ელჩის აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების ახალი შესაძლებლობა იხსნება
აკაკი გვიმრაძე
10.02.2016

 "საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საუკეთესო მეზობელი, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი არ გაგვაჩნია. არ არსებობს რამე გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ჩვენ შორის თანამშრომლობას ხელს შეუშლიდა.

"ბირთვული შეთანხმების ხელმოწერისა და სანქციების მოხსნის შემდეგ ირანის წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობა იხსნება - ირანი ღირსეულ და შესაბამის ადგილს იკავებს საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში და მზად არის მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ დონეზე.

"ყველა მიმართულებით სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ურთიერთობების აღდგენა და განვითარება. იმედი მაქვს, რომ საქართველოც არ ჩამორჩება ამ პროცესს", - განაცხადა "რეზონანსთან" ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აბას თალები ფარმა, რომელთანაც საუბარი ენერგეტიკულ თანამშრომლობას, გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ გასული წლის განმავლობაში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარების დინამიკას, ყველაზე მნიშვნელოვან რომელ მომენტებს გამოყოფდით 2015 წელს ორ ქვეყნის ურთიერთობაში?

აბას თალები ფარი: 2015 წელი უკანასკნელი წლების მანძილზე, მეტად მნიშვნელოვანი იყო ირანისა და საქართველოს ურთიერთობაში - თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გააქტიურდა სამთავრობოთაშორისი და საპარლამენტო ურთიერთობა.

2015 წლის მაისში გაიმართა ერთობლივი სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა თეირანში, რომელშიც საქართველოს 8 სამინისტროს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა და რომლის შედეგადაც 3 დოკუმენტი იქნა ხელმოწერილი.

ეს დოკუმენტები გულისხმობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ენერგეტიკის, ტრანსპორტირების, კულტურის და სხვა სფეროებში.

ასევე გასული წლის მიწურულს იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ირანში და მის სახელზე მოწვევაც იყო გამოგზავნილი, მაგრამ პოლიტიკური ვითარება მოულოდნელად შეიცვალა და ახლა საქართველოს ახალი პრემიერი ჰყავს.

ამიტომაც შევეცდებით, რომ 2015 წელს დაგეგმილი ვიზიტი, 2016-ში შედგეს და ახლა ველით მოწვევას გიორგი კვირიკაშვილის სახელზე. იმედია, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაზაფხულზე განხორციელდება.

ასევე ვმუშაობთ კიდევ რამდენიმე მინისტრის ვიზიტზეც.

"რ": თუ გქონდათ საუბარი საქართველოს ხელისუფლებასთან, როდის აღადგენს ჩვენი ქვეყანა ირანთან უვიზო მიმოსვლას?

ა.ფ: როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ 2013 წლის ივლისიდან დროებით შეაჩერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ არსებული შეთანხმება, მიუხედავად ამისა, ირანი ყოველთვის იცავდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას საქართველოსთან.

საქართველოს მხრიდან ეს საკითხი ასე იქნა ახსნილი, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ირანთან, დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციის პროცესთან ევროკავშირთან და საქართველო ირანთან უვიზო რეჟიმს ამ პროცესის დასრულების შემდეგ აღადგენს.

მიმდინარე წლის 8 თებერვალს მე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდი მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავით ჯალაღანიას და ამ შეხვედრაზე გადმომეცა ოფიციალური ნოტა იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე 15 თებერვლიდან განაახლებს სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ არსებული შეთანხმების შესრულებას.

"რ": რა მდგომარეობაა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში?

ა.ფ: როდესაც საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი ორმხრივად მოქმედებდა, მაშინ თქვენს ქვეყანაში წელიწადში 85 ათასი ირანელი ტურისტის ვიზიტი დაფიქსირდა. საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების ინფორმაციით, ირანელი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებულნი და მხარჯველები არიან.

თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად გააუქმა უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისათვის, ტურისტული ნაკადი ირანიდან 50 პროცენტით შემცირდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სტანდარტული ვიზიტის დროს ტურისტი საშუალოდ ქვეყანაში 2 ათას ამერიკულ დოლარს ხარჯავს, ეს ის პირდაპირი ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ირანელი ტურისტების სახით დაკარგა.

ამას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია: შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და თეირანს შორის. ლოგიკურია, რომ ტურისტული ნაკადის შემცირების გამო ირანული ავიაკომპანიებისათვის მომგებიანი აღარ იყო რეგულარული რეისების განხორციელება.

მიუხედავად ამისა ირანულ ავიაკომპანიებს კვლავ აქვთ სურვილი, რომ აღადგინონ პირდაპირი ფრენა საქართველოში და ოფიციალური განაცხადიც გაკეთებულია შესაბამის სტრუქტურებში ნებართვის მიღებაზე, თუმცა დღემდე პასუხი არ გვაქვს მიღებული.

წარმოიდგინეთ, თბილისსა და თეირანს შორის თვითმფრინავი მანძილს დაახლოებით 1 საათსა 20 წუთში ფარავს, მაგრამ დღეს პირდაპირი რეისის არარსებობის პირობებში, იგივე დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად დაახლოებით 10 საათი დაგჭირდებათ, ბაქოდან ან ისტანბულიდან ტრანზიტის შემთხვევაში.

სავიზო ბიუროკრატიული ბარიერის გავლისას ასევე პრობლემები ექმნებოდათ ირანელ ბიზნესმენებს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც თბილისში ჩამოსულ ირანელ მოქალაქეებს აეროპორტში საზღვრის გადალახვისას პრობლემები შეექმნათ და ზოგიერთი მათგანი უკანაც კი გააბრუნეს.

თუმცა ახლა საქართველოს მთავრობის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ არსებული შეთანხმების შესრულების განახლება ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის, განსაკუთრებით ხალხთაშორის ურთიერთობისა და ტურიზმის განვითარებას.

"რ": როგორია სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის?

ა.ფ: წლიური სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 150-200 მილიონ დოლარს აღწევს. იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ ამ მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას.

"რ": ბოლო პერიოდში გაზის თემა ძალზედ აქტუალურია საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ცდილობს დამატებითი რესურსების მოძიებას და მოლაპარაკებას აწარმოებს რუსულ "გაზპრომთან". როგორია ირანის პოზიცია ამ მიმართულებით, რამდენად რეალურია ირანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარება?

ა.ფ: უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ირანისათვის გაზის თემა ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და არც რომელიმე ქვეყანასთან შევდივართ კონკურენციაში.

მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს თავის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და ლოგიკურია, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს ეძებდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.

ირანი მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს ენერგეტიკულ სფეროში და მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისათვის ევროპაში, რაც თქვენს ქვეყანას კიდევ დამატებით შემოსავალს მოუტანს.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები და განიხილება რამდენიმე მარშუტის ვარიანტი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს საქართველომ გაზი ირანისგან.

ერთ-ერთ ვარიანტად აზერბაიჯანიც განიხილება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს თავისი ტერიტორიის გავლით მიაწოდოს ჩვენი გაზი საქართველოს. სომხეთიც აგრეთვე გამოთქვამს მზადყოფნას, რათა გამოყენებული იქნას არსებული შესაძლებლობები.

ამასთან, განიხილება სვოპის პრინციპით გაზის ტრანსპორტირების საკითხი, როგორც დამატებითი სხვა ვარიანტი.

ასევე ვმუშაობთ ელექტროენერგიის გაცვლის თემაზეც - ირანი მიიღებს საქართველოსგან ელექტროენერგიას, როდესაც ჩვენ ამაზე მოთხოვნილება გვექნება და პირიქით, როდესაც საქართველოს დასჭირდება დამატებითი მოცულობა. ამ თემებზე კონკრეტული საუბარი შედგება თეირანში, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ირანში ვიზიტის დროს.

"რ": როგორ გესახებათ მიმდინარე წელს და საერთოდ უახლოეს მომავალში საქართველო-ირანის ურთოერთობის განვითარება?

ა.ფ: უპირველეს ყოვლისა მინდა განვაცხადო, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საუკეთესო მეზობელი, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი არ გაგვაჩნია. არ არსებობს რამე გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ჩვენ შორის თანამშრომლობას ხელს შეუშლიდა.

ირანი მზად არის განავითაროს მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა გვაკავშირებს.

ასევე მინდა განვაცხადო, რომ ბირთვული შეთანხმების ხელმოწერისა და სანქციების მოხსნის შემდეგ ირანის წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობა იხსნება. ირანი ღირსეულ და შესაბამის ადგილს იკავებს საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში და მზად არის მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ დონეზე.

ამჟამად უკვე ასეულობით ამერიკული, ევროპული და რუსული კომპანიები დაბრუნდნენ ირანში, რომელთაც სურთ ბიზნესის განვითარება ჩვენს ქვეყანასთან, ირანული ბანკები კვლავ ჩაერთვნენ სვიფტის საერთაშორისო სისტემაში,

თეირანს უკვე მსოფლიოს არაერთი ლიდერი ეწვია ოფიციალური ვიზიტით, მოკლედ ყველა მიმართულებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ურთიერთობის აღდგენა და განვითარება და იმედი მაქვს, რომ საქართველოც არ ჩამორჩება ამ პროცესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×