ოკუპირებულ აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას ვერანაირად ვერ ახერხებენ - ვერც სირიიდან თუ თურქეთიდან აფხაზური დიასპორის მოწვევით და ვერც მუდმივად პატრიოტული მოწოდებებით, რომ "რესპუბლიკა" დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და 10 წელიწადში შესაძლოა აფხაზები იქ უმცირესობათა რიგებში აღმოჩნდნენ.
თბილისშიც ადასტურებენ, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაცია მართლაც ცუდ დღეშია და, დიდი სურვილის მიუხედავად, ამ პრობლემას ვერ შველიან.
პროგრამა ჰქონდათ, სირიიდან და თურქეთიდან მუჰაჯირების შთამომავლები ჩამოესახლებინათ, მაგრამ ამან არ იმუშავა. დღეს აფხაზეთში მხოლოდ 30 რეპატრიანტის ოჯახი სახლობს.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიას თქმით, აფხაზებში შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ ინიციატივისა, რომ აბორტები დასჯადი გახადეს, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ აფხაზეთში არანაირი კანონი არ მუშაობს და ესეც არ იმუშავებს.
"აფხაზების დემოგრაფიული უკუსვლა რუსეთის იმპერიამ დაიწყო, როდესაც 200 წლის წინ 150 ათასამდე აფხაზი თურქეთის ტერიტორიაზე გაასახლა. მუჰაჯირობა აფხაზეთში 1864 წლიდან დაიწყო და აფხაზური წყაროების მიხედვით გადასახლებულთა რაოდენობამ 135 ათასს მიაღწია. ამან აფხაზების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე სერიოზულად იმოქმედა. 1989 წელს აფხაზეთში 70 ათასი აფხაზი ცხოვრობდა, ფაქტობრივად ერთი სტადიონი ხალხი. იმ მიზეზით, რომ აფხაზები მცირერიცხოვანი ერი იყო, საბჭოთა კავშირის პერიოდში ისინი ჯარში არ მიჰყავდათ და ხელს უწყობდნენ, მათი დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორებულიყო. საქართველო მათ ხელს უწყობდა. თუმცა შემდეგ მოხდა ომი და რეალურად დღეს აფხაზეთში ეთნიკურად აფხაზი 45 ათასი ცხოვრობს. ეს არის მათი რეალური რაოდენობა და არა ის, რაც ბოლო აღწერისას დაწერეს, თითქოს 122 ათასი აფხაზი ცხოვრობდეს. თქვენ თუ დააკვირდებით აფხაზეთში მიტინგებს, ნახავთ რომ ამ აქციებზე მაქსიმუმ 8 ათასი ადამიანი გამოდის და ეს აფხაზეთში დიდ მიტინგად ითვლება. 45 ათასში მოხუცები და ბავშვები არიან და 8 ათასზე მეტი შეკრებაზე მართლა ვერ მოხდება. საქართველოსთან თანაცხოვრების პერიოდში მათ დემოგრაფიული პრობლემა მაინცდამაინც არ აწუხებდათ, ახლა კი ეს თემა ძალინ მტკივნეულია," - ამბობს დავითაია.
დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად 10 თებერვლიდან აბორტი სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში დაიღუპება. კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა 29 იანვარს მიიღო. 10 თებერვალს კი ეს რეგულაციები ძალაში შევიდა.
აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აკრძალვის ინიციატორების თქმით, კანონის მიღება აუცილებელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის მოსახლეობის რიცხვი მცირდება.
თუმცა არიან მოწინააღმდეგეები, უმეტესად გინეკოლოგები, რომლებიც შიშობენ, რომ კანონიერი აბორტების აკრძალვა იატაკქვეშა აბორტების რაოდენობას გაზრდის.
აფხაზური მედიის ცნობით, 1993 წლის შემდეგ აფხაზეთში 11,9 ათასი აბორტის შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში კი 700. მედიკოსების თქმით, უმეტეს შემთხვევაში ქალები აბორტს სოციალური პრობლემების გამო იკეთებენ.
კანონში წერია, რომ დედობა სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა და ეს უკანასკნელი ზრუნავს მოქალაქეებისთვის ოჯახური ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, დედისა და ნაყოფის სიცოცხლისა და ღირსების დაცვაზე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამშობიარო სახლებთან კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრები უნდა გაიხსნას, სადაც ორსულებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.
ცნობისათვის, საბჭოთა პერიოდში 1989 წლის აღწერით აფხაზეთში სულ 525 ათასი მოსახლე იყო. მათ შორის ეთნიკურად ქართველი - 239, 9 ათასი (46%); ეთნიკურად აფხაზი - 93,2 ათასი (18)%; რუსი - 74,9 ათასი (14%); სომეხი - 76,5 ათასი (15%); ბერძენი - 14,6 ათასი (3%).
ამის შემდეგ აფხაზეთში ორჯერ ჩატარდა მოსახლეობის აღწერა - 2003 და 2011 წლებში. 2003 წლის აღწერით აფხაზების რიცხვი - 95 ათასი იყო. უკანასკნელი აღწერის მიხედვით კი აფხაზეთში ცხოვრობდა 122,1 ათასი აფხაზი (აფხაზეთის მთელი მოსახლეობის ნახევარი - 50,7%); 46,4 ათასი ქართველი (19%), 41,9 ათასი სომეხი (17%); 22,1 ათასი რუსი (10%) და 13 ათასი ბერძენი (0,6%).
მაშინ მოსახლეობის აღწერების მონაცემების გაცნობისას ეთნიკური აფხაზების სასარგებლოდ შედეგების განზრახ გაბერვაზე რუსული საინფორმაციო წყაროებიც წერდნენ. რუსული პრესის გამოთვლით, 2003 წლიდან 2011 წლამდე აფხაზი მოსახლეობის მატება 27 472 ადამიანით უნდა მომხდარიყო, ე.ი. წელიწადში საშუალოდ 3 434 ბავშვი უნდა დაბადებულიყო, რაც არარეალურია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შობადობის კატასტროფულად დაცემაზე თავად აფხაზები ჩიოდნენ.
პაატა დავითაიას თქმით, დღეს, როდესაც აფხაზეთი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა, რუსეთის მოსახლეობის დიდმა მასამ მათი შთანთქმა დაიწყო.
"90-იან წლებში დადგა პირველად აფხაზეთის დემოგრაფიის საკითხი და ჩვენ მაშინ ვეუბნებოდით - არ გირჩევნიათ ჩვენთან ყოფნა, ჩვენთან უფრო გადარჩებით, თუმცა მათი პასუხი იყო - ჭაობში ჩაძირვას დიდ ზღვაში დახრჩობა გვირჩევნიაო. ახლა კი უკვე რუსების მიმართაც აქვთ პრეტენზია, რომ თვითმყოფადობას კარგავენ და რიცხოვნობითაც მცირდებიან," - აღნიშნავს დავითაია.
აღსანიშნავია, რომ აფხაზებმა თავიდან დემოგრაფიაზე ზრუნვის მოტივით მუჰაჯირების შთამომავლების ჩამოსახლებაზე დაიწყეს აქტიური მუშაობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 მილიონი რუბლიც გამოყვეს. 2012 წელს სოხუმის ე.წ. მთავრობის დელეგაცია სირიას ეწვია და სოხუმის ვარაუდით, სირიაში დაძაბულობის გამო, აფხაზეთი სირიაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სასურველი თავშესაფარი გახდებოდა. ითქვა, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი 300-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა მასობრივი რეპატრიაცია არ შედგა და ეს პროგრამა ჩავარდა.
"რეალურად, მუჰაჯირების ჩამოსახლების პროგრამამ არ იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ომია, ოჯახები აფხაზეთში არ დაბრუნდნენ და დღეს აფხაზეთში სირიიდან და თურქეთიდან დაბრუნებულია სულ 25-30 ოჯახი. პირველ რიგში ამ პროცესს რუსებმა შეუშალეს ხელი. რუსების სპეცსამსახურები ამის წინააღმდეგ მუშაობენ. მეორეც, მაგალითად თურქეთიდან ჩამოსახლება არავინ ისურვა, რადგან თურქეთში უკეთეს პირობებში ცხოვრობენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აფხაზეთში მუსლიმობა მიღებული არასდროს ყოფილა. იქ მეჩეთი არასდროს ყოფილა. ისინი ან ქრისტიანები იყვნენ ან კერპთაყვანისმცემლები. ომის შემდეგ სოხუმში, "მაიაკის" ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობა დაიწყეს და როდესაც მინარეთის მშენებლობა დაიწყეს, ადგილობრივებმა შენობა ააფეთქეს. მუსლიმები კი რელიგიურები არიან და ამიტომაც მათ უჭირთ აფხაზეთში თანაცხოვრება. არის კიდევ ერთი საკითხი, მუჰაჯირებმა ადგილობრივებთან ინტეგრირება ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ რუსები გრძნობენ თავს კარგად და ვისაც ზღვის სიყვარული აქვს და სადღაც რუსეთის პერიფერიაში ცხოვრობს, მას ურჩევნია აფხაზეთში დასახლდეს. აფხაზებს მუშაობა არ უყვართ, ჩამოსული რუსები კი სოფლის მეურნეობას მისდევენ, შრომობენ," - ამბობს დავითაია.
მისი თქმით, დღეს რეალურად აფხაზეთის მოსახლეობის სურათი ასეთია: 40 ათასი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს გალში, 20 ათასამდე მიგრირებს; აფხაზია 45 ათასი, სომეხი - 30 ათასამდე და 40 ათასამდე რუსი და სხვა ეროვნების.
დავითაიას განცხადებით, სომხების შემდეგ აფხაზეთში რუსების მომრავლებას აპროტესტებენ და ბოლო დროს ამ თემაზეც დაიწყეს ხმამაღლა საუბარი.
"ამჟამად აფხაზეთში მცხოვრებ 40 ათას რუსს უნდა დაემატოს სამხედრო პირები, რომლებიც იქ დგანან. ამდენად, ახლაც კი აფხაზეთში რუსი უფრო მეტია, ვიდრე აფხაზი. ჯარის რაოდენობა ოჯახებიანად დაახლოებით 25 ათასია. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოწოდებები აქვთ, დემოგრაფიას მაინც ვერ შველიან. აფხაზებს 20 წელსაც არ მივცემ. 20 წელში ეთნიკურად აფხაზი არავინ დარჩება," - დასძენს დავითაია.