უკვე ცნობილია, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო მაპ-ს ვერ მიიღებს. ამაზე გაკეთებული ღია განცხადების შემდეგ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა საქართველო მზად ალიანსში გასაწევრიანებლად, შეიცვალა და იგი ახლა შემდეგნაირად ჟღერს - არის თუ არა თავად ნატო მზად საქართველოს მისაღებად?
სპეციალისტები ამბობენ, რომ ნატოს ახლა სქართველოს დაცვა არ შეუძლია. მეტიც, მათი თქმით, მაპ-საც სწორედ იმის გამო ვერ ვიღებთ, რომ რუსეთისაგან წამოსული აგრესიისგან ალიანსი ვერ დაგვიცავს. ეს კი მის იმიჯს გაანადგურებს.შესაბამისად, ისინი ბუნებრივად მიიჩნევენ ღია აღიარებას იმის თაობაზე, რომ სამიტზე მაპ-ის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და დასძენენ, მიუხედავად ამისა, საქართველომ მასზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად უნდა შეასრულოს, რათა მომავალში სკეპტიკოსმა ქვეყნებმაც კი ვეღარ შეძლონ ჩვენთვის უარის თქმა.
მოგეხსენებათ, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე ქფზ-ს ვერ მიიღებს, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოსთვის ქფზ-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არსებობს.
მაპ-ი კი გასაწევრიანებელად აუცილებელი რომაა, ეს ნატოს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის სიტყვებმა დაადასტურა. მისი თქმით, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, ქფზ-თან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე განცხადება გააკეთა.
"საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატოში გასაწევრიანებლად. თქვენ გაქვთ წლიური ეროვნული პროგრამა, თქვენ გაქვთ კომისია ნატო-საქართველო, ასევე თქვენ გაქვთ არსებითი პაკეტი. ჩვენ წინ მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა კომპონენტს იმ პაკეტისა, რომელიც მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული უელსში 2014 წელს.
"ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი გამოიყენება ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. თქვენ ნატოს უახლოვდებით. ქფზ-ი არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა მაპ-თან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მიუხედავად იმისა, რომ მინიშნებები მუდმივად საქართველოს მზაობასთან დაკავშირებით კეთდება, პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ რეალურად ნატოს სჭირდება საქართველოს მისაღებად მომზადება და რომ ჩვენ უკვე იმაზე მეტად ვართ მზად, ვიდრე ალიანისის წევრი ზოგიერთი ქვეყანა გაწევრიანების დროს.
პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საქართველოს მზაობა უფრო ნაკლები პრობლემაა. გვახსენებს, რომ არც მაპ-ი და ზოგ შემთხვევაში არც წევრობა არ ავალდებულებს ნატოს, რომ ამ ქვეყნებში ჯარები განალაგოს და კოლექტიური თავდაცვის მუხლი აამოქმედოს.
ანუ, მაპ-ი გარდამავალი პერიოდია და ამ გარდამავალი პერიოდის დროს საქართველოს არ შესწევს ძალა, რუსეთის აგრესიისგან თავი დამოუკიდებლად დაიცვას. ეს აგრასია კი, მისი თქმით, მაღალი ალბათობით მოსალოდნელია.
შესაბამისად, ლაგაზიძე ამბობს, რომ 2008 წელსაც ამ ფაქტორის გამო შეიკავეს თავი მაპ-ის მოცემისგან და ახლაც ეს ხდება. თუმცა, თუ დავსვამთ კითხვას - მაპ-ის არმიცემით 2008 წლის შემდეგ გაიზარდა თუ არა საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი, იგი ამბობს, რომ პასუხი უარყოფითია. პირიქით, რუსეთისათვის ეს ხელ-ფეხის გახსნა აღმოჩნდა.
"ასე რომ, საქართველო ამ გარდამავალი ეტაპისათვის სწორედ ამიტომ არაა მზად. ის დამოუკიდებლად ვერ მოიგერიებს რუსეთს. მთავარ პრობლემას მე ნატოში ვხედავ. მისთვის დღეს საქართველოს მიღება ნამდვილად ის ტვირთია, რომელსაც ვერ აწევს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მისთვის დღეს ეს დაუძლეველი ამოცანაა. უსაფრთხოების მყარი გარანტიის გარეშე იგი საქართველოს მაპ-ს არ მისცემს.
"ამას არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ გააკეთებს, არამედ იმიტომაც, რომ დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში კიდევ ერთი კონფლიქტი ნატოს პრესტიჟსა და პოზიციებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ანუ, მაპ-ის მოცემის შემთხვევაში რუსეთმა საქართველოსადმი აგრესია რომ გამოავლინოს, ეს ნატოს იმიჯსა და ხიბლს დაარტყამს.
"დასავლეთს რუსეთმა უკრაინის თემით ისედაც სილა გააწნა და კიდევ ერთხელ ამის გამეორება არავის სურს. ამიტომაც ლოგიკურია, რომ დღეს მაპ-ს არ გვაძლეენ და ამაში ისტერიის საბაბი არ უნდა დავინახოთ. ეს პრაგმატული პოლიტიკის გამოძახილია, რომელიც მსოფლიოს რეალობას ზუსტად შეესაბამება", - აღნიშნავს ექსპერტი.
იმის გამო, რომ რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანება არც მომავალში ესიამოვნება, რაც ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, ლაგაზიძის აზრით, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. ამბობს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წავა პოლიტიკური პრცესები მსოფლიოში.
მისი თქმით, თუ ნავთობის ფასი შენარჩუნდა და დასავლეთს ეყო პოლიტიკური და ეკონომიკური გამბედაობა იმისთვის, რომ რუსეთს სანქციები გაუგძელოს, იგი ჩავარდება მდგომარეობაში, როცა საქართველოსათვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე რეალური წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლება.
"ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში შესვლის მომენტსაც რომ გადავხედოთ, ყველაფერი კონკრეტულმა მომენტმა გადაწყვიტა. მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციები ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს", - დასძენს იგი.
ირაკლი ალადაშვილი (ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი): "ვიცით, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ერთობა არაა. განსაკუთრებით კი, კარგად ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანა ნატოს გაფართოების წიანაღდმეგია, რადგან ეს მათ რუსეთთან კიდევ უფრო დააპირისპირებს.
ნატოს წევრები ბოლოს ისეთი ქვეყნები გახდნენ, საქართველოს დემოკრატიითაც და სამხედრო მომზადების დონითაც ბევრად რომ ჩამორჩებოდნენ. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ საქართველო მზადა არაა. აბსოლუტურ დემოკრატიას ვერ მოითხოვენ, რადგან ეს არც ევროპაშია და ვერც იქნება. ასე რომ, საქართველო ნატოში შესასვლელად მზადაა.
მითუმეტეს, რომ 1999 წლიდან ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნატოს გვერდით ვდგავართ და ნატოს წევრობისათვის მზად ვართ.
მთავარი კითხვა აქ ისაა, თავად ნატო მზადაა თუ არა იმისთვის, რომ საქართველო თავის რიგებში მიიღოს. საქართველოს მიღება ხომ იმას ნიშნავს, რომ მან ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამისთვის ალიანსი დღეს მზად ნამდვილად არაა.თუმცა, ამას არავინ აღიარებს."
საუკეთესო გამოსავალად ვალდებულებების ზედმიწევნით კარგად შესრულება ესახება აქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი მუჩაიძეს და აცხადებს, რომ ეს მაპ-ის მისაღებად აუცილებელია.
ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით მუჩაიძე ამბობს, რომ ალიანსში მიღების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებითაც საკმაოდ მძიმედ და ხანგრძლივი დროის შემდეგ მიიღეს. თუმცა, მათ მოთმინება არ დაკარგეს და დაკისრებული მოვალეობები ბოლომდე მიიყვანეს.
მიიჩნევს, რომ ამაში ჩვენც უნდა მივბაძოთ და ჩვენი გეგმა ისე შევასრულოთ, რომ სკეპტიკოს ქვეყნებს უარის თქმის ყველა მიზეზი მოვუსპოთ და ჩვენი გაწევრიანების სხვა დროისთვის გადადება უკვე წარმოუდგენელი იყოს.
"არა მხოლოდ თავდაცვის მიმართულებით არსებულ ვალდებულებებს ვგულისხმობ, არამედ დემოკრატიულ რეფორმებსაც. ჩვენი სასამართლოს ბოლო მოვლენებმა არანაირად არ მოგვცა კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოვითხოვოთ", - აღნიშნავს მუჩაიძე.
ადრე თუ გვიან ეს რომ მოხდება, ეს, მუჩაიძის თქმით, ჯერ კიდევ 2008 წელს გაცხადდა, როცა ჩვენი და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა მხოლოდ ისაა განსასაზღვრი თუ როდის მოხდება ეს.
რაც შეეხება რუსეთის გაღიზიანებას, მუჩაიძე აღნიშნავს, რომ მისი აგრესიის პირობებში, ევროპის ქვეყნებისაგან მისდამი პარტნიორული განწყობა შეიცვალა და იგი საფრთხედ აღიქმება. შესაბამისად, ნატოს სამხედრო სტრატეგიაც შეიცვალა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში საშტაბო ერთეულები შეიქმნა, სწორედ იმისთვის, რომ რუსეთისაგან მოსალოდნელი საფრთხისგან დასაცავად სამხედრო შესაძლებლობები გაძლიერდეს.
"ალიანსი ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთის საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. ამასთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების მიმართაც გაიზარდა დახმარება. მაგალითად, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ასე რომ, ეს სიტუაცია, პირიქით, ჩვენი მიმართულებით ნატოს აქტიურობას ამაღლებს", - დასძენს გიორგი მუჩაიძე.