აფხაზეთის დე ფაქტო "სახსტანდარტის" ცნობით, მოსკოვში ქართული ღვინოები აფხაზური ეტიკეტებით იყიდება
თიკო ოსმანოვა
01.02.2016

 "აპსნი გორ", "ვეჩერ ვ გაგრა", "დარი ლიხნი", "ლიხნი გორ" და "ტაინა რიცი" - ეს იმ აფხაზური ღვინოების დასახელებაა, რომლებიც რუსეთში იყიდება. სოხუმში აცხადებენ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიები ქართულ ღვინოებს აფხაზურად ასაღებენ, ეს კი აფხაზეთში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. დე ფაქტო ხელისუფლება ამ საქმიანობით დაკავებული ქართული და რუსული კომპანიებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვის სასამართლოში ჩივილით იმუქრება.

აფხაზეთის დე ფაქტო "სახსტანდარტის" პრესასამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან აფხაზური ღვინის ექსპორტს კომპანია შპს "ბატონო" ახორციელებს, რუსული სადისტრიბუციო კომპანია "ვინნი სტილის" საშუალებით. მათივე ცნობით, ქართული კომპანია ღვინოს დასახელებაში აფხაზურ ტოპონიმებს იყენებს, ეტიკეტზე კი მითითებულია, რომ ღვინო აფხაზეთშია წარმოებული.

"იმის გამო, რომ აღნიშნული საქონელი არ იწარმოება აფხაზეთში და აფხაზეთის ტერიტორიიდან არ გადის საექსპორტოდ რუსეთის ტერიტორიაზე, იმის მითითებას, რომ აფხაზური ღვინოებია, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი," - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო "სახსტანდარტში" მიიჩნევენ, რომ "არსებული სიტუაცია ვნებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული". მათი თქმით, რუსეთის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა ნეგატიურად აისახება აფხაზეთსა და მის ტერიტორიაზე არსებულ მწარმოებელთა იმიჯზე.

"ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამის სამსახურს და მოვითხოვეთ აფხაზურ ბრენდს ამოფარებული ქართული ღვინის რეალიზაციის შეწყვეტა. უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვგეგმავთ აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად მოვითხოვოთ პასუხი. და თუკი საკითხი არ მოგვარდება, აფხაზეთის დე ფაქტო სტანდარტების სამსახური და აფხაზური ღვინის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია "მისტრალ-ალკო" ერთობლივად მივმართავთ სასამართლოს", - აღნიშნულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული დავის შესახებ ჯერჯერობით არაფერი სმენია ქართულ კომპანიას შპს "ბატონოს". მისი წარმომადგენელის გიორგი დეკანოზიშვილის თქმით, კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

"ვფიქრობ, ვიღაცამ სისულელე დაწერა და ჩვენ ახლა აქედან ავტეხოთ აჟიოტაჟი არ ღირს. ჩვენ ვმოქმედებთ კანონი სრული დაცვით", - განუცხადა "მთელ კვირას" დეკანოზიშვილმა.

ჩვენს კითხვაზე რამდენია ხანია, რაც თანამშრმლობენ რუსულ კომპანია "ვინნი სტილთან" და რა რაოდენობის აფხაზური ღვინო გააქვთ რუსულ ბაზარზე, დეკანოზიშვილმა გვითხრა, რომ ინფორმაციის გარკვევამდე კომენტარს არ გააკეთებს.

"ჩვენ რაც გაკეთებული გვაქვს, არის კანონის სრული დაცვით. არანაირი პრობლემა არ არსებობს. ახლა კომენტარი რომ გავაკეთო, ატყდება აჟიოტაჟი არაფრის გამო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით. ახლა შაბათ-კვირაა, ვერ გავარკვევ მოსკოვში რა ხდება. ამიტომ დამატებით ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა დეკანოზიშვილმა.

ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ არაფერი სმენია "კავკასიური სახლის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კანაშვილს. თუმცა, მისი თქმით, ზოგადად აფხაზურ ღვინოს რუსეთის ბაზარზე თავისი ნიშა უკავია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ღვინოებს ხარისხით ჩამორჩება.

"რუსეთში აფხაზური ღვინო რაც გადის, არ არის მოსავლის შესაბამისი. ამიტომ იგი მზადდება ნახევარფაბრიკატებისგან, რომელიც მოლდოვიდან შედის. ეს ცნობილი ფაქტია. შემდეგ სოხუმში ხდება მისი დამუშავება და წარმოება.

"აფხაზური ღვინო რუსულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია რაც გადის, 2008 წლიდან კი ამან ინტენსიური სახე მიიღო. ამის შემდეგ კი რუსეთის ბაზარზე გარკვეულ ნიშას იკავებს. იყიდება სუპერმაკეტებში, აეროპორტებშიც და გარკვეული ცნობადობა აქვს, თუმცა მისი ხარისხი ქართულთან ვერ მოვა, ჩვენი უფრო მაღალი ხარისხისაა და ეს რუსებისთვისაც ცნობილია.

"რაც შეეხება ჩვენთან წარმოებულ აფხაზური ღვინის ექსპორტს, ამის შესახებ არაფერი მსმენია. საინტერესოა ამ კუთხით რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ესეც ხომ ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება", - გვითხრა კანაშვილმა.

მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილის თქმით კი, თუ აფხაზური ღვინის ექსპორტი არალეგალურად ხდება, რა თქმა უნდა უკანონოა და ამაზე რეაგირებაა მოსახდენი.

"მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით აფხაზეთი არის ძალიან საინტერესო რეგიონი. არსებობს არაერთი აფხაზური ვაზის ჯიში, საიდანაც შესაძლებელია მაღალხარისხიანი ღვინის დაყენება. ამიტომ თუ რუსეთში ასეთი ღვინით დაინტერესდნენ, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან აფხაზეთი საქართველოა, ხოლო აფხაზური ვაზის ჯიშები არის იგივე ქართული ვაზის ჯიშები და არა აფხაზეთში სხვა ქვეყნიდან შემოტანილი.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, თუკი საქართველოში იწარმოება ღვინო და ამის შემდეგ იგი კანონგარეშე, არალეგალური გზით გადის რუსეთში, როგორც აფხაზეთში წარმოებული ღვინო, ეს რა თქმა უნდა კანონის დარღვევაა. თუმცა, საქართველოს მეღვინეობის სფეროში სხვა უფრო დიდი პრობლემებია, რომელიც წლების მანძილზე ვერა და ვერ გადაიჭრა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჯერ მაინც ძირეულადაა გამოსაკვლევი ყველაფერი და ამის შემდეგ უნდა მოხდეს საერთო სიტუაციის შეფასება", - უთხრა "მთელ კვირას" ბარისაშვილმა.

"არ ვიცი ქართულ კომპანიას რა ღვინოები შეაქვს, გამიჭირდება ამაზე საუბარი და საერთოდ როგორ შეაქვთ ესეც საკითხავია. საქართველოდან თუ ქართული გადის და აფხაზურს აწერენ, ეს თვითონ კომპანიის პრობლემაა. რუსეთი აღიარებს აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამიტომ სარჩელს წარმოებაში უპრობლემოდ მიიღებენ და სამოქალაქო დავა იქნება. მაგრამ არა მგონია ამით აფხაზურმა მხარემ რამე მოიგოს, თუმცა გააჩნია კოტრაქტში რა წერია.

"რაც შეეხება აფხაზურ ღვინოებს, რამდენიმე სახელწოდების ღვინო სოხუმში იწარმოება და რუსეთში უპრობლემოდ გადის აფხაზური ეტიკეტით და დროშით. ერთ-ერთი ღვინოა "რქაწითელი", რომლის ჯიშის ყურძენი აფხაზეთში არ მოდის, თუმცა, როგორც ვიცი, კახეთიდან შეაქვთ, მაგრამ ვის და როგორ - არ ვიცი", - გვითხრა "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.

მეღვინეობა აფხაზეთში ტრადიციული დარგია - ამ განცხადებას კი ისტორიკოსი გია ანჩაბაძე აკეთებს.

"სოხუმში ქარხანა მუშაობს, სხვადასხვა ღვინოებს აწარმოებენ. საკმაოდ კარგი ღვინოებია, მაგრამ რუსეთში გაყიდვები როგორ არის, არ ვიცი. თუმცა, რაც წარმოება ამუშავდა, მაშინვე გაჰქონდათ მოსკოვში. აფხაზეთში მეღვინეობა ტრადიციული დარგია. ჩვენთან აფხაზური ღვინის წარმოების შესახებ და რუსეთში მის ექსპორტზე არაფერი მსმენია", - უთხრა "მთელ კვირას" ანჩაბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×