"კომერციული სექტორი აზერბაიჯანულ აირს იღებს 350 დოლარად, წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ფასია?"
მაკა ხარაზიშვილი
03.02.2016

 "აზერენერჯი" რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსატანად აზერბაიჯანის მთავრობის თანხმობას ელოდება. კომპანიას დამატებითი გაზის მოცულობა ელექტროენერგიის წარმოებისთვის სჭირდება. საქართველოს მთავარობაც გაზის მოხმარების გაზრდის მოტივად ასევე ახალი თბოსადგურების ექსპლოატაციაში შესვლასა და ელექტროენერგიის წარმოების გაზრდას ასახელებს. მეორე მიზეზი კი კომერციული სექტორისთვის აზერბაიჯანული გაზის სიძვირეა.

აზერბაიჯანში გაზის შესყიდვაზე "გაზპრომთან" მოლაპარაკება ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა და ორ კერძო სექტორს შორის ურთიერთობად განიხილება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკება კი მეზობელ ქვეყანაში ლამის ღალატის ტოლფასად მიიჩნიეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში კახა კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრები აზერბაიჯანული მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ბუნებრივია, აზერბაიჯანს ურჩევნია, რომ საქართველოში გაზის ერთადერთი მომწოდებელი იყოს. ასევე, ელექტროენერგიის დეფიციტის დროს, "გაზპრომის" გაზით წარმოებული დენი ჩვენვე მოგვყიდოს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, რუსეთიდან დამატებითი აირის შემოტანა კომპანია "აზერენერჯისთვის" გახდა საჭირო, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს. საუბარია 2 მლრდკბ/მ გაზზე. აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული სისტემის გენერაციის სიმძლავრე ბოლო 5 წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ყოველწლიურად 2,1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს.

"სააქციო საზოგადოება "აზერენერჯის" დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება. არსებული მარაგი არ არის საკმარისი. ამიტომაც გადაწყდა გაზის იმპორტი", - განაცხადა "სოკარის" საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელშად ნასიროვმა. კომპანია გაზის იმპორტისთვის აზერბაიჯანული მთავრობის თანხმობას ელოდება.

შარშან, ივნისში, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი პეტერბურგში შეხვდა "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერს. "გაზპრომმა" მზადყოფნა გამოთქვა, რომ დაეკმაყოფილებინა აზერბაიჯანის გაზზე მოთხოვნილება.

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის შიდა წლიური მოხმარება 10-11 მლრდ კბ/მ-ს შეადგენს. დაახლოებით 8 მილიარდ კბ/მ-ს ნავთობის მოპოვების მიზნით რეზერვუარებში წნევის გასაზრდელად ტვირთავენ. საკმაოდ დიდი ნაწილი ჰაერში იფრქვევა. მოპოვება კი 29 მლრდ კბ/მ-ია. მიუხედავად ამისა, ზამთარში აზერბაიჯანს გაზის დეფიციტი აქვს, ისევე როგორც საქართველოს, ამიტომ იძულებულია, რომ იმპორტი რუსეთიდან განახორციელოს.

საყურადღებოა, რომ 2010 წლიდან რუსეთი, პირიქით, ყიდულობდა აზერბაიჯანისგან გაზს. 2013 წელს რუსეთს აზერბაიჯანმა მიაწოდა 1.4 მილიარდი კბ/მ გაზი. 2014 წელს ეს მიწოდება შემცირდა 0.21 მლრდ კბ/მ-მდე, ხოლო 2015 წლიდან საერთოდ შეწყდა.

2015 წლის 11 სექტემბერს კი "გაზპრომ ექსპორტსა" და "აზერბაიჯანის მეთანოლის კომპანიას" შორის ხელი მოეწერა გაზის საშუალოვადიან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას 5 წლის ვადით, წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი აირის მოცულობაზე.

რაც შეეხება საქართველოს, "რეზონანსის" ინფორმაციით, ამ რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენებმა მთავრობას მიმართეს, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზის გაიაფების მიუხედავად, აზერბაიჯანულ აირს ისევ ძველ ფასად ყიდულობდნენ. ამას დაემატა ლარის 40%-იანი გაუფასურება და წარმოების ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. მთავრობამ თხოვნით მიმართა აზერბაიჯანს, რომ ფასის კორექტირება მოეხდინათ, მაგრამ მეზობლებმა ეს ყურად არ იღეს. შესაბამისად, მთავრობამ ალტერნატიული გზებიდან ყველაზე ხელსაყრელად რუსული გაზი ჩათვალა, ვინაიდან ირანული გაზის შემოსატანად საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის სამინისტრომ, მთავრობის დავალებით "გაზპრომთან" მოლაპარაკება დაიწყო. მოლაპარაკების მთავარი თემა, სწორედ კომერციული სექტორისთვის რუსული გაზის მიწოდება იყო. მოგვიანებით, "გაზპრომმა" კალაძეს ტრანზიტის საფასურად სომხეთში გატარებული გაზის 10%-ის ნატურით მიღება გაუხსენა და ახალი ხელშეკრულებით თანხით ანგარიშსწორება მოთხოვა. ამ წინადადებამ მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა.

პარალელურად საქართველოში "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ამ თემას პოლიტიკური ქულების მისაღებად იყენებს. ნაწილს კი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ოკუპანტია, "გაზპრომთან" ურთიერთობა რეალურად აშინებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ "გაზპრომთან" მოლაპარაკების დაწყებით ქართველებზე არანაკლებ შეშფოთებულია აზერბაიჯანი.

ენერგეტიკის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე "კომერსანტთან" საუბარისას ადასტურებს, რომ აზერბაიჯანთან ფასზე მოლაპარაკება კარგა ხანია მიმდინარეობს.

"შარშან, გაზაფხულიდან, როგორც კი ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, ენერგოკომპანიებმა დაიწყეს მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან. მათ დოლარში დაანგარიშებული შემოსავალი ძალიან შეუმცირდათ და მოითხოვეს ტარიფების გადასინჯვა. რასაკვირველია, ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ გართულდა მოლაპარაკება იმ მხრივ, რომ კომერციულ სეგმენტში შენარჩუნდა ძალიან მაღალი ფასი გაზზე, რაც არ ასახავს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას", - ამბობს ლიანა ჯერვალიძე და აღნიშნავს, რომ როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარი იყო და მასზე მიბმული 1000 კბ/მ ბუნებრივი აირის ფასი 450 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო როდესაც ნავთობი 35 დოლარზე ჩამოვიდა, შეუძლებელია იგივე ფასი შენარჩუნდეს.

"ეს არის ინდივიდუალური კონტრაქტები - 3-6 თვიანი, მაგრამ გაზგასამართ სადგურებზე მოხმარება ძალიან გაიზარდა იმიტომ, რომ მოსახლეობამ ავტომობილები მასიურად გადაიყვანა გაზზე. იქ გაზის ფასი არის დაახლოებით 350 დოლარი (1000 კბ/მ). ეს გაუგონარი ფასია. დღეს რუსეთი უკრაინას სთავაზობს გაზს 230 დოლარად და უკრაინა არ იღებს, უფრო დაბალი ფასი უნდა. თქვენ წარმოგიდგენიათ 350 დოლარი რა ფასია?" - აცხადებს "რეზონანსთან" ჯერვალიძე.

ცოტა ხნის წინ "სოკარმა" გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას 50 მლნ კბ/მ-ით გაუზრდის. "ქართული მხარის მხარდაჭერა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობის და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გამყარებას უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ფასთან დაკავშირებით არაფერი წერია.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიწოდების მხოლოდ 50 მლნ კბ/მ-ით გაზრდა თბოსადგურების სრული დატვირთვით ასამუშავებლად საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, "გაზპრომთან" მოლაპარაკება ისევ გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×