ქართველებს უცხოეთშიც გაუჭირდათ, ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში მუშაობენ, ამბობენ, რომ ამ ქვეყნების ვალუტების დევალვაციამ მათზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. ლირის, რუბლის, გრივნას თუ მანათის გაუფასურების გამო, ცხოვრება გართულდა და საქართველოში იმ რაოდენობით თანხის გადმორიცხვას, რასაც ადრე აგზავნიდნენ, ვეღარ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით მაინც არ აპირებენ.
ბოლო 2 წელია ქართველ ემიგრანტებს, პრაქტიკულად, არსად ულხინთ. რუბლის გაუფასურების გამო, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ოჯახის წევრებისთვის ფულის გადმორიცხვა შეამცირეს. ამბობენ, რომ იქაც უჭირთ და ამიტომ ნათესავებს ვეღარ ეხმარებიან.
გიორგი ბერიძე მოსკოვში უკვე წლებია ცხოვრობს და მუშაობს. თუკი ადრე იგი თბილისში ოჯახს თვეში, საშუალოდ, 300 დოლარს უგზავნიდა, ახლა 150-200 დოლარზე მეტის გამოგზავნასაც ვეღარ ახერხებს.
"ზოგჯერ თვე ისე გავა, რომ ფულს საერთოდ ვერ ვუგზავნი ოჯახს. კარგ შემთხვევაში 200 დოლარს ვრიცხავ, არადა, რუბლის გაუფასურებამდე ოჯახს, საშულოდ, 300 დოლარს ვუგზავნიდი, ზოგჯერ მეტსაც, მაგრამ ახლა ამას ნამდვილად ვეღარ ვახერხებ.
აქ ცხოვრება ძალიან გაჭირდა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ დავბრუნდები. რომ ჩამოვიდე, სამსახურს ვერ ვიშოვი და ჩემი ოჯახი იმ მცირე შემოსავალსაც დაკარგავს, რაც ახლა აქვს", - გვითხრა გიორგი ბერიძემ.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ლელა გიგაური 7 წელია უკრაინაში ცხოვრობს და მიუხედავად იქ არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. გიორგი ბერიძის ანალოგიურად, ისიც თვლის, რომ საქართველოში სამსახურის დაწყებას ვერ მოახერხებს.
"კიევში ვცხოვრობ თითქმის 8 წელია, აქ ვმუშაობ. მართალია, ეკონომიკური კრიზისია აქაც და ჭირს ცხოვრება, მაგრამ იმდენს მაინც ვაკეთებ, რომ თავი როგორღაც ვირჩინო. ადრე ოჯახის წევრებსაც ვეხმარებოდი, მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც გრივნა ძალიან გაუფასურდა, საკუთარი თავის შენახვასაც რის ვაი-ვაგლახით ვახერხებ.
საქართველოში ოჯახს, პრაქტიკულად, ვეღარაფერს ვუგზავნი. 3 თვეში ერთხელ თუ მოვახერხებ და 100-200 დოლარს გამოვგზავნი. საქართველოში ჩამოსვლაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მანდ ვინც ცხოვრობს, ის ვერ შოულობს სამსახურს და მე ვინ დამასაქმებს? ამიტომ ვიკავებ თავს სამშობლოში დაბრუნებისგან", - გვითხა ლელა გიგაურმა.
რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი მანანა კვაშილავა. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, იგი იქ იმდენს თანხას მაინც გამოიმუშავებს, რომ თავიც ირჩინოს და თბილისში მცხოვრებ შვილებსაც დაეხმაროს.
"10 წელზე მეტია მოსკოვში ვარ. აქ მაშინ ჩამოვედი, ვიდრე სავიზო რეჟიმს დაგვიწესებდა რუსეთი. ვცხოვრობ ლეგალურად და თავს ვაჭრობით ვირჩენ. კრიზისი კი არის რუსეთში, მაგრამ არა ისეთი, რომ თავი ვერ გაიტანო. ყველაზე მძიმე ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის მაინც რუბლის გაუფასურება აღმოჩნდა.
მართალია, აქ ცხოვრება ძალიან არ გაძვირებულა, მაგრამ საქართველოში ვეღარ ვგზავნი იმდენს, რასაც ადრე. ახლა 200 დოლარს ვურიცხავ ოჯახს, ადრე კი უფრო მეტს ვახერხებდი. მართალია, 200 დოლარი ბევრი არ არის, მაგრამ შვილებს ვეხმარები მაინც და მშივრები არ მყავს.
ჩამოსვლა და შვილებთან ყოფნა მეც მინდა, მაგრამ არ გამოდის. არა იმიტომ, რომ საბუთები არ მაქვს წესრიგში, არამედ იმ მიზეზით რომ მანდ ყოფნით შვილებს ვერაფრით დავეხმარები. ახალგაზრდებსაც უჭირთ მანდ სამსახურის დაწყება და მე, 55 წლის ქალს არავინ არსად მიმიღებს სამუშაოდ", - ამბობს მანანა კვაშილავა.
უკრაინა-რუსეთის ანალოგიურად გაუჭირდათ თურქეთში დასაქმებულ ქართველებსაც. რასაკვირველია, აქაც მიზეზი ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება გახდა, რამაც თავად თურქეთშიც გააძვირა მათი ცხოვრება.
"ლირა ძალიან გაუფასურებულია, შესაბამისად, მკვეთრად გაძვირებულია ბინის ქირაც, საკვებიც და ყველაფერიც. ხელფასი ადრეც 800 ლირა მქონდა და ახლაც ასეა, მაგრამ ახლა ყველაფრის ფასი მომატებულია. 800 ლირიდან 250 დოლარს ვყიდულობდი და თბილისში ვაგზავნიდი, ახლა კი 150 დოლარსაც ვეღარ ვაგზავნი. ჭირს აქაც ცხოვრება, მაგრამ რა გავაკეთო? სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიმუშავო და ოჯახს დავეხმარო", - ამბობს ნანა მაისურაძე, რომელიც სტამბულში 4 წელია ცხოვრობს და მუშაობს.
ქართველი ემიგრანტები სამშობლოში იმ რაოდენობით თანხას ვეღარ აგზავნიან, რასაც ადრე, სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 6 მლნ დოლარით ნაკლები გადმოირიცხა. 2014 წლის დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ 46,9 მლნ დოლარი შეადგინა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 40,5 მლნ დოლარი.
ფულადი გზავნილები შემცირდა უკრაინიდანაც, თუმცა უმნიშვნელოდ. თუ 2014 წლის დეკემბერში უკრაინიდან საქართველოში გადმოირიცხა 2,6 მლნ დოლარი, შარშან დეკემბერში ეს რაოდენობა 2,2 მლნ დოლარამდე დავიდა.
რაც შეეხება თურქეთს, მეზობელი ქვეყნიდან დეკემბერში 5,5 მლნ დოლარის ტრანსფერი განხორციელდა, 2014 წლის დეკემბერში კი თურქეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა საქართველოში 6,6 მლნ დოლარი გადმორიცხეს.