ელზა პაპოშვილი
04.02.2016

 დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ კორექტული და მოზომილი იყო, მარგველაშვილმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო თემაზე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის მთავარი პრიორიტეტი პრეზიდენტთან კომუნიკაციის აღდგენა იყო, ამიტომაც თავად უმრავლესობის წევრებიც ცდილობენ, რომ მარგველაშვილთან ურთიერთობა დაალაგონ. "ქართული ოცნება" კვირიკაშვილს წინასაარჩევნოდ მაშველ რგოლად მიიჩნევს და ამიტომაც მის ყველა ქმედებას უსიტყვოდ დაეთანხმებიან.

სოსო ცისკარიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა, პირველ რიგში, საინტერესო იმით იყო, რომ მას მთავრობის მეთაური და წევრები ესწრებოდნენ. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა საინტერესო ცვლილება და საზოგადოებამ დაინახა, რომ ორი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს პატივს სცემს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვას, ვთვლი, რომ საკმაოდ გონივრული და სწორი აქცენტები იქნა გაკეთებული. ვნახეთ, რომ მის გამოსვლას თავად აუდიტორიაც სიამოვნებით უსმენდა და ის საკითხები, რაზეც ყურადღება გაამახვილა, მათთვისაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი იყო.

დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის თითოეულ სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდ პრიორიტეტად მიმაჩნია.

პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, ძალიან კორექტულად და არგუმენტებულად განიხილა. რასაც ვფიქრობ, რომ უმრავლესობის წევრებიც ეთანხმებოდნენ.

ეს მათ შემდგომ კომენტარებშიც გამოჩნდა. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ თოფაძის ნათქვამს, რომელიც მიმაჩნია, რომ ცალკეული კონკრეტული შემთხვევაა, რასაც თავად უმრავლესობის წევრებიც კი არ მოელოდნენ.

"რ": "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ზოგადი იყო და მან ყურადღება კონკრეტულ პრობლემებზე არ გაამახვილა.

ს.ც: პრეზიდენტს თავისი თანამდებობიდან გამომდინარე თითოეულ სიტყვაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მარგველაშვილს გამოსვლისას შესაძლოა, სასამართლოს პრივატიზაციის შესახებაც ესაუბრა, მაგრამ ცხადია, ასეთ რამეს არ იზამდა, რადგანაც თანამდებობა ამის თქმის საშუალებას არ აძლევს.

თემები, რომელზეც ისაუბრა, სწორედაც რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს. არ გააკრიტიკა მთავრობის მუშაობა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მოსაგვარებელი აქვს.

"რ": რას იტყვით უმრავლესობის, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ახალ დამოკიდებულებაზე? საზოგადოებამ დაინახა, რომ კვირიკაშვილსა და მარგველაშვილს შორის აზრობრივი თანხვედრა მოხდა...

ს.ც: ნაკლებად გასაკვირია ჩემთვის ეს ცვლილება, რადგანაც ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უკვე ველოდი, რომ ახალი პრემიერი პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანდა. კვირიკაშვილის და მთავრობის სხვა წევრების პარლამენტში მისვლით და პრეზიდენტის მოსმენით ეს ვარაუდი გამართლდა, რადგანაც სხვანაირად ღარიბაშვილის წასვლას აზრი არ ექნებოდა. ფაქტია, რომ კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სამაშველო რგოლია, რომელიც ამ იმედს გუშინდელი საქციელიდან გამომდინარე ამართლებს.

არ გამოვრიცხავ, რომ სანამ კვირიკაშვილს დანიშნავდნენ, მისი მთავარი მოთხოვნა ხელის ბიჭად არყოფნა ყოფილიყოს. ვვარაუდობ, რომ ივანიშვილისგან მან დამოუკიდებლად მოქმედების პირობა მიიღო და ამის პირველი ნიშნები პრეზიდენტთან კომუნიკაციაა.

"რ": როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა პრემიერმა პრეზიდენტთან ურთიერთობა? ეს წინასაარჩევნო პროცესთან ხომ არ არის დაკავშირებული?

ს.ც: ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილთანაც ათანხმებს რაღაცა თემებს, თუმცა მგონია, რომ ეს მხოლოდ დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ თავად ივანიშვილი კვირიკაშვილის რჩევასა და მოსაზრებებს ითვალისწინებს.

კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, პრეზიდენტთან დაპირისპირების ყველა თემა დღის წესრიგიდან მოხსნა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან გონივრული ნაბიჯი იყო. ამიტომაც უმრავლესობის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავად პრემიერის მოთხოვნით იყოს განპირობებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×