თაკო მათეშვილი
08.02.2016

 ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირშია.

მისი თქმით, სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ფულადი კაპიტალის გარდა მათ ხელში უკვე ორი ტელევიზია - "მაესტრო" და "იმედი" იქნება, გელბახიანი დარწმუნებულია, რომ ეს ძალა "ქართულ ოცნებას" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს და დიდი რაოდენობით ხმებს წაართმევს. ამაში, მისი აზრით, პატარკაციშვილების გუნდს ბადრი პატარკაციშვილის სახელი და ავტორიტეტიც დაეხმარება.

ვალერი გელბახიანი: საარჩევნო წელია და ბუნებრივია, ის სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში ბრძოლას აპირებენ, ყველანაირი ძალის გამოყენებას ცდილობენ. შემთხვევითი არც "მაესტოს" გარშემო განვითარებული მოვლენებია. იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს პირდაპირ უკავშირდება.

"მთელი კვირა": ვინაიდან გაჩეჩილაძეების დამფინანსებელი ირაკლი რუხაძე პარალელურად პატარკაციშვილის ოჯახის ქონების განმკარგავია, გაჩნდა ეჭვები, რომ ამ ყველაფრის უკან რეალურად სწორედ პატარკაციშვილების ოჯახი დგას. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ხმები ამის შესახებ?

ვ.გ.: პირი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქონებას მართავს, პრაქტიკულად ოჯახის წარმომადგენელია. დამოუკიდებლად ის ვერანაირად ვერ იმოქმედებდა. მისი ყველა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ოჯახთან იქნება შეთანხმებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ პატარკაციშვილების ოჯახს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება სურს.

"მ.კ.": ელისო კილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მაესტროს" შესახებ მოლაპარაკებებში ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილიც მონაწილეობდა, რაც, მისი აზრით, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეში ივანიშვილიც ჩართულია.

ვ.გ.: უჩა მამაცაშვილი პატარკაციშვილის ოჯახის ივანიშვილთან დაახლოებაში იყო ჩართული. რა თქმა უნდა, აქ საგანგაშო არაფერია, მაგრამ საკითხავია რამდენად ჯდება დღეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში ის, რომ ეს ოჯახი პოლიტიკაში შემოვიდეს.

ეს თემა ცოტა არ იყოს საჩოთიროა. არჩევნები პოლიტიკური ჰარმონიის დრო არაა. აქ ყველა ერთმანეთის მეტოქეა და ერთმანეთს ხმებს ართმევს. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი კი თავის ხმებს არ აიღებს და ივანიშვილს არ აჩუქებს. ეს გამორიცხულია.

"მ.კ.": ანუ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეჭვები, რომ "მაესტრო" გაჩეჩილაძეების ხელში გადასვლით პროსახელისუფლებო არხი გახდება, რეალურად პატარკაციშვილების ოჯახის ინტერესს გაატარებს, რომელიც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება?

ვ.გ.: რა თქმა უნდა. ეს აუცილებლად ასე იქნება.

"მ.კ.": როგორი იქნება მათი შანსები, ან ვინ შეიძლება იყოს მათ გუნდში?

"მ.კ.": გუნდის მოძებნა ძნელი არაა. მითუმეტეს, რომ ბადრის ოჯახი უცხო არც თბილისისთვისაა და არც საქართველოსთვის. პოლიტიკამ არც და იცის, არც ძმა და არც დედ-მამა. პოლიტიკა ამ ურთიერთობებისგან შორს დგას. ამ დროს მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გჭირდება ამ პროცესში. პატარკაციშვილებიც იმას დაუძახებენ, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან.

"მ.კ.": ანუ, არჩევნებისათვის, თქვენი აზრით, უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრსა და კანდიდატთა სიას მივიღებთ, ვიდრე დღეის მდგომარეობითაა მოსალოდნელი?

ვ.გ.: ბუნებრივია. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც პაატა ბურჭულაძე ამტკიცებს საზოგადოებრივი მოძრაობა მაქვს და არა პოლიტიკური პარტიაო, მალე ვიხილავთ, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება.

ჯერ ისიც არ ვიცით რას აპირებს კიევის ყოფილი მერი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, დიდი გეგმები აქვს.

ძალიან ბევრი სერიოზული მოთამაშე შეიძლება გამოჩნდეს, თუკი ფინანსური რესურსის თავმოყრას მოახრეხებენ. ბევრი რამაა ისეთი, რასაც ჯერ აშკარად ვერ ვხედავთ, მაგრამ ველი, რომ მარტის ბოლომდე, ან მაქსიმუმ აპრილის შუა რიცხვებამდე ყველაფერი გაირკვევა - ვინ რა სახით წარდგება არჩევნებზე.

"მ.კ.": შესაძლებელია თუ არა, თქვენი აზრით, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებთან დაიჭიროს საქმე, თუ ახალ გუნდს შექმნიან?

ვ.გ.: თუ მათ უნდათ, რომ დამოუკიდებლები იყვნენ, ახალი სიტყვა თქვან და ახალი პოლიტიკური ორგანიზმი შექმნან, მაშინ მათ გზა თავიდანვე დამოუკიდებლად უნდა გაიარონ. მოსახლეობისაგან მხარდაჭერა ასე უნდა მიიღონ, რათა სერიოზული მოთამაშე ერქვათ. როცა ვინმეს ვინმეს ხარჯზე უნდა რამის გაკეთება, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არაეფექტურია.

"მ.კ.": ანუ, ფიქრობთ, რომ არჩევნებისათვის პატარკაციშვილების ოჯახს ფინანსების გარდა უკვე 2 ტელევიზია ექნება "იმედისა" და "მაესტროს" სახით, რაც მათ სხვა ძალებთან შედარებით მეტ უპირატესობას მიანიჭებს და შეძლებენ, რომ სახელისუფლებო პარტიას ხმები დიდი რაოდენობით წაართვან?

ვ.გ.: დიახ, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არაა. იგი ძალიან სერიოზული ძალა იქნება, რომელიც დომინანტ "ქართულ ოცნებას" სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. "ოცნებას" რომ ჰგონია, თავი ქუდში აქვს და არჩევნებს ისედაც მოიგებს, ამ მითებს დაუმსხვრევს, ვინაიდან პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზულ სტარტს აიღებს.

"მ.კ.": თუკი ორი ტელევიზია ერთი ძალის ხელში იქნება, ამით მედიაგარემო ხომ არ დაზარალდება, წინასაარჩევნოდ სიმწვავე ხომ არ მოაკლდება?

ვ.გ.: არა, პირიქით. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×