მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის არჩევნებს "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხვდება, იგი აღარც პარტიის ლიდერია და აღარც ოფიციალურად იკავებს რამე პოსტს, სპეციალისტების აზრით, კოალიცია მაინც მასთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ, ივანიშვილის "ხათრით" ხალხი მას მხარს ისევ დაუჭერს.
ამბობენ, რომ ამ მხრივ მისი წასვლა ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან საზოგადოების თვალში იგი მაინც ხელისუფლებასთან გაიგივებული პირია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო პასუხსაც მას სთხოვენ. პოლიტოლოგები ამის მიზეზებსაც ხსნიან - ამგვარი განწყობის შესაქმნელად ოპონენტებმაც აქტიურად იმუშავეს.ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ წყდება საუბარი იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო, რომ უკან დაბრუნება აუცილებელია და რომ გუნდი მის გარეშე ვერაფერს გახდება, რადგან 2012 წლის არჩევნებში ხმები არა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
ყოფილი პრემიერის უკან დაბრუნების საჭიროებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ, თუმცა თავად ივანიშვილი ამას ყოველი ინტერვიუს დროს გამორიცხავს.
პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა - გაემიჯნოს ხელისუფლებას, ხალხისთვის იგი "ქართული ოცნებიდან" არსად წასულა.
პროფესორ იგორ კვესელავას თქმით, იმისათვის, ივანიშვილს რომ გავლენა ჰქონდეს, არაა აუცილებელი, პარტიის თავმჯდომარე, ან გენერალური მდივანი იყოს. ფიქრობს, რომ მას ამისთვის თანამდებობა არ სჭირდება.
"ისედაც ცხადია, რომ "ოცნების" ყველა წევრი მას შეჰყურებს. ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება და "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილთან. საზოგადოებასთან შეხვედრებისას ადამიანები ხელისუფლებაზე საუბრისას არა "ოცნებას", არამედ ივანიშვილს ახსენებენ, რადგან მათთვის ეს ერთი და იგივეა", - აცხადებს პოლიტოლოგი.
სწორედ ამიტომ, იგი დარწმუნებულია, რომ ხალხი ივანიშვილს და შესაბამისად "ქართულ ოცნებას" მხარს ისევ დაუჭერს და 2012 წლის არჩევნებს კვლავ კოალიცია მოიგებს. ამბობს, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ორგანიზაციულად, მატერიალურად და იდეოლოგიურად შეკრული ისეთი ძალა, რომელიც "ოცნებას" დაუპირისპირდება.
"ამიტომ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიმარჯვებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ალბათ ივანიშვილიც გააკეთებს პოლიტიკურ სვლებს გასამარჯვებლად და ხალხის არჩევნებზე მისაზიდად", - დასძენს კვესელავა.
ხალხის თვალში ხელისუფლება და ივანიშვილი ისევ ერთმანეთთან რომ იგივდება, ეს, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას აზრით, იმის ბრალია, რომ მისი ოპონენტები ამ მხრივ ძალიან აქტიურობენ.
მათი პროპაგანდა, გამზარდიას თქმით, ხალხზე ეფექტურად მოქმედებდა და გარკვეულ ასოციაციებს ქმნის. ამბობს, რომ საზოგადოება ამ პროპაგანდის მიმართ უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა, ვიდრე რეალური მოცემულობის მიმართ.
მოსაზრება, რომ "ქართული ოცნება" ისევ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება, მისთვის საკამათოა. ამბობს, რომ შესაძლოა, კოალიცია ივანიშვილის ჩრდილიდან სრულად არ განთავისუფლებულა, მაგრამ ივანიშვილი ამ კოალიციის წარმდგენად აღარ აღიქმება.
გამზარდიას თქმით, თუკი საარჩევნო პერიოდში ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ და რამე განცხადებებს გააკეთებს, ან კოალიციას პრომოუტირებას გაუწევს, მაშინ ეს ასოციაცია უფრო გაძლიერდება.
"ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე აქტიურად ლაპარაკობდნენ. რეალურად კი ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა დისტანცია დაეჭირა და ხელისუფლება მისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო. ის დროდადრო არ იყო ინფორმირებული ზოგიერთ საკადრო გადაწყვეტილებაზე, არ იცოდა, თუ ვინ რას ფიქრობდა ხელისუფლებაში და ზოგჯერ მის პოზიციას არც ითვალისწინებდნენ.
"თუნდაც პრეზიდენტის სასახლის მაგალითი ავიღოთ - მისი მოსაზრება პირდაპირი იყო, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ამანაც აჩვენა, რომ ივანიშვილი ყველაფერს არ მართავდა. ასე რომ, მისი ჩართულობა ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორადაც ოპონენტები წარმოაჩენენ.
"ივანიშვილი იმისკენ მიილტვის, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში დამოუკიდებლად წარდგეს. არ გამიკვირდება, თუკი პროცესები ამ ფორმით გაგრძელდება. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ის კოალიციის რეკომენდატორად იყოს წარმოდგენილი, თუმცა იმ ფორმით ჩართულობა არ გამოხატოს, რა ფორმითაც 2012 წელს იყო", - აღნიშნავს გამზარდია.