წინასაარჩევნო კამპანია კარსაა მომდგარი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, ჩაერთვება თუ არა მასში ბიძინა ივანიშვილი და თუ ჩაერთვება, რა ფორმით, არ არსებობს.
უმრავლესობის წარმომადგენლები განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ყოველგვარი პროცესისგან განზე დგომის გადაწყვეტილება მიიღო, ნაწილი კი ამბობს, რომ ბუნებრივია, მის მიერ შექმნილ პარტიას ასეთ მნიშვნელოვან დროს გვერდით დაუდგება.ჯერჯერობით არც საარჩევნო სიაა ცნობილი, რომლითაც კოალიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება. მეტიც, კოალიციაში ამაზე მოლაპარაკებაც კი არ დაწყებულა. მასში შემავალი პარტიები ჯერ პარტიულ სიებს დამოუკიდებლად აყალიბებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან და ერთობლივი სიის შედგენაზე დაიწყებენ მუშაობას.
იჯდება თუ არა ამ მაგიდასთან ბიძინა ივანიშვილიც, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას სიის შედგენაში, ან მოგვიანებით საარჩევნო კამპანიაში, საჯაროდ, ან კონსულტირების დონეზე, ამასთან დაკავშირებით კოალიციაში საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 31 დეკემბერს ივანიშვილმა თავად განაცხად - სიების შედგენაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებო, ამას ზოგი კატეგორიულად უარყოფს.
"ძალიან აქტიურად ჩავერევი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ. მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს. რამეთუ იმ გზებს, რაც გამოიკვეთა ჩვენი მოსვლის შემდგომ, იმ ფასეულობებს, რაც დავამკვიდრეთ, გაღრმავება და გამაგრება სჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა "2030"-ში და დასძინა, რომ გუნდის გადახალისების მიზნით შეხვედრებიც ჰქონდა.
იგივე დაადასტურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც და მსგავს მოსაზრებებს აფიქსირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილიც. ამბობენ, რომ ზუსტად არ იციან რა ფორმით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს. მათი თქმით, ეს ბუნებრივია, რადგან იგი "ქართული ოცნების" დამფუძნებელია.
"შესაძლოა იყოს კონსულტაციებსა და შეხვედრებზეც. მისი სიტყვა მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის აბსოლუტურად განზე იდგება. თუმცა ეს ჩართულობა ოფიციალური არ იქნება.
"რაც შეეხება სიის ფორმირებას, ოფიციალურად ამაშიც არ ჩაერთვება, მაგრამ შეიძლება საჭოჭმანო საკითხებზე გამოთქვას აზრი. თუკი მისი რჩევა და კონსულტაცია საჭირო გახდა, გამორიცხული არაა, რომ მივმართოთ არა მხოლოდ პარტიის, არამედ კოალიციის საკითხებთან დაკავშირებითაც.
"თუმცა გადამწყვეტი მაინც ის იქნება, რა შეთანხმებამდეც კოალიცია მივა. პარტია "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილთან ალბათ უფრო მეტი კონტაქტი ექნება", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.
რაც შეეხება იმას, ვიხილავთ თუ არა ბიძინა ივანიშვილს საჯარო შეხვედრებზე, ან კანდიდატების საზოგადოებისათვის წარდგენისას, მაღრაძე ამბობს, რომ თავისი მხარდაჭერა მან საჯაროდაც შეიძლება დააფიქსიროს ისე, როგორც სხვა, საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა - "მას ამ უფლებას ვერ წავართმევთ", - დასძენს იგი.
თამაზ მეჭიაური: "არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ რაღაც ფორმით ჩართული იქნება. "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, მხარდაჭერას გამოუცხადებს. რა ფორმით გამოიხატება ეს, დრო გვიჩვენებს. შესაძლოა კონსულტირების დონეზე."
ანი მიროტაძე: "ბატონი ბიძინა ჩვენი გუნდის წევრია, ამიტომ მგონია, რომ საარჩევნო პერიოდში არ დაჯდება და ვითარებას შორიდან არ დააკვირდება, თუმცა როგორ გააკეთებს ამას - როგორც რიგითი მოქალაქე, თუ უფრო აქტიურად ჩართული პირი, ამ საკითხზე არ არ გვიმსჯელია."
ზვიად კვაჭანტირაძე: "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, რადგან იგი კოალიციის უპირობო ლიდერად რჩება."
განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ "რესპუბლიკელები". პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2016 წელს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილი აღარ ჩაერთვება. უსუფაშვილის განმარტებით, ამ საკითხში გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი კოალიციის ლიდერი (გიორგი კვირიკაშვილი) იქნება, თუმცა სიის დაკომპლექტება კოალიციურად შეთანხმდება.
იგივე განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემაც. ჩვენს კითხვაზე, იჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ბიძინა ივანიშვილიც, სამნიძემ შემდეგნაირად გვიპასუხა: "უკვე ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სიების შედგენასა და ზოგადად, საარჩევნო კამპანიაში აღარ ჩაერთვება.
ამ პროცესს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელიც კოალიციის ლიდერია. მე ეს მოვისმინე და არავითარი სხვა მოლოდინი არ მაქვს. მე ზუსტად ვერ გეტყვით, იქნება თუ არა ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან."