ექსპერტები ცნობას, რომ საქართველო "დონეცკის რესპუბლიკის" სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3-ეა რუსული პროპაგანდის ნაწილად აფასებენ
ეკატერინე ბასილაია
13.02.2016

 პრორუსი სეპარატისტების მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცნობით, 2015 წელს "რესპუბლიკის" უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთისა და ასევე სეპარატისტული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" შემდეგ მესამე ადგილი საქართველომ დაიკავა.

რა პროდუქცია გადის საქართველოდან უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში და გამოიწვევს თუ არა ეს უკრაინასა და საქართველოს შორის უთანხმოებას - ქართველი ანალიტიკოსების განცხადებით, დიდი ალბათობით ეს ინფორმაცია ჩვეული რუსული პროპაგანდაა, რომელიც სწორედ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭებას ისახავს მიზნად.

ეს ცნობა რომ უფრო საინფორმაციო ომის ერთგვარი გამოხატულებაა და არა რეალური ფაქტი, ამ მოსაზრებას ექსპერტები იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ კონტრაბანდულად დონეცკშიც და ლუგანსკშიც პროდუქცია უკრაინის დანარჩენი ტერიტორიიდანაც შედის, სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ ამაზე ყურადღება ე.წ. რესპუბლიკას საერთოდ არ გაუმახვილებია და აქცენტი საეჭვოდ რატომღაც საქართველოზე გაკეთდა.

თუმცა, ექსპერტები მცირე ალბათობით უშვებენ, რომ შესაძლოა ვიღაც ერთეულ პირებს კონტრაბანდულად მართლაც გადაჰქონდეთ სეპარატისტულ რეგიონში ქართული ღვინო, ციტრუსი ან მინერალური წყლები - ის, რაც რუსულ ბაზარზე გადის და ეს ხელისუფლებამ არც იცოდეს.საქართველოსა და სეპარატისტულ დონეცკს შორის სავაჭრო ბრუნვაზე ინფორმაციას უკრაინული და რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მედიის ცნობით, ასეთი განცხადება ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საუბარია იმაზე, რომ 2015 წელს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც საქონელბრუნვამ 40,4 მილიარდი რუბლი შეადგინა. შემდეგ მეორე ადგილზე მოდის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა - 3 მილიარდი რუბლი, მესამე ადგილს კი 231 მილიონი რუბლის საქონელბრუნვით საქართველო იკავებს.

"2015 წელს რესპუბლიკის ეკონომიკური პარტნიორი 53 ქვეყანა გახდა. 2016 წელს სამინისტროსათვის პრიორიტეტული რჩება საგარეო ვაჭრობის ყოველმხრივი მხარდაჭერა და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება", - აცხადებს "სამინისტრო".

სავარაუდოდ, როგორც პრორუსი ამბოხებულები ამბობენ, "დონეცკის რესპუბლიკის" იმპორტსა და ექსპორტში 2015 წელს წამყვანი ადგილი საკვებ პროდუქტებს ეჭირა. ექსპორტში წამყვანი ადგილი 38% უჭირავს საკვებ პროდუქტებს, 23,3% კი ლითონებსა და ლითონის პროდუქციას.

უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყოს, დეზინფორმაცია და კიბერ ომის ნაირსახეობა, იმის პროპაგანდა, რომ აი, საქართველო ოფიციალური კიევის ზურგს უკან არაღიარებულ რესპუბლიკასთან სავაჭრო ურთიერთობებს აბამს.

"ხშირად ვიძახით ხოლმე, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ რბილ ძალას იყენებს. რბილი ძალა საინფორმაციო სივრცეში გარკვეული დეზინფორმაციული ტიპის ცნობების გავრცელებასაც მოიცავს, ისეთის, რომელიც პირდაპირ აისახება ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პირობებზე - ეს ერთი.

"ჩვენ რუსულ პროპაგანდაზე ძალიან ბევრი გვსმენია და არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ ხდება ეს. ქართული კომპანიები დონეცკთან პირდაპირ ვაჭრობას ვერ განახორციელებს, რადგან "დონეცკის რესპუბლიკა" არაღიარებული სეპარატისტული სუბიექტია და მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ურთიერთობა საქართველოსთან. მას პრობლემა არ აქვს ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან და ლუგანსკთან, მაგრამ არა საქართველოსთან.

"შესაძლოა საქართველოდან საქონელი შედის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და შემდეგ ხვდება ის დონეცკის სეპარატისტულ რეგიონში. თუკი ასეა, ამ შემთხვევაში საქართველო სახელმწიფო დონეზე განხორციელებული ქმედება არ არის," - მიიჩნევს მაისაია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსაც აქვს ერთგვარი პრობლემები, როდესაც იგივე ოკუპირებულ აფხაზეთში სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები ჩადიან ბიზნესის საკეთებლად. ამ მხრივ ყველაზე მეტად თურქული კომპანიები აქტიურობენ და ოფიციალურ თბილისს ამ თემაზე ანკარასთან საუბარი ხშირად ჰქონია კიდეც, თუმცა უშედეგოდ. ერთადერთი, რასაც ანკარა ამბობს, ისაა, რომ ბიზნესმენებს ხელისუფლებისაგან ნებართვა არ აქვთ.

მაისაია ამბობს, რომ დონეცკის შემთხვევა ცოტა განსხვავებულია იმით, თურქეთს აფხაზეთთან პირდაპირ საზღვაო აკვატორია აკავშირებს და ამიტომაც არის იქ შესაძლებელი არაოფიციალური ე.წ. კონტრაბანდული ბიზნესის კეთება. ხოლო საქართველოსა და დონეცკს შორის ასეთი პირდაპირი დამაკავშირებელი ხაზი არ არსებობს, თუ უკრაინის ან რუსეთის ტერიტორია არ გავიარეთ.

"დონეცკი ერთგვარი ანკლავია და შეუძლებელია მასთან ქართულმა კომპანიამ პირდაპირი მიწოდება მოახერხოს. დონეცკის აეროპორტი არ მუშაობს, იქ შეჩერებულია ყოველგვარი სარკინიგზო მიმოსვლა და იქ ჩაღწევა მხოლოდ რუსეთის ჰუმანიტარული ხაზის მეშვეობით ან კონტრაბანდული გზებითაა შესაძლებელი. ასე კონტრაბანდულად მარაგდება დონეცკი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის უკრაინიდანაც შედის იქ კონტრაბანდულად პროდუქცია და შესაძლოა საქართველოდანაც ამგვარად შედიოდეს, მაგალითად, ციტრუსი, ქართული ღვინო, მინერალური წყლები - ის, რა პროდუქტებიც რუსეთის ბაზარზე გადის. ადგილობრივი რუსული მაღაზიები თუ კომპანიები ყიდულობენ ამ ქართულ პროდუქტს და შემდეგ ის ჰუმანიტარული ფორმით უშვებენ დონეცკში", - აღნიშნავს მაისაია.

მაისაია თვლის, რომ კონტრაბანდულად პროდუქცია უკრაინის დანარჩენი ტერიტორიიდანაც შედის დონეცკშიც და ლუგანსკშიც, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ ამაზე ყურადღება ე.წ. რესპუბლიკას საერთოდ არ გაუმახვილებია და აქცენტი საეჭვოდ რატომღაც საქართველოზე გაკეთდა.

"კი, ბატონო, დავუშვათ შევიდა ქართული პროდუქცია დონეცკში, ასე უკრაინიდანაც შედის რაღაც და ეს რატომ არ ახსენეს? ეს არის საინფორმაციო ომის ნიმუში.

"არ მგონია, რომ ამ დეზინფორმაციულ ცნობას უკრაინის ხელისუფლება წამოეგოს და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდეს. მაგალითად, საბრძოლველად წასულებიც რომ ავიღოთ, სეპარატისტების მხარესაც ომობენ ქართველები და უკრაინის ხელისუფლების მხარესაც. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია. ეს პირადი ინიციატივებია და ინდივიდუალურ აქტივობებს ვერ შეაჩერებ. თუკი უკრაინის ხელისუფლებას ექნება რაიმე დამადასტურებელი ცნობა ქართველ ბიზნესმენებზე, მაშინ შეუძლია ეს აცნობოს თბილისს," - დასძენს მაისაია.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი ალეკო კვახაძის თქმით, რადგანაც ამ სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ნებისმიერი ეკონომიკური კონტაქტი საერთაშორისო სამართლით კონტრაბანდასთანაა გაიგივებული, სიმართლეა თუ ტყუილი, რუსეთს მაინც ხელს აძლევს საინფორმაციო ომის ფარგლებში მსგავსი ცნობები გაავრცელოს.

მისი თქმით, კონტრაბანდულად ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა არსებობს, რადგან "ბოევიკების" მიერ კონტროლირებადია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ნოვოაზოვსკი, საიდანაც ზღვის გავლით რუსეთში ან ყირიმში, შემდეგ კი საქართველოში გასვლა და პროდუქტების შეტანა შეიძლება.

"თეორიულად ეს გზა არსებობს და შეიძლება ამ გზით არსებობდეს რაიმე კონტრაბანდა და საქართველოსთან ტვირთბრუნვაში ამას გულისხმობდნენ. თუმცა, ეს მონაცემები აპრიორი საეჭვოა, რადგან ეს გაკეთებულია არაღიარებული პრორუსული სუბიექტისგან.

"შესაძლოა გათვლილი გეგმა იყოს, ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და კიევმა რაღაც საპროტესტო ნოტა გამოუგზავნოს თბილისს და ახსნა-განმარტება მოსთხოვოს, თუ რა იგულისხმება ამ ტვირთბრუნვაში.

"გლობალურად ამას რა თქმა უნდა არ მოჰყვება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ მსგავსი ფაქტების ერთობლიობა შემდეგ ჯამში შექმნის ნეგატიურ ფონს და ეს კეთილმეგობრული ურთიერთობების განვითარებას ხელს არ შეუწყობს," - მიიჩნევს კვახაძე.

მაისაიას მსგავსად, კვახაძეც ამბობს, რომ სწორედ ნეგატიური ფონის შექმნაზეა გათვლილი ეს ინფორმაცია და დიდი ალბათობით, ამ მიზნით შეიყვანეს სავაჭრო პარტნიორების სამეულში საქართველო.

"თუკი ვინმე ქართველი დონეცკში რამეს ყიდის, ეს ან რუსეთის ან უკრაინის გავლით უნდა გააკეთოს და ასე მოხვედრილი პროდუქტი არა საქართველოდან ექსპორტია, არამედ უკრაინიდან და რუსეთიდან. ჯერ რუსეთში ჭირს ქართული პროდუქციის რეალიზება და მით უმეტეს გაჭირდება რუსეთის მიერ კონტროლირებად "შავ ხვრელში". მით უფრო, რომ დონეცკში საგადასახადო სისტემა და ამგვარი კონტროლის მექანიზმები აბსოლუტურად ჩამოშლილია და ფაქტობრივად კრიმინალური ავტორიტეტები და "ბოევიკები" აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებს და ძალიან ძნელია იმის აღწერაც საიდან, როგორ და რამდენი ინვესტიცია შევიდა," - ამბობს კვახაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×