პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, ვინ მოხვდება "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ ვერა. მისი თქმით, თითოეულის ბედს გუნდურად და ბიძინა ივანიშვილთან ერთად კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვეტენ. მისივე განცხადებით, ძირითადად საგარეო და საფინანსო მიმართულებების გაძლიერებაზე მუშაობენ და აქედან გამომდინარე, საარჩევნო სიასაც ამ პრინციპით დააკომპლექტებენ.
რეგიონში "ოცნების" კიდევ ერთ მარცხზე და საარჩევნო სიის ფორმირებაზე "მთელი კვირა" პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
ირაკლი კობახიძე: გორში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოსალოდნელი იყო, რადგან იქ უმრავლესობა მყიფე იყო, უმცირესობა კი - მყარი. აქედან გამომდინარე მყარად ვერ ხდებოდა საკითხების გადაწყვეტა. ამას ველოდით, თუმცა დეტალებზე არ მინდა საუბარი. საბოლოო ჯამში ცოტა სირთულეები გვაქვს, თუმცა ვითარება დარეგულირებას ექვემდებარება და ამას აუცილებლად დავარეგულირებთ. ანუ, რაიმე პრობლემა აღარ მგონია, რომ შეიქმნას.
"მთელი კვირა": ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გორის მერის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს, რაც უკვე დაანონსდა?
ი.კ.: ამ ეტაპზე ეს არ არის მოსალოდნელი. იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ესაჭიროება 10 ხმა და ამ ხმების მოგროვება დღევანდელი მდგომარეობით უმცირესობას გაუჭირდება.
"მ.კ.": სხვა რეგიონებში თუ არის მსგავსი საშიშროება, რადგან კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გამოსვლის შემდეგ "ოცნების" მყარ უმრავლესობას პრობლემები შეექმნა?
ი.კ.: მსგავსი ტიპის ვითარება სხვაგან არსად არ არის. დანარჩენ რეგიონებში ჩამოყალიბებულია უმტესეს შემთხვევაში მყარი უმრავლესობა. ვითარება აბსოლუტურად კონტროლქვეშაა და იგივეს გამეორება მოსალოდნელი არ არის.
"მ.კ.": რაც შეეხება "ოცნების" საარჩევნო სიას, თუ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი?
ი.კ.: ჯერჯერობით სიაზე საერთოდ არ გამართულა კონკრეტული კონსულტაციები. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვაკონკრეტებთ, მათ შორის ვერც სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით. ლოგიკურად ვარიანტებზე შეიძლება დღესაც ვისაუბროთ, მაგრამ ყველაფერი მსჯელობის საგანია, რომელიც აუცილებლად გაიმართება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ როგორც სიის პირველი ნომრის, ასევე სხვა წევრების დასახელებას.
"მ.კ.": წინა არჩევნების დროს პირველი ნომერი კახი კალაძე იყო. იგეგმება თუ არა მისი შეცვლა?
ი.კ.: პირველი ნომერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ანუ, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით ავწონ-დავწონით და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ, თუ ვინ უნდა იყოს სიის პირველი ნომერი.
"მ.კ.": თქვენ განაცხადეთ, რომ სიაში მსახიობები და სპორტსმენები აღარ იქნებიან...
ი.კ.: კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სახელ და გვარს დღეისათვის ვერცერთს ვერ დავაკონკრეტებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ცნობილი არ არის. ამიტომ ვერც პოზიტიური და ვერც ნეგატიური კუთხით ვერაფერს ვერ დავაკონკრეტებ. გვექნება აუცილებლად კონსულტაციები და ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ რა სახეს მიიღებს სია.
რაც შეეხება პროფესიას, ბუნებრივია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ თვისობრივად გავაძლიეროთ ჩვენი ფრაქცია მომავალ პარლამენტში და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად.
მინდა გავაძლიეროთ საპარლამენტო მუშაობა. ამიტომ იურიდიული, კანონშემოქმედებითი რესურსი უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური, საფინანსო და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული გაძლიერება გვესაჭიროება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.
"მ.კ.": ანუ, სიაში ვერ ვიხილავთ ისეთ დეპუტატებს, რომლებიც 4 წლის განმავლობაში არ აქტიურობდნენ თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით?
ი.კ.: კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თითოეულის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, გუნდურად და საბოლოო ჯამში ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. პრინციპი უკვე ვიცით - ჩვენ გვჭირდება გაძლიერება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება.
"მ.კ.": მაგალითად, თამაზ მეჭიაური ან სოსო ჯაჭვლიანი თუ მოხვდებიან მომავალ პარლამენტში?
ი.კ.: თითოეული სახელი და გვარი გუნდის მიერ არის განსახილველი. ამ ეტაპზე არ შემიძლია არაფრის დაკონკრეტება. კონსულტაციები აქტიურად არ დაწყებულა. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ინტენსიური სახე არ მიუღია. აქედან გამომდინარე ვერც ნეგატიური და ვერც პოზიტიური ფორმით ვერაფერს გეტყვით.
"მ.კ.": სიაში ახალ სახეებს თუ ვიხილავთ? ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი სახე გიორგი მოსიძეა. დასრულდა თუ არა მასთან მოლაპარაკება?
ი.კ.: ახალი სახეები იქნება, თუმცა ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ. თანდათანობით მომავალი თვების განმავლობაში გამოჩნდება. საბოლოო სახეს სია არჩევნების წინ მიიღებს.
როგორც აღვნიშნე, საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაზე ვმუშაობთ და სწორედ ეს იგულისხმება. ახალი სახეებით უნდა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
"მ.კ.": ბიძინა ივანიშვილი სიის ფორმირებაში აქტიურადაა ჩართული?
ი.კ.: გვაქვს მასთან კონსულტაციები და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
"მ.კ.": გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიაში რა ფორმით იქნება ივანიშვილი ჩართული?
ი.კ.: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა ფორმა ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა ეს ივანიშვილის პოზიციაზეა დამოკიდებული. იქნება მსჯელობა პარტიაში და ამის შემდეგ დაკონკრეტდება უშუალოდ ფორმა.
"მ.კ.": კვოტებთან დაკავშირებით თუ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული? როგორც წინა არჩევნების დროს, "ოცნება" ახლაც ათეულში 5 ადგილს ითხოვს?
ი.კ.: ამაზეც ზუსტად იგივე შემიძლია გითხრათ. კოალიციის ფარგლებში ჯერჯერობით კონსულტაციები არ დაწყებულა. საბოლოოდ გუნდურად პარტიების მიერ მიიღება გადაწყვეტილება.