"გარწმუნებთ, ძალიან დიდი ალბათობით, 2008 წლის კონფლიქტის სამივე მხარის წარმომადგენლები მიეცემიან პასუხისგებაში. ასეთი სერიოზული გამოძიება ამდენი წლის მერე საფუძვლის გარეშე არ დაიწყებოდა. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მტკიცებულებების მოპოვებაზე, რომელიც ხელთ ექნებათ და რომლის საფუძველზეც წაუყენებენ კონკრეტულ პირებს ბრალს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.
ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის დანაშაულებათა გამოძიებაზე, სავარაუდო განაჩენზე და მის შედეგებზე "მთელი კვირა ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ლია მუხაშავრია: ამ გამოძიების შედეგად დადგინდება, ვინ არის დამნაშავე აგვისტოს ომში, ანუ იმ უბედურებებში, რომელიც დატრიალდა საქართველოში 7 წლის წინ. იგულისხმება მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება და იმ ადამიანების, რომლებიც ცხინვალში ტყვეობაში აღმოჩნდნენ. აი, ამ დანაშაულებებში ვისაც მიუძღვის ბრალი, ეს ხალხი იქნება იდენტიფიცირებული და დაეკისრება ამისთვის პასუხისმგებლობა.
"მთელი კვირა": ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ომის დანაშაულში ძირითად ეჭვმიტანილ მხარედ გამოკვეთილია კონფლიქტში მონაწილე სამი მხარე. პროკურორის განცხადებით, რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები...
ლ.მ.: რუსი ჯარისკაცების პასიურობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ხელი არ შეუშალეს ოსებისგან შემდგარ ბანდიტურ ფორმირებას, რომელიც კლავდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთი ფიზიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას, ვერ დატოვეს სახლ-კარი. იყვნენ მოხუცები და უსინათლო ადამიანები. მათი დაღუპვისთვის ხელის არშეშლა არის დანაშაული იმიტომ, რომ რუსეთის რეგულარული არმიის წარმომადგენლებს ევალებოდათ მშვიდობანი მოსახლეობის დაცვა.
"მ.კ.": და ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ვის შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა?
ლ.მ.: ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელია და რა თანამდებობა აქვს. რაც უნდა მაღალი თანამდებობის იყო, თუკი მტკიცებულებები დაადასტურებენ კონკრეტული პირის დანაშაულს, ყველას პასუხი მოეთხოვება,
დანაშაულზე პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც გასცა ბრძანება და მეორე - ვინც იყო ამის ორგანიზატორი. შემსრულებლები ნაკლებად არიან პასუხისგებაში მისაცემი, იმიტომ, რომ ისინი ბრძანებას ასრულებდნენ. ყველაზე მნიშვნელვანია გამოვლინდეს დამკვეთი, ვისი ხელმძღვანელობითაც მოხდა ეს დანაშაული.
"მ.კ.": პროკურორი ფატუ ბენსუდა ქართველების ეთნოწმენდაში ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ადანაშაულებს. თქვენი აზრით, შეძლებს ამის მტკიცებულებებით გამყარებას?
ლ.მ.: ამ მიმართულებით მოხდება იმ ადამიანების დასჯა, ვინც გასცა ბრძანება, რომ დაეწვათ ქართველების სახლები და დაენგრიათ ისე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო.
თუმცა, კონკრეტულად ვისზე გავა გამოძიება, არ ვიცი. ვნახოთ მტკიცებულებების მოპოვება როგორ მოხდება. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გეგმა, ან კიდევ დაიგეგმა მოსკოვში.
"მ.კ.": რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე იგი ეჭვმიტანილია რუს სამშვიდობოებზე თავდასხმაში და თქვენი აზრით, ეს თუ დადასტურდა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
ლ.მ.: ჩემი აზრით, პასუხი უნდა მოეთხოვოს მთავარსარდალს, ანუ პრეზიდენტს, რომელიც ვალდებული იყო საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა დაეცვა ომის საფრთხისგან. ანუ ევაკუაცია მოეხდინა, ან ეს ადამიანები ინფორმირებულები მაინც ყოფილიყვნენ საფრთხის თაობაზე და ჰქონოდათ შესაძლებლობა ამისთვის თავი აერიდებინათ. ეს არ მოხდა და ვფიქრობ, ამაში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ეს ვალდებულება არ შეასრულა, რაც მიზეზობრივ კავშირშია იმ შედეგთან, რაც დადგა.
"მ.კ.": თქვენი აზრით, რა იქნება აღნიშნული გამოძიების საბოლოო შედეგი და მსგავს საქმეებზე რა პრეცედენტები არსებობს?
ლ.მ.: ჰააგის სასამართლო განიხილავს კონკრეტული ფიზიკური პირების დანაშაულებს და ვისზე გავა გამოძიება, წინასწარ ამის თქმა ძალიან რთულია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მტკიცებულებებზე, რომელიც ხელთ ექნებათ და რომლის საფუძველზეც წაუყენებენ კონკრეტულ პირებს ბრალს.
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება რუსეთის თუ საქართველოს მოქალაქე ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.
ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირები დღემდე რომ არ არაინ დასჯილი, ეს ძალიან ცუდია. ასეთი ადამიანების თავისუფლებაში ყოფნა არის საშიში.
გარწმუნებთ, ძალიან დიდი ალბათობით სამივე მხარის პირები მიეცემიან პასუხისმგებაში. ასეთი სერიზოული გამოძიება ამდენი წლის მერე საფუძვლის გარეშე არ დაიწყებოდა.
"მ.კ.": და 7 წლის მერე, თქვენი აზრით, მტკიცებულებების მოპოვება არ გაუჭირდებათ?
ლ.მ.: იმდენი დრო გავიდა, შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ ვფიქრობ, მათ ჰყავთ იმდენად კვალიფიციური გამომძიებლები და პროკურორები, რომ ამას გააკეთებენ.
ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან რაიმე გართულება იქნება.
"მ.კ.": თქენი აზრით, დროში არ გაიწელება გამოძიების და საბოლოო დასკვნის პროცესი?
ლ.მ.: მათ არ აქვთ კონკრეტული ვადები დადგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი იმუშავებენ თავგამოდებით და რამდენი დროც დასჭირდებათ, იმდენს აიღებენ.
"მ.კ.": რაც შეეხება აღსრულებას, როგორ მოხდება დანაშაულში იდენტიფიცირებული პირების დაკავება?
ლ.მ.: დამნაშავეების დაკავება ძალიან მარტივად მოხდება. იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო არ გადასცემს ჰააგის ტრიბუნალს ბრალდებულ პირებს, ამოქმედდება უნივერსალური იურისდიქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი როგორც კი დატოვებს რუსეთის ტერიტორიას და გადავა იმ სახელმწიფოში, რომელიც აღიარებს და პატივს ცემს გაეროს პრინციპებს, იმ ქვეყანაში მოხდება მისი დაკავება და გადაეცემა ჰააგის ტრიბუნალს.