თაკო მათეშვილი
03.02.2016

 "ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი ინიციატივას, რომელიც "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს და რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძეა, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი. კომიტეტზე განხილვისას, მასში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო: პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში 600 ლარით. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: "რამდენიმე წელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ. გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობების და სიმბოლოების შეურაცხყოფას. სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და იერარქების შეურაცხყოფა. 2012 წლის 9 სექტემბერს გაურკვეველმა პირებმა ქაშუეთის ეკლესიის გალავანზე დახატეს წმინდა ნინოს კარიკატურა წარწერით: Pussy Riot."

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს. სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ იგი საკმაოდ რბილია და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კრიმინალიზებულიც კია.

ბერძენიშვილი ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და კოლეგებს სთხოვს დაასახელონ ქვეყნები, სადაც ამგვარი კანონი მოქმედებს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ევროპასთან დასაახლოებლად ხელს ნამვილად არ შეგვიწყობს.

ლევან ბერძენიშვილი: ვფიქრობ, პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, იგი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება და მას მხარს არ დავუჭერ. დაახლოებით ვხვდები, ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ განხილვებს დაველოდოთ. შესაძლოა იმათაც არ დაუჭირონ მხარი, ვინც კომიტეტში პირველი მოსმენით ხმა უკვე მისცა.

"რეზონანსი": კომიტეტის წევრები განხილვისას ამბობდნენ, რომ ამგვარი კანონი ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და ზოგან კრიმინალიზებულიც კია. ეს მართლაც ასეა?

ლ.ბ: ეს ინფორმაცია ძალიან გაზვიადებულია. შეიძლება სადმე რამე არსებობს, მაგრამ ასეთი კანონი ევროპული სტანდარტი არაა. ეს ტყუილია. ვწუხვარ, რომ ასეთ კანონებს ჩემი კომიტეტი არ იხილავს, რადგან სწორედ ჩვენ ვადგენთ თუ რამდენად შეთავსებადია ესა თუ ის პროექტი ევროპულ კანონმდებლობასთან. სესიას აუცილებლად მოვახსენებ თუ რამდენად ევროპულია ეს კანონი. ეგღა გვაკლია ევროპულად გამოგვიცხადონ ის, რაც ევროპული არაა. მოკლედ, ეს დათვური კანონია ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.

"რ": ანუ, თუ მიიღეს, ეს კანონი, ევროპასთან დაახლოებაში ხელს შეგვიშლის?

ლ.ბ: საერთოდ, ასეთი ტიპის კანონები ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესს ხელს უშლის. მითუმეტეს მაშინ, როცა ქცეყანას ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზია აქვს. ამ წუთას ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ხელს არ შეგვიშლის, მაგრამ არც შეგვიწყობს. კარგ ფონს ნამდვილად არ შეგვიქმნის და სწორედ ამის თქმას ვაპირებ სესიაზე.

"რ": თქვენი აზრით, როგორ უნდა განისაზღვროს რა არის შეურაცხყოფა?

ლ.ბ: ვინაიდან კანონი მთლიანად არასწორად მიმაჩნია და ძირშივე გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, საერთოდ არ მინდა საუბარი იმაზე თუ რა შეიძლება აღიქმებოდეს შეურაცხყოფად. შესაძლოა გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდეს, მაგრამ პრიორიტეტი გამოხატვის თავისუფლებაა. ზგადად, თავისუფლებაა პრიორიტეტი. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

"რ": როგორ ფიქრობთ, უმრავლესობაში აღმოჩნდებით?

ლ.ბ: არ ვიცი, ვნახოთ. ჩვენ ჩვენს სათქმელს ვიტყვით და შევეცდებით, რომ ამაში კოლეგებიც დავრწმუნოთ. გასაგებია, რომ ყველა ასე არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი კანონებიც უნდა არსებობდეს, მაგრამ ვეცდებით ჩვენი პოზიციაც ვაჩვენოთ.

ზოგადად, როცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ლაპარაკობენ, მე თუ არარელიგიური ვარ, ჩემი გრძნობები გრძნობები არაა? რატომ უნდა დამითვალონ რამდენი ლარი მაქვს გადასახდელი თითო სიტყვაში? ეს არსებითად არასწორი კანონია და მიკვირს, რომ მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა, სადაც იურისტებიც არიან და ევროპის კანონმდებლობა კარგად უნდა იცოდნენ. მოუწევთ გაგვცენ პასუხი თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობას გულისხმობდნენ ისინი, როცა ამ ჯარიმებს აწესებდნენ.

საერთოდ, რომელი გრძნობები ითვლება რელიგიურ გრძნობებად? რწმენაა რელიგიური გრძნობა და ღმერთი თუ არ სწამს ადამიანს, ეს როგორი გრძნობაა? ურწმუნო და მორწმუნე კონსტიტუუციურად თანასწორი არის თუ არა? თუ ჩემსა და ჩემ კოლეგას შორის 300-ლარიანი განსხვავებაა? ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იქნებოდა სერიოზულად, კანონპოექტად რომ არ იყოს პარლამენტში შემოტანილი. იმედი მაქვს, რამენაირად მივხვედავთ ამ საკითხს და არ შევრცხვებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×