აშშ რუსეთისაგან თავის დასაცავად საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მილიარდებს აძლევს
თაკო მათეშვილი
11.02.2016

 რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აშშ-დან მილიარდობით დოლარს მიიღებენ. თანხა აშშ-ს 2017 წლის ბიუჯეტში გამოიყოფა. ამჟამად კი მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რას მოხმარდება იგი.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოს აქედან დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი შეხვდება, რაც მათი თქმით, ქვეყნის შეიარაღების გასაძლიერებლად, თავდაცვის სისტემების შესაძენად და სამხედრო სფეროში რეფორმების ჩასატარებლად საკმაოდ დიდი თანხაა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყოფილი, თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. კერძოდ, ვაშინგტონი ნატო-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის გეგმავს ფინანსურ დახმარებას და როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, აქცენტი უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე გაკეთდება.

"რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მიზნით გაზრდილი მცდელობის საპასუხოდ, ბიუჯეტი ითვალისწინებს 3,4 მილიარდ დოლარს ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გავლენის შესამცირებად პოლიტიკური, ეკონომიკური, საჯარო დიპლომატიის და სამხედრო მხარდაჭერისთვის," - აღნიშნულია აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ფინანსური დახმარება მიმართულია იმ მთავრობებისა და ქვეყნების ეკონომიკის მოქნილობის გაზრდაზე, რომლებიც რუსული აგრესიის სამიზნე ყველაზე მეტად არიან.

"უცხოური მხარდაჭერა დაეხმარება მათ გააუმჯობესონ დემოკრატია და მმართველობა, გაზარდონ თავდაცვისუნარიანობა, გააძლიერონ კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები, ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას, ვაჭრობის სფეროს დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებას. ეს მოიცავს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად რეგიონის, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობების გაძლიერებას", - განმარტებულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას საერთაშორისო მედიის, პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად.

კონკრეტულად რისთვის დაიხარჯება საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა, ჯერჯერობით ამაზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს, თუმცა პარლამენტში უკვე წინასწარ იციან, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას აუცილებლად გამოიწვევს.

"დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს იმის დასაკონკრეტებლად, თუ რა თანხა რისთვის გამოიყოფა," - ამბობს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ეს თანხა თავდაცვის სისტემების ან შეიარაღების შეძენას მოხმარდეს, სესიაშვილი პასუხობს, რომ ჯერ ვერც ამას გვეტყვის და არც ის იციან, როდის დასრულდება კონსულტაციები, რადგან იგი რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

სამხედრო ანალიტიკოსები კი დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა ფულს სწორედაც შეიარაღების შესაძენად გვაძლევს. როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა, თუმცა მაშინ 3 მილიარდ დოლარზე იყო საუბარი. წელს კი, როგორც ჩანს, დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტეს.

ამერიკის ამ ნაბიჯს მაისაია რუსეთთან მისი დაძაბული ურთიერთობით ხსნის და ამბობს, რომ ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია.

"ბუნებრივია, ეს თანხა შეიარაღების შეძენასაც მოხმარდება. ზოგადად, როცა ამერიკა ამხელა თანხას გამოყოფს-ხოლმე, ის თავდაცვას ხმარდება. ფული ალბათ ასევე გათვალისწინებული იქნება სამხედრო სფეროში რეფორმების განსახორციელებლად," - აცხადებს მაისაია.

იგი ვარაუდობს, რომ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინას მოხმარდება. ყველაზე ცოტას კი მოლდოვას მისცემენ, რადგან მას ჩვენთან და უკრაინასთან შედარებით ნაკლები პრობლემები აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, მაისაია ფიქრობს, რომ ერთ მილიარდ დოლარს მაინც მივიღებთ და დასძენს, რომ ეს ძალიან სერიოზული თანხაა - ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტს თითქმის ორჯერ აღემატება. მისი აზრით, მოგვეცემა საშუალება, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ნატო-ს სტანდარტებს მივუახლოვოთ.

"მოგეხსენებათ, ალიანსში ინტეგრაციისათვის ეს მოთხოვნაცაა. გარდა ამისა, ეს თანხა წაადგება ჩვენი შეიარაღებული ძალების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას, მათ გაძლიერებას, წვრთნების ჩატარებას და ა.შ. ასე რომ, ეს საკმაოდ სოლიდური დახმარების პაკეტია. შეიარაღების სერიოზულად განახლების საშუალება გვეძლევა," - აცხადებს ექსპერტი.

ამერიკის ხელგაშლილობა რუსეთის გაღიზიანებადს რომ გამოიწვვეს, ამაში მაისაიას ეჭვი არ ეპარება. ფიქრობს, რომ საპასუხოდ შეიძლება ანტიამერიკული პროპაგანდა გააძლიერონ, ან პანკისის თემაც კი წამოწიონ, რაზეც ცოტა ხნის წინ ლავროვს საუბარიც ჰქონდა.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აშშ-სათვის და ნატო-სთვის საკვანძო ქვეყნებს უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და აცხადებს, რომ ამხელა თანხას ამ ქვეყნებს ნატო-ში არმიღების საკომპენსაციოდ აძლევენ. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ამერიკის მხრიდან ასეთი დახმარების შეპირება მოულოდნელი არ ყოფილა.

"როცა თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზეა საუბარი, ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. ვერ ვიგებ რას ნიშნავს უფრო მეტად დაცულად ყოფნა. ქვეყანა ან თავდაცვისუნარიანია, ან - არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ მოწინააღმდეგესთან აქვს მას საქმე და ვისგან უწევს თავის დაცვა.

"თუ ჩვენ მოწინააღმდეგედ რუსეთს განვიხილავთ, მაშინ ამერიკიდან რაც უნდა დიდი ფული მოვიდეს, თუ ზურგს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გაგვიმაგრებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ჰაერში იქნება ჩამოკიდებული. საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის ძალთა თანაფარდობა იმდენად კატასტროფულად განსხვავებულია, რომ მარტო ფულითა და შეიარაღებით ვერაფერს გავხდებით. თუმცა, უფულობას, რა თქმა უნდა, ჯობია ფული გვქონდეს," - აღნიშნავს ცინცაძე.

იგი აქვე იმასაც ამბობს, რომ 2017 წლამდე დიდი დროა და არავინ იცის, რა მოხება ამ პერიოდში, მითუმეტეს, რომ მანამდე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ობამას ადმინისტრაცია აღარ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სულ სხვა ხალხი მიიღებს.

"მართალია, ამერიკის ტრადიციის მიხედვით მემკვიდრეობა ხელშეუხებელ პოლიტიკურ პრიორიტეტად ითვლება და წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელაღებით ვერავინ უარყოფს, მაგრამ თუ მაგალითად ტრამპმა გაიმარჯვა, რომელიც დღეს აბსოლუტური ლიდერია, მაშინ გამორიცხულია რუსეთის საწინააღმდეგოდ ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯი გადაიდგას. თუ კლინტონმა გაიმარჯვა, მაშინ ეს რეალობად იქცევა. ასე რომ, 2017 წლამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს," - აღნიშნავს ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×