს და ადგილობრივების მოწვდილი ინფორმაცია უფრო უტყუარია, ვიდრე სხვა ქსელებით მიღებული ინფორმაცია", - ამბობს გიორგი დვალაშვილი

მისივე თქმით, როგორც წესი, სტიქიური მოვლენების გააქტიურების პერიოდი გაზაფხულია, თუმცა წელს უკვე დაფიქსირებული ზვავის გამო ნებისმიერი პერიოდი საშიში შეიძლება იყოს.

"გაზაფხული მაინც ყველზე საშიში პერიოდია. ზუსტი სტატისტიკა ჩვენ უფრო მეტად გვაქვს იქ, სადაც მოსახლეობაა და მეტი კომუნიკაციის საშუალებაა, თორემ ძალიან ბევრია ისეთი ტერიტორია, სადაც ზვავის ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ იქ მოსახლეობა უკვე აღარ სახლობს და მათი აღრიცხვა არ ხდება", - აცხადებს გიორგი დვალაშვილი, რომელიც სტიქიური მოვლენების პრევენციული ღონისძიებების ჩამოთვლისას, აქცენტს გადაადგილების შეზღუდვაზე აკეთებს.

"პრევენციულ ღონისძიებებზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის, იმაზე, თუ რითი შეიძლება დავიცვათ მოსახლეობა. ამის ყველაზე საუკეთესო პრევენცია ამ ტერიტორიების მიმართ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენაა.

"დღის საათებში, როდესაც ტემპერატურა აიწევს და თოვლის დნობის პროცესია მოსალოდნელი, ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის გადაადგილება უნდა შეიზღუდოს. პირველ რიგში მოსახლეობამ თავადვე უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ზონაში არ გადაადგილდეს. რაც უნდა დამცავი ნაგებობები გაკეთდეს და წინასწარი შეტყობინებები გადაეცეს, ამხელა თოვლის მასებს ვერაფერი შეუშლის ხელს და ფერდობზე მაინც წამოვა.

"ასევე პრევენციული ღონისძიებაა იმ ადგილებში, სადაც გზის დაკეტვა არ შეიძლება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თოვლის მასის ხელოვნური აფეთქება, რაც გულისხმობს საზვავე მასის ხელოვნურად ჩამოშლას. მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი რესურსი და თანხებია საჭირო, რომ ყოველდღიურად ხელოვნური ჩარევის შედეგად შევამციროთ ზვავის საფრთხე.

"ასევე აუცილებელია, რომ სადაც წყლის მომატების არეალია, ამ ადგილებში გაზაფხულზე მდინარის ხეობებიდან მოსახლეობის გაყვანა მოხდეს. სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული ასეთი მდინარისპირა დასახლებაა და რისკები ძალიან დიდია", - ამბობს გეომორფოლოგი, რომელიც ზამთრის სეზონის დასრულებამდე ნალექის რაოდენობის კიდევ უფრო მომატებას არ გამორიცხავს, რაც, გიორგი დვალაშვილის თქმით, მხოლოდ სამწუხარო პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

"სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ ფონზე, ზვავების, წყალდიდობების, წყალმოვარდნების მაჩვენებელთან ერთად მათი ფართობიც მოიმატებს. მდინარეებმა უფრო მეტი ტერიტორიები შეიძლება დატბოროს, რადგან ისინი სათავეს იღებენ ისეთი ადგილებიდან, სადაც დიდი რაოდენობით არის დაფიქსირებული ნალექი თოვლის სახით. მთაში გადასასვლელი გზებიც ალბათ საკმაოდ გვიან გაიხსნება", - აცხადებს გიორგი დვალაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

გარემოს დაცვის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ წლევანდელი წელი უხვნალექიანია, თუმცა, თუ გასული წლის ამავე პერიოდს შევადარებთ, მკვეთრი ცვლილება არ არის.

"2015 წლის ამავე პერიოდს რომ შევადაროთ, ნალექის თვალსაზრისით მკვეთრი აცდენა არ არის, აცდენა უფრო ცალკეულ დღეებშია. მაგალითად, კლიმატური მონაცემებით, წლევანდელი იანვრის თვეში, დასავლეთში ნალექიან დღეთა საშუალო რაოდენობა დაახლოებით 10-15 დღეა, ხოლო აღმოსავლეთში - 4-12. რაც შეეხება ჭარბ ნალექს, ეს უფრო სანაპირო ზოლზეა დაფიქსირებული.

"თუ ვისაუბრებთ თოვლის საფარზე, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი მომატება არ არის. წელს გუდაურში დაფიქსირდა იმაზე მეტი, ვიდრე იყო გასულ წელს", - აცხადებს გოგო გვაზავა.

მისი თქმით, სტიქიური მოვლენების წინასწარი პროგნოზირება რთულია, თუმცა, ამ მხრივ ყველაზე საშიში გუდაური-კობის მონაკვეთია.

"გუდაური-კობის გზა ამ თვალსაზრისით ყველაზე ზვავსაშიში მონაკვეთია, რაც დამოკიდებულია მოსული ნალექების რაოდენობაზე. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, წელს უფრო მეტი ზვავი დაფიქსირდება თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება. ეს გეომორფოლოგს უკეთ ეცოდინებოდა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნალექი იწვევს ზვავებს და ღვარცოფებს", - აცხადებს დოდო გვაზავა "მთელ კვირასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×