ია აბულაშვილი
11.02.2016

 "ხელისუფლების მიერ ტელევიზიების დაქვემდებარება და გაკონტროლება იმ იმედითა თუ რწმენით, რომ ამის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრს თავის სასარგებლოდ შეცვლიან, არის სრული პოლიტიკური სიბეცე," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს ქართულ მედიაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ოპოზიციას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში მისთვის არასასურველი ტელევიზიების გაკონტროლებას ცდილობს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

პეტრე მამრაძე: ტელევიზიებთან დაკავშირებით ახალი არაფერი ხდება. ხელისუფლებაში მოსული დაჯგუფებები ტელევიზიებს ყოველთვის აღიქვამენ, როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მძლავრ იარაღს. შეგახსენებთ, "ნაცებმა" "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სულ მალე სრული კონტროლი დააწესეს "რუსთავი 2"-ზე, 2007 წლის 7 ნოემბერს დაარბიეს და დახურეს ტელეკომპანია "იმედი" და სრულ კონტროლქვეშ მოაქციეს. გახსოვთ ალბათ, რა განაცხადა მაშინდელმა შსს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, "იმედი" რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდითო. ხედავთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტელევიზიებს?!

რაც შეეხება საზოგადოებრივ არხს, რომელიც კანონის თანახმად სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ხელისუფლების ისე ნებისმიერი ფინანსური დაჯგუფებების გავლენისაგან, საკუთარ რუპორად აქციეს. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს კი სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს პატარა ტელევიზიებს.

ახალი არის ის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, "ოცნება", იყენებს რბილ ძალას, იგი არ ეყრდნობა ძალოვანი სტრუქტურების რეპრესიებს და არც სადისტური სისტემა შეუქმნია, მაგრამ ის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდება: თოქ-შოუების დახურვა, "რუსთავი 2"-ზე შეტევა და "მაესტროში" დღეს არსებული ვითარება, მათემატიკური სიზუსტით ამტკიცებს იმას, რომ მმართველი ჯგუფი ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდში მისთვის არასასურველი ტელევიზიების გაკონტროლებას, განეიტრალებას ან სულაც საკუთარ სამსახურში ჩაყენებას, მაგრამ სააკაშვილის სადისტური, ავტორიტარული რეჟიმისაგან განსხვავებით, ვერ ბედავს რეპრესიების გამოყენებას და მოვლენები შედარებით რბილად ვითარდება.

ტელევიზიების დაქვემდებარება და გაკონტროლება იმ იმედითა თუ რწმენით, რომ ამის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრს თავის სასარგებლოდ შეცვლიან, არის სრული პოლიტიკური სიბეცე. ხელისუფლების პოლიტიკური სიბეცის ძალიან მკვეთრი მაგალითი კი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია. მაშინ სააკაშვილის რეჟიმი 100%-ით აკონტროლებდა "რუსთავი 2"-ს, "იმედს" და პირველ არხს. "რეალ-ტივის", სხვა ტელევიზიების გახსენებაც შეიძლება. პატარა ტელევიზიებს კი მაქსიმალურ პრობლემებს უქმნიდა, ანტენებს უყადაღებდა და ა.შ. მაგრამ ამან არ უშველა სააკაშვილს და მის თანამზრახველებს, პირიქით, პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებამ მხოლოდ დამატებით ნავთი დაასხა ცეცხლზე.

"რ": თუ მაშინ შეძლო "ოცნებამ" გამარჯვება არჩევნებში, სააკაშვილის რეჟიმის სრული დომინირების პირობებში, ახლა რატომ უნდა ცდილობდეს ტელევიზიების სრულ გაკონტროლებას? განა არ იცის, რომ ეს მის რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს და არც ქართული საზოგადოება და არც საერთაშორისო ამაზე თვალს არ დახუჭავს?

პ.მ: რატომ ეშინია ხელისუფლებას ტელევიზიების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის? მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სააკაშვილის ხელში დარჩა მხოლოდ "რუსთავი 2", ფიზიკურად მისი საკუთრებაა და იმას გადასცემს, რასაც სააკაშვილი ავალებს? იმიტომ, რომ ამ სამ წელიწადში კოალიცია ქართული "ოცნების" ხელისუფლებამ თავისი უნიათობით, კონტრპროდუქტიული მოქმედებით გააწბილა მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაფლანგა ის მაღალი რეიტინგი, ნდობა და პოპულარობა, რაც ივანიშვილის წყალობით ჰქონდა; ახალ კი ასეთ ყავარჯნებს ებღაუჭება.

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით რაც მოხდა, ეს იყო ხელისუფლების სრული კრახი. სწორად გამიგეთ, მე ვაცხადებდი და დღესაც ვაცხადებ, რომ "რუსთავი 2" არის პირადად სააკაშვილის საკუთრება, ძმები ყარამანაშვილები არიან ცრუმაგიერი პირები და სააკაშვილი ამ თავის ქონებას მხოლოდ პროპაგანდისტულ რუპორად იყენებს, მაგრამ ქოცებმა ისე წაიყვანეს საქმე, რომ ჩაფლავდნენ; რაც მეტს ყვიროდნენ, რომ თვითონ არაფერ შუაში არიან და ეს სასამართლო დავააო, მით უფრო ფლავდებოდნენ.

როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თვითონ რომ ყოფილიყო ამ პროცესების უკან, არვითარ შემთხვევაში ასეთ სისულელეს არ დაუშვებდა, განსაკუთრებით კი დროებითი მმართველის დანიშვნას, რადგან ეს ყველაფერი ძალიან საზიანო იყო "ოცნებისთვის", მეორე ღდესვე ყველაფერი შეწყდა, გაქრა ქიბარ ხალვაშიც, სასამართლოც და ა.შ.

"რ": "მაესტროს" ამბავიც ასე ხომ არ დამთავრდება?

პ.მ: დიდი ალბათობით, "მაესტროს" ამბებიც ასევე დამთავრდება, ხელისუფლება გაცილებით მეტ ზიანს მიიღებს (უკვე იღებს), ვიდრე თავი რომ დაენებებინათ "მაესტროსთვის".

"რ" წინასაარჩევნოდ რაიმე სიუპრიზებს ხომ არ ელით მედია სივრცეში?

პ.მ: საარჩევნოდ სააკაშვილი აუცილებლად აქტიურად გამოიყენებს "რუსთავი 2"-ს "ქოცების" მოქმედების მხილებისათვის, მაგრამ ვერ მიაღწევს იმას, რომ "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გაზარდოს "ნაცების" ნარჩენების რეიტინგი. თუ ხელისუფლება შეეცდება გააკონტროლოს მედიაში დღეს არსებული ტელეკომპენიები, არ არის გამორიცხული, რომ დროებით მაინც გამოჩნდნენ ახალი ტელევიზიები; როგორი მცირე მასშტაბისაც უნდა იყვნენ ეს ტელევიზიები, თავისი რესურსით, ტერიტორიების დაფარვის მხრივ, ისინი მაინც მაღალი რეიტინგის იქნება, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მეშვეობით, ხელისუფლების მიერ გაკონტროლებულ ტელევიზიებს კი არავინ შეხედავს. ანუ განმეორდება ის, რაც მოხდა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, როცა პატარა დავითებმა სძლიეს ხელისუფლების სატელევიზიო გოლიათებს, რადგან მათი არავის სჯეროდა. მე მგონი ეს პროცესი დაიწყო. უკვე მოქმედებს "მაესტრო 24", "ტვ 1". შეიძლება გამოჩნდეს "თრიალეთი 24" ან "ტვ 26".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×