უფრო მეტი სწორი ნაბიჯი, ვიდრე შეცდომა - ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სტარტს და ამბობენ, რომ მისი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ვნებათაღელვამ იკლო. მართალია, პრობლემების გადაჭრამდე ჯერ შორია, მაგრამ კვირიკაშვილისგან, მისი გაწონასწორებული ხასიათის გამო, უკეთესის მოლოდინი აქვთ.
მთავარ ღირსებად იმას უთვლიან, რომ იგი წინა პრემიერისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რადიკალი არაა და რომ მოსვლისთანავე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან დიალოგი გამართა. ასევე, აღმოფხვრა დაპირისპირება გიორგი მარგველაშვილთან და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი მეტი პატივისცემა გამოხატა.
გარდა ამისა, პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის გავლენაც უფრო ნაკლებად ემჩნევა და უფრო დამოუკიდებლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"ახალმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარებაც დაამშვიდა. პრობლემები კი არ გადაჭრა, არამედ დუღილის ტემპერატურა დაწია. გარდა ამისა, მან დიალოგი დაიწყო როგორც ოპოზიციასთან, ისე ექსპერტთა ჯგუფებთან. ეს დადებითია და ქვეყნის სტაბილურობას უწყობს ხელს.
"მომეწონა მისი იდეა იმის შესახებ, რომ ოთხი მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. ჯერ კონცეფციის შეფასების დრო არაა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული ვითარებიდან ცოტა უკეთეს მდგომარეობაში გადავედით. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო წელია. წელს ყველა და მათ შორის მეც სიტუაციის დაძაბვას ველოდებოდით.
"მართალია, ჯერ მთელი წელი წინაა და არ ვიცით, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ პოზიცია რომ წყნარია, ეს უკვე კარგია. ეს იძლევა იმის იმედს, რომ ყველაფერი ნორმალურ პირობებში ჩატარდება", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, კვირიკაშვილის ჭკვიანურ სვლად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ იგი უშიშროების საბჭოს სხდომასაც დაესწრო და პარლამენტშიც მივიდა პრეზიდენტის მოხსენებისას. რაც შეეხება შეცდომებს, პოლიტოლოგს ამაზე საუბარი უჭირს და ამბობს, რომ ახალ პრემიერს ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი შეშლია.
"შეიძლება რამე ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ალბათ არცთუ მნიშვნელოვანი, რადგან არ მახსენდება", - ამბობს ის.
კვირიკაშვილის მთავარ მიღწევად პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე იმას მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრემიერისა და პრეზიდენტის თანამშრომლობისათვის უფრო ნოყიერი გარემო შეიქმნა. ეს კი, მისი თქმით, ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება.
ის ფაქტი, რომ პრემიერი ჯერ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, შემდეგ კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, ჩიტაძის აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ ბოლო მოეღო კონფლიქტს, რომელიც წინა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებობდა.
გარდა ამისა, მისი აზრით, ინვესტიციების შემოსვლის შესაძლებლობა გაჩნდა. მაგალითად კი ანაკლიის პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადების პერსპექტივა მოჰყავს. საბოლოო ჯამში, ჩიტაძის თქმით, კვირიკაშვილის საქმიანობა იმის მიხედვით შეფასდება, თუ როგორი ეკონომიკური წინსვლა ექნება ქვეყანას მისი მმართველობის პერიოდში.
"შეცდომებს რაც შეეხება, ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები საეჭვოდ დაემთხვა კვირიკაშვილისა და დავაში მონაწილე ერთ-ერთი პირის, გაჩეჩილაძის შეხვედრას. ეს გარკვეულწილად მედიაზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"მიუხედავად ამისა, ჩემი ზოგადი შეფასება დადებითია, რადგან კვირიკაშვილი ნაკლებად რადიკალია, ვიდრე მისი წინამორბედი ღარიბაშვილი. თუნდაც ამიტომ მირჩევნია იგი წინა პრემიერს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ჩიტაძე არაა ერთადერთი, ვინც კვირიკაშვილის გიორგი გაჩეჩილაძესთან არასასურველ დროს შეხვედრას შეცდომად აფასებს. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ასევე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პრემიერს გამოუცდელობით დაემართა.
"დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ სწორედ მაშინ მივიდა, როცა თემა გამწვავდა. რაღაც განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც კი იყო საუბარი. პრემიერის მხრიდანაც იგივე განცხადება გაკეთდა.
"ამით კვირიკაშვილის პოლიტიკური გამოუცდელობა კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას გაჩეჩილაძესთან "მაესტროს" თემაზე საუბარი, ერთ-ერთ მხარესთან ღია შეხვედრა არასწორი ნაბიჯი იყო. მაშინ მეორე მხარესაც უნდა შეხვედროდა, რომ ეჭვები გაქარწყლებულიყო. არადა, მეორე მხარესთან შეხვედრაზე მან უარი განაცხადა.
"ჩემი აზრით, ეს ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომაა. კვირიკაშვილს პოლიტიკაში შემოსვლისას ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა და სამწუხაროა, რომ მისი გამოუცდელობა ასეთი არასასიამოვნო ფორმით გამოჩნდა," - აცხადებს ხუხაშვილი.