მოხდება თუ არა წინასაარჩევნოდ მკვეთრი პოლიტიკური გადაადგილებები და ახალი კავშირების ჩამოყალიბება? ამ საკითხებზე "რეზონანსი" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
"რეზონანსი": "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ირგვლივ წარმოქმნილმა ვნებათაღელვამ გააჩინა ეჭვი, რომ პარტიაში გარკვეული ცვლილებები მწიფდება, დასახელდა ახალი სიის შესაძლო კანდიდატებიც. თქვენი აზრით, საკმარისი იქნება თუ არა ახალი სახეები იმისათვის, რომ "ოცნებამ" არჩევნები მოიგოს?
გია ხუხაშვილი: არ ველოდები, რომ ახალი სია დღევანდელზე ხარისხით უკეთესი იქნება. "ქართული ოცნება" დღეს ვითარების მძევალია. ის არ არის მიზიდულობის ცენტრი ახალგაზრდა, ამბიციური და ძველი ცოდვებით დაუმძიმებელი პროფესიული კადრებისთვის. დღეს "ქართული ოცნების" სახელით ისეთი საფრთხობელები ლაპარაკობენ, რომ ბუნებრივია ამბიციურ და პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ეს აფრთხობს და დისტანციაზე დგებიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლო პარტიასთან ახლოს ყოფნას გარკვეული ხიბლი აქვს, ასეთი ადამიანები თავს იკავებენ და ძირითადად უფრო კარიერისტები და კეთილდღეობაზე ორიენტირებულები დადგებიან "ქართული ოცნების" პირველ ადგილებზე.
"რ": არადა "ქართული ოცნების" მესვეურები აცხადებენ, რომ სწორედ ეს არის მათ ინტერესში - განახლებული სახით წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე და სასიკეთო ცვლილებები შესთავაზონ საზოგადოებას?
გ.ხ: არ ვამბობ, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა რაღაც კარგი გააკეთოს და განაახლოს ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ საკმაოდ არაჯანსაღ ვითარებაში ეს გაუჭირდება. კვირიკაშვილის სახით გარკვეული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნა, მაგრამ ერთი კვირიკაშვილი ამისთვის საკმარისი არ არის.
რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვება-დამარცხებას, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება არასახარბიელოა, "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პოლიტიკურ ელიტაში ღირსეული მოწინააღმდეგე. ეს არის მისი მთავარი მოკავშირე. იმიტომ, რომ "ოცნებაში" შეიძლება არის პრობლემები, მაგრამ სხვა პარტიებს კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, ქართველ ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ მოუწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის; კარგი არჩევანი არ ჩანს და სწორედ ესაა "ოცნების" უპირატესობა - ნეგატივი და არა პოზიტივი, რაც სახელმწიფოებრივად ცუდია.
"რ": რა უნდა გააკეოს ხელისუფთლებამ ნდობის დასაბრუნებლად?
გ.ხ: "ქართულ ოცნებას" მოუწევს იმ ზღვარზე გავლა, რასაც ჰქვია უმრავლესობის მიღების ან არ მიღების რისკი. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რა კონფიგურაციაც უნდა შედგეს, საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ ექნება იმის განცდა, რომ ეს არის მისი არჩეული ხელისუფლება. პოლიტიკოსები ცდებიან, როცა პოლიტიკურ პროცესს ძალიან ვიწროდ უყურებენ. ხელისუფლების მთავარი ოპონენტი დღეს არის არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ქართული საზოგადოება, რომელთანაც გამარჯვებული ხელისუფლება მე ჯერ არ მინახავს. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ "ოცნებამ" იმედგაცრუებული ამომრჩეველი დაიბრუნოს, მთლიანად შემოტრიალება კი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ამ რამდენიმე თვეში იმედგაცრუების მიზეზების აღმოფხვრა, უბრალოდ, ვერ მოხერხდება.
"რ": ამჟამინდელი კონფიგურაციის რომელი სუბიექტი შემორჩება კოალიციას?
გ.ხ: მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" სუბიექტებს შორის სისტემური და შიდა წინააღმდეგობებია და ხშირ შემთხვევაში ეზიზღებათ კიდეც ერთმანეთი, საკუთარი უსუსურობის განცდა არ მისცემთ საშუალებას, ჩამოვიდნენ ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან.
რეალურად "ქართულ ოცნებაში" შემავალი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ არის ამომრჩევლის გაგებით ლეგიტიმური, ანუ მათ მიმართ ნდობა არ არსებობს და არც პოლიტიკური კაპიტალი აქვს რომელიმეს. ფაქტიურად მთელი "ოცნება" დღეს პარაზიტად ზის ივანიშვილის მხრებზე და ჩამოსვლა არც ერთს არ უნდა. ისიც კარგად იციან, რომ, თუ ამას გააკეთებენ, პოლიტიკიდან გასვლისათვის განწირულები არიან.
"რ": ივანიშვილის ბრენდი იმუშავებს იმ ძალით ამ არჩევნებზე როგორც 2012 წელს?
გ.ხ: გარკვეულწილად იმუშავებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი-2016 არ არის ივანიშვილი-2012. სამწუხაროდ, ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ როგორც ძალის ცენტრმა ავტორიტეტი შეინარჩუნა. შეიძლება ადამიანებს მის მიმართ აღარ აქვთ დადებითი განწყობა, მაგრამ როგორც ძალის ცენტრს აღიარებენ. პოლიტიკაში კი მთავარი ის კი არ არის, ვის ვინ უყვარს, არამედ ვისკენ არის ძალის ცენტრი, ეს ფაქტორი მოქმედებს და ამას აქვს ხიბლი.
"რ": ოპოზიციის მხრიდან უკვე ისმის საკმაოდ მწვავე განცხადებები ხელისუფლების დემონტაჟზე, დღეს კი ირწმუნებიან, რომ არჩევნების გზით მოვალთ ხელისუფლებაში და არეულობა არ გვინდაო, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა მაინც იძაბება. მოელით რომ ოპოზიცია გაერთიანდება და ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით შეუტევს?
გ.ხ: დღეს არ არის ტემპერატურა იმდენად მაღალი, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ წავიდეს. ასეთი კოალიციები იკვრება იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი ჩამოყალიბებულია. მის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაძლებელია, რომ მემარჯვენე-მემარცხენე და ყველა გაერთიანდეს. დღეს საბედნიეროდ რეჟიმი არ გვაქვს. შესაბამისად, ასეთი ტიპის ეკლექტური კოალიციების შექმნის რეალურ საფუძველს მე ვერ ვხედავ.
რა თქმა უნდა ყველა ილაპაკებს არჩევნებზე და კეთილ მიზნებზე, მაგრამ დაძაბულობამ რომ მოიმატოს, ამის ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. ანუ დაძაბულობამ მოიმატოს არჩევნების შემდეგ მაშინვე და ბენებრივია ეს იქნება არჩევნების შედეგის არაღიარება. მეორე კი ის, რომ ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მას ექნება ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია;ასე რომ, ძალიან მაღალი რისკის ზონაში ვართ. დღეს უკვე გვყავს ძალიან არასტაბილური, სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლება, არჩევნების შემდეგაც ძლიერი ხელისუფლების მოსვლის შანსს ვერ ვხედავ.