"სადღეისოდ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, რომ ნატოსთან ურთიერთობა განავითაროს და ინტეგრაციული პროცესები გააღრმავოს.
"რაც შეეხება კონკრეტულად მაპს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, თუ ნატო მოინდომებს, რომ საქართველო მაპის გარეშე გახდეს წევრი, ეს ასეც იქნება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების ვადაზე, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე და ესტონეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ვესაუბრე.
"რეზონანსი": რა მთავარ მიზნებს ისახავს ესტონეთი საქართველოსთან ურთიერთობაში 2016 წელს?
პრიიტ ტურკი: საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობა ეს არის მეგობრობა და მხარდაჭერა. ამ წელსაც ესტონეთი გაგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე, ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკულ პროექტებზე ვიყოთ ორიენტირებული, რაც მოიცავს გამოცდილების გაზიარებას: თავდაცვის, განათლების, ელექტრონული სერვისების განვითარების და სხვა სფეროებში. ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს უფრო გააღრმავოს ურთიერთობა ევროკავშირთან, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ასოცირების ხელშეკრულება და ეკონომიკური თანამშრომლობა გაამყაროს. ჩამოგვყავს სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, რათა ისინი დაეხმარონ სამინისტროებს რეფორმების წარმატებით იმპლიმენტაციაში.
მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად ვიზიტი ექნება ტალინში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი თანამშრომლობის განვითარებაში.
"რ": მიმდინარე წელს საქართველო-ნატოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ალიანსის სამიტი ვარშავაში. როგორ ფიქრობთ, აქვს საქართველოს შანსი შემდეგი ნაბიჯი გადადგას ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე, ვგულისხმობ მაპის მიღებას...
პ.ტ: პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მაგრამ ძალაში რჩება ალიანსის გადაწყვეტილება, რომ თქვენი ქვეყანა გახდება წევრი, როგორც კი შესაბამისი დრო დადგება.
"რ": იქნებ კონკრეტულად აუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რა არის ის, რაც გვაშორებს მაპის მიღებას და ნატოში წევრობას. არის რაიმე კონკრეტული მოთხოვნა, რასაც საქართველო ვერ აკმაყოფილებს?
პ.ტ: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ რომელიმე ქვეყნის ნატოში გაწევრიანება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ალიანსის წევრები კოლექტიურად იღებენ.
ეს არ არის იმის მსგავსი პროცესი, რასაც თქვენ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით გადიხართ, სადაც გამოკვეთილია კონკრეტული კრიტერიუმები. თუმცა ნატო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და კანონის უზენაესობას.
"რ": შესაძლებელია, თუ არა ნატოში გაწევრიანება მაპის გარეშე, თუ ეს აუცილებელი ინსტრუმენტია?
პ.ტ: სადღეისოდ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, რომ ნატოსთან ურთიერთობა განავითაროს და ინტეგრაციული პროცესები გააღრმავოს. რაც შეეხება კონკრეტულად მაპს, ესტონეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ჩვენ ჯერ მივიღეთ ის და შემდეგ გავხდით წევრი... მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ყველაფერი დამოკიდებული იქნება წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, თუ ნატო მოინდომებს, რომ საქართველო მაპის გარეშე გახდეს წევრი, ეს ასეც იქნება.
"რ": რჩება თუ არა ძალაში ნატოს ღია კარის პოლიტიკა და მზად არის თუ არა ორგანიზაცია შემდგომი გაფართოებისა და ახალი წევრების მიღებისათვის იმ დროს, როდესაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და თავად ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილიც, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება ამას?
პ.ტ: ნატო რომ გაფართოებას განაგრძობს, ამის საუკეთესო მაგალითია მონტენეგრო, რომელმაც მიწვევა უკვე მიიღო. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი საქართველო იქნება.
"რ": საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით ელიან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საბოლოო გაუქმებას. დეკემბერში ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. როდის მივიღებთ უვიზო მიმოსვლის უფლებას?
პ.ტ: ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს, ასევე მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის პოზიცია.
შესაძლოა, ეს ისე ჩქარა ვერ მოხდეს, როგორც საქართველოს სურს, რადგანაც ამ ქვეყნებს თავიანთი პრობლემები აქვთ და სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა მიგრაციული კრიზისი, უსაფრთხოების თემას და ასე შემდეგ...
"რ": ამის მიუხედავად, რომ გავითვალისწინოთ მოლდოვას მაგალითი, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, ვინც ამ პრივილეგიით სარგებლობს, დაახლოებით რა ვადა შეიძლება დაგვჭირდეს დადებითი დასკვნიდან პრაქტიკულ იმპლემენტაციამდე?
პ.ტ: მოლდოვას შემთხვევაში ამ პროცესმა დაახლოებით 6 თვე გასტანა...
"რ": ანუ, რეალურია, რომ ზაფხულიდან ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში?
პ.ტ: დიახ, ეს რეალურია.
"რ": არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ საქართველოს და უკრაინის თემა გარკვეულწილად ერთ პაკეტში განიხილება. როგორც ცნობილია, უკრაინას დარჩა შესასრულებელი გარკვეული მოთხოვნები. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ვერ მოასწრებს მათ რეალიზებას, შესაძლოა თუ არა, რომ ამან საქართველოსთვის ვიზის გაუქმების პროცესი შეაფერხოს?
პ.ტ: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა იყოს წარმატებული და რეფორმები მაქსიმალურად ეფექტურად გატარდეს. მოლდოვა პირველი ქვეყანა იყო ამ პროექტიდან, ვინც უკვე მიიღო უვიზო მიმოსვლა და ახლა რიგში საქართველო და უკრაინა დგანან.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ კითხვას, საქართველოს საკითხი მხოლოდ თავად საქართველოზეა დამოკიდებული.
"რ": ამჟამად ევროკავშირი უმძიმესი მიგრაციული კრიზისის წინაშე დგას. რა არის გამოსავალი?
პ.ტ: ამის მზა რეცეპტი რომ მქონდეს... ვფიქრობ, რომ აუცილებელია ევროკავშირის საზღვრების უკეთ დაცვა და სირიის კრიზისის დარეგულირება, რათა ლტოლვილთა დამატებითი ნაკადი მაინც აღარ მივიღოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი იყოს სოლიდარული და ერთობლივად გაუმკლავდეს ამ პრობლემას.
"რ": ამ კრიზისის ფონზე ისეთი მოსაზრებებიც კი ისმის, რომ შენგენის შეთანხმება, რაც ალბათ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს...
პ.ტ: შენგენის შეთახმება თავისუფალი გადაადგილების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
შესაძლოა ზოგიერთმა ქვეყანამ გარკვეული ინდივიდუალური რეგულაციები შემოიღოს საზღვარზე, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილება, მანამ კრიზისი არ მოგვარდება.
"რ": ბოლოს მინდა გკითხოთ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთკავშირის გაღრმავების პერსპექტივის შესახებ. რა რეპუტაციით სარგებლობს დღეს საქართველო ესტონელი საზოგადოების თვალში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა ესტონელი ტურისტებისათვის?
პ.ტ: ესტონელებს საქართველოს მიმართ ძლიერი ემოციური მუხტი ამოძრავებთ, რაც თქვენი ქვეყნისა და ხალხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულებაა.
ინტერესიც მზარდია და სულ უფრო მეტი ესტონელი ტურისტი ჩამოდის აქ, სადაც მათ სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო, კლიმატი, ბათუმი, ზღვა, ზამთრის კურორტები და მთის პეიზაჟები იზიდავთ. საქართველოდან დაბრუნებული ესტონელები თავიანთ შთაბეჭდილებებს მეგობრებს, მეზობლებს უზიარებენ და ინტერესიც სულ უფრო იზრდება. ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ესტონეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები რომ სრულდებოდეს.