"მაესტროს" პარტნიორთა კრებამ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე გადააყენა და მის ადგილზე ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. გადაბაძე გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის, რადიკალურ ბრძოლას იწყებს და ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელს და ახალ გენერალურ დირექტორს ტელევიზიაში შესვლის უფლებას არ მისცემს.
გიორგი გაჩეჩილაძე "მაესტროში" მაშინ მივიდა, როდესაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პირდაპირ ეთერში, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.
გადაბაძემ განაცხადა, რომ წილების გადანაწილების პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს გაჩეჩილაძემ კი ეს შანტაჟად შეაფასა. ამასთან მან გადაბაძეს ტელევიზიაში დარჩენა და მუშაობა შესთავაზა. გაჩეჩილაძის განცხადებით, ის ერთ-ერთია, რომელმაც გადაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
"შენი სიტყვებით ძალიან აღიზიანებ იმ ადამიანს, ვისაც უყვარდი, მე შენს დაცვაზე უფრო ვზრუნავ, ვიდრე შენ საკუთარ თავზე. შენ რა გინდა?! დირექტორის პოსტის დატოვება არ გინდა?! კი ბატონო, დავილაპარაკოთ და, ვნახოთ, როგორ გავაკეთებთ საქმეს", - უთხრა გაჩეჩილაძემ გადაბაძეს.
აღნიშნული დიალოგის შემდეგ მხარეებმა სათათბირო ოთახში გადაინაცვლეს, სადაც პარტნიოთა კრება 3 საათზე დიდხანს გაგრძელდა. კრებაზე დასასწრებად გადაბაძემ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც მიიწვია, თუმცა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა მათ დასწრების ნებართვა არ მისცა.გაჩეჩილაძის თქმით, ეს არის კერძო ტელევიზია და იმართება ჩვეულებრივი კრება, რომელთან დაკავშირებითაც აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს.
ა/ო "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" პროექტების მენეჯერის, ნინო რობაქიძის თქმით, მოსახლეობამ სწრაფად უნდა მიიღოს პასუხი საინტერესო კითხვებზე.
"ჩვენ გვსურს დავაკვირდეთ პროცესებს მეტი გამჭირვალობისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს პასუხები საინტერესო კითხვებზე. გვქონდა სურვილი, რომ დავსწრებოდით შეხვედრას, თუმცა ერთი-ერთი პარტნიორის ადვოკატი წინააღმდეგია.
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება და რაც "მაესტროს" მენეჯმენტმა მოგვაწოდა, ვთვლით, რომ პროცესი არის დაჩქარებული. უფრო მეტი პასუხია საჭირო, რაც არ არსებობს. ასევე გავითვალისწინოთ კონტექსტი - არჩევნებამდე რამდენი თვით ადრე იწყება მფლობელებთან დაკავშირებული დავა. თანაც ვიცით, რომ "მაესტროს" გარშემო რამდენიმე სასამართლო მიმდინარეობს და ვთვლით, რომ სანამ სამართლებრივი დავა არ დასრულდება, არ იქნება მიზანშეწონილი ფორსირებულად მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელება", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო რობაქიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაბაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ თანამდებობა დაატოვებინეს, რაც მან პოლიტიკური მოტივით ახსნა და ძმები გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ რადიკალური ბრძოლა დააანონსა - აღნიშნა, რომ გაფიცვას იწყებს.
გადაბაძის თქმით, პარტნიორთა კრებაზე განიხილეს მისი საკითხი, სადაც 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თანამდებობიდან გადააყენა.
"გაკოტრების საქმის წარმოება ჩათვალეს ჩემს არასწორ ნაბიჯად და ასევე ლოგოს გადაცემა. გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა შემომთავაზეს დავრჩენილიყავი ტელევიზიაში და მემუშავა. მე მაინტერესებდა მათი კონკრეტული შეთავაზება, რის შემდეგაც მთხოვეს, რომ ავსულიყავი ჩემს კაბინეტში სასაუბროდ.
ვისაუბრეთ. მათ ვერ დამარწმუნეს, რომ ფულის წარმომავლობა არის ქველმოქმედება, რომ ეს არის კეთილი მიზნებისთვის. მე მჯერა, რომ მათ უნდათ კარგი ტელევიზიის გაკეთება და აქვთ კარგი იდეები. გამორიცხულია, არ ვეთანხმები იმას, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს აქვს სურვილი დაეხმაროს "მაესტროს". მიმაჩნია, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული", - განაცხადა ბაია გადაბაძემ და აღნიშნა, რომ დღეიდან იწყებს გაფიცვას.
"მე ამ წუთიდან ვიწყებ გაფიცვას, მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავარეგისტრირო ჩემი პროტესტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დანიშვნის საკითხზე არ დაარეგისტრიროს, რადგან ეს იქნება არასწორი და უკანონო... მე გადავდივარ ასეთ რეჟიმში, რადგან სხვა გზა არ დამრჩენია. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, არ განახორციელონ ცვლილება იმიტომ, რომ ამით საფრთხის ქვეშ დადგება ტელეკომპანიის სამომავლო ბედი", - განაცხადა გადაბაძემ.
გია გაჩეჩილაძის თქმით, გადაბაძისთვის კონკრეტული პოზიცია არ შეუთავაზებიათ, თუმცა სურდათ, ერთად აეწიათ, ის მძიმე "შტანგა", რომელიც ასაწევია. მისივე თქმით, გადაბაძემ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და მან კიდევ ერთხელ განმარტა გადაბაძის პოსტიდან გათავისუფლების მოტივი.
"მისი გაშვების მიზეზი არის "მაესტროს" რეიტინგის კლება, ტელევიზიის გაკოტრებაზე მის მიერ შეტანილი განცხადება - ფინანსური მდგომარეობა, სხვა რა უნდა იყოს მიზეზი?", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მან ასევე დაადასტურა პრემიერ-მინისტრთან მისი შეხვედრა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს როგორც მეგობარს ისე შეხვდა და ეს "მაესტროსთან" კავშირში არ არის. ამასთან, მისი განმარტებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ "მაესტროს" მისმა ძმამ, ლევან გაჩეჩილაძემ უხელმძღვანელოს.
ახალმა გენერალურმა დირექტორმა კი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის პირობა დადო და აღნიშნა, რომ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას არ გეგმავს: "მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა", - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაჩეჩილაძის თქმით, იგი აპირებს კომპანიის შესწავლას და უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ გეგმავს.
"სანამ კომპანიას არ შევისწავლი ყველა მიმართულებით, კონტენტის, ფინანსური დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. მერე, ერთბაშად დავდებ ჩემი მოქმედების გეგმას. ამისთვის მჭირდება გარკვეული დრო.
"არ ვარ ინფორმირებული, კონკრეტულად რა მძიმე პროცესები მიდის "მაესტროს" შიგნით. ინფორმირებული ვარ, მხოლოდ ზოგადად, რომ მძიმე პროცესი მიდის ხელფასებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არავის გაშვებას არ ვაპირებ - ინტელექტუალური აზროვნების გამოყენებისკენ ვარ მოწოდებული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, "მაესტროს" მართვა არის უდიდესი პასუხისმგებლობა.
"მე მჭირება ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბაიასთან ერთად მინდოდა დამეგეგმა ყველა მომავალი ნაბიჯი და იქ გამოჩნდებოდა ვინ, სად, როგორ და რანაირად არის მოწადინებული მუშაობაზე. მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია - გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი2"-დან, "რუსთავი2"-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ მეწილეებს - ტელევიზიის 15%-იანი წილის მფლობელი მამუკა ღლონტის ადვოკატი ამბობს, რომ გადაბაძის გათავისუფლება უსაფუძვლოა. გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მაკა ასათიანის წარმომადგენელი გიორგი გვენეტაძეც. მისი თქმით, გენერალური დირექტორობიდან ბაია გადაბაძის გადაყენება უკანონოდ მოხდა.
"ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან კრება ჩატარდა პროცედურების დარღვევით, მას არ ესწრებოდა ერთ-ერთი პარტნიორი - 5%-იანი წილის მფლობელი ეკატერინე აკობია", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, როცა ცვლილება რეესტრში გატარდება, ამასთან დაკავშირებით კი გარკვეული დროა საჭირო.
ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს "მაესტროს" ჟურნალისტებმა.
განცხადებაში ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბაია გადაბაძის მმართველობისას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. "მაესტროს" თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება.