ეკატერინე ბასილაია
04.02.2016

 პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ორი რამით იყო თვალში საცემი - პირველი და დადებითი იყო ის, რომ "ოცნების" მმართველობის 4-წლიანი ვადის ბოლოს ტრადიცია დაირღვა და ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მინისტრთა კაბინეტი პირველად დაესწრო; ხოლო მეორე და საკმაოდ სკანდალური გამოდგა ის, რომ "მრეწველმა" გოგი თოფაძემ თქვა, რომ პრეზიდენტი "ხათრით" არის არჩეული და საკმაოდ უხერხული განცხადება გააკეთა, გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხი "დაუნები ჰგონიაო".

მის ამ განცხადებას მძიმე რეაქცია მოჰყვა დეპუტატებშიც და საზოგადოების ნაწილშიც. თვით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ საპარლამენტო ტრიბუნიდან თოფაძეს განმარტება მოსთხოვა და ისიც კი აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, თოფაძეს ამ განცხადების გამო პრეზიდენტისა და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწევს.

თავად პრეზიდენტის მოხსენებაში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა - იყო ლაპარაკი ზოგადად პრობლემებზე, თუმცა მისი გადაჭრის გზები არ დასახელებულა. იყო საუბარი ყველაფერზე და არაფერზე - ასეთი იყო ზოგადი შეფასებები. ალბათ ამ დაბალანსებული და ნაკლებად კრიტიკული მოხსენების გამო მარგველაშვილის გამოსვლა უმრავლესობას და მთავრობის წევრებს მოეწონათ და ამ ფლანგიდან კრიტიკული შეფასებებიც არ ყოფილა. უფრო მეტიც, პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მხრიდან შექებაც კი დაიმსახურა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა "ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი" და სასიხარულოა, რომ ის მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას იზიარებს. თინა ხიდაშელმა კი ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მას, არც მეტი, არც ნაკლები, "სანიმუშო მთავარსარდალი" უწოდა.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 2 საათისათვის დაიწყო. ეს მარგველაშვილის მესამე ანგარიშია და პირველი შემთხვევაა, როდესაც მას მინისტრთა კაბინეტი ესწრება.

ეს ფაქტი "რესპუბლიკელების" მიერ შეფასდა კიდეც პოლიტიკური წესრიგისკენ გადადგმულ ნაბიჯად. თუმცა რა უშლიდა კაბინეტს მანამდე ყოფილიყო პოლიტიკური წესრიგი, დღეს ამაზე ხმა არავის გაუღია.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ორი მოხსენებისას მინისტრთა კაბინეტი არმისვლის მიზეზად სწორედ იმას ასახელებდა, რომ კონსტიტუციით მინისტრებს თურმე პრეზიდენტის მოსმენა არ ევალებოდათ, დღეს კი ეს არგუმენტი არავის გახსენებია.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, წინა წლებში დაუსწრებლობა პიროვნულ დამოკიდებულებას არ უკავშირდებოდა - გადაწყვეტილება გუნდურად იყო მიღებული.

სამაგიეროდ, მარგველაშვილის გამოსვლით აღფრთოვანებული არ დარჩენილა "ნაციონალური მოძრაობა".

"სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის უბედურება, რომ 4 წლის თავზე მთავარ მიღწევად პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება სახელდება," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების" თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტი ერთი კაცის ჭკუით გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ უნდა იყოს.

ბობოხიძის შეფასებით, მარგველაშვილის დღევანდელი ტონი საკმარისად კრიტიკული არ იყო და ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობა დგას. ბობოხიძის ვარაუდით, ეს ტონი განაპირობა იმანაც, რომ "კვირიკაშვილმა თითქოსდა თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადადგა".

პრეზიდენტს 3 საათი უსმენდნენ პარლამენტი, მთავრობა და ელჩები. პირველი პირის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დებატები არ ყოფილა, მხოლოდ 12-ვე ფრაქციის თავმჯდომარეების გამოსვლები იყო 15-წუთიანი რეგლამენტით.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ წინ საარჩევნო წელია და ის ცვლილებები, რომლებიც გასატარებელია, დღესვე უნდა გავითვალისწინოთ; საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა; თავისუფალი მედია ხელშეუხებელია; "გაზპრომი" არ არის მხოლოდ ენერგეტიკა; პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება კონსტიტუციური ინსტიტუტების შელახვაში არ უნდა გამოიხატოს; საპროკურორო საბჭოს პროკურორების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება უნდა დაეკისროს; ადგილობრივ თვითმმართველობებს რეალური ძალაუფლება უნდა გადაეცეს; არა მხოლოდ ქალთა მიმართ, არამედ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია; და ა.შ.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წელი რთული იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და 2016 წელს საქართველო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული; საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიანად გამოყენება უნდა მოხდეს;

მისი აზრით, პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები;

მისი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სრულად გამოყენება.

პრეზიდენტის გამოსვლა მისაღები აღმოჩნდა "თავისუფალი დემოკრატებისთვის", თუმცა ნინო გოგუაძემ ისიც აღნიშნა, რომ განსაკუთრებული არაფერი თქმულა და მას უკმარისობის გრძნობაც გაუჩნდა. "ნაციონალების" თქმით კი, ეს იყო "კეთილი სურვილების გამოთქმა" და სხვა არაფერი.

პრეზიდენტს მცირე შესწორება მისცა "ეროვნული ფორუმის" ხელმძღვანელმა გუბაზ სანიკიძემ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას ხანდახან ზვიად გამსახურდია გაიხსენოს.

ყველაზე სკანდალური კი გოგი თოფაძის გამოსვლა აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს.

თქვა, რომ თითქოს მარგველაშვილმა პრეზიდენტობამდე ქართველი ხალხი "დაუნებს" შეადარა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა ერს. ასევე შეახსენა ისიც, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში არ უნდა შესულიყო, რადგან მან ამის პირობა დადო. დეპუტატმა მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს უცხოეთის ერთ ქვეყანაში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული არ წაადგა.

გარდა ამისა, გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხის "ერთი კარგი თვისება - მადლიერებაც" შეახსენა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ პრეზიდენტად ის ივანიშვილმა გაიყვანა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი თვის შემდეგ მან ხელისუფლების მიმართ "უცნაური პოზიცია" დაიჭირა, ეს კი ქართველ კაცს არ ახასიათებს.

"ნაციონალებმა" თოფაძე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

"დაუნის სინდრომის" სალანძღავად გამოყენების გამო კი თოფაძემ კრიტიკა გია ვოლსკისგანაც დაიმსახურა.

"რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა კი აღიარა ის, რომ წინა წლებში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა იყო გამოცხადებული", მაგრამ აღნიშნა, რომ მისი პარტია ამ კამპანიაში არ ჩაერთო. მიზეზი კი ის იყო, რომ პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი, პრეზიდენტი ინსტიტუტია და მას პატივი უნდა ვცეთ.

ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის ურთიერთობა ბოლომდე დათბა თუ არა, ამის თქმა ჯერ ნაადრევია, თუმცა ყინული რომ გალღვა, ეს პრემიერი კვირიკაშვილის მოხსენებაზე დასწრების გადაწყვეტილებიდანაც ჩანს და უმრავლესობის დეპუტატების ასევე დამთბარი შეფასებებიდანაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×