"მალე პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება და იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების წერტილი დემოკრატიის თვალსაზრისით. მჯერა ასე მოხდება, თორემ სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ პარტიის მომავალს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის ყოფილი ლიდერი არმაზ ახვლედიანი.
მისი თქმით, "ოცნების" ცალკეული წევრები ხელს უშლიან ორგანიზაციაში დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას.
"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საარჩევნო სიის ფორმირებაზე "მთელი კვირა" არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
არმაზ ახვლედიანი: "ქართული ოცნების" ცალკეული წევრები ხელს უშლიან ამ ორგანიზაციაში დემოკრატიული პროცესის გაღვივებას.
"მთელი კვირა" კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
ა.ა.: ყველას, ვისთვისაც იდეოლოგიას და ფასეულობებს მნიშვნელობა არა აქვს, ვინც ცდილობს ყველა ხელისუფლების დროს იპოვოს მყუდრო თავშესაფარი, პოლიტიკური ქოლგა, რომელსაც ამოეფარება და აკეთებს საკუთარ საქმეებს. ამომრჩეველი კი მხოლოდ წინასაარჩევნოდ თუ გაახსენდება.
"მ.კ.": თქვენი განცხადებით, პარტიაში საბჭოთა იდეოლოგია არსებობს...
ა.ხ.: სამწუხაროდ არსებობს ამა თუ იმ ადამიანში ჩაბუდებული საბჭოთა იდეოლოგია. ეს მძიმე წარსული ჯერ კიდევ ცოცხალია. სწორედ მისი გამოძახილია, რომ ზოგიერთს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება მასზე უკეთ სხვამ გააკეთოს საქმე.
დღეს ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ პოლიტიკაში ზოგიერთი მიდის იმიტომ, რომ ბრმად შეასრულოს სხვისი დავალება, ამის სანაცვლოდ კი მიიღოს კომფორტული სივრცე საკუთარი საქმეების საკეთებლად. ხშირად ეს საქმეები ეწინააღმდეგება საერთო ეროვნულ ინტერესებს.
"მ.კ.": თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ თქვენი კოლეგები? ამაზე ხმამაღლა არაერთხელ გისაუბრიათ, გამოგხმაურებიათ თუ არა ვინმე პარტიიდან?
ა.ა.: თუ არ ვცდები პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება. მე არავინ დამკავშირებია.
"მ.კ.": აქედან გამომდინარე, ხომ არ აპირებთ პარტიის პოლიტსაბჭოს დატოვებას?
ა.ხ.: ამჟამადაც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ.
"მ.კ.": რა პოლიტიკური გეგმები გაქვთ, აპირებთ თუ არა ამ მხრივ გააქტიურებას?
ა.ა.: აქტიურობას პოლიტიკაში მომავალშიც ვაპირებ. სხვებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატია, მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესი შეუქცევადი გახდეს. სწორედ ამ მიზნით შევუერთდი თავის დროზე "ქართულ ოცნებას".
"მ.კ.": ანუ, მიუხედავად თქვენი შეხედულებისა თანაგუნდელებისადმი, მაინც პარტიაში რჩებით?
ა.ა.: პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვარ. მალე პარტიის ყრილობა გაიმართება და იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების წერტილი პარტიული დემოკრატიის თვალსაზრისით. მჯერა ასე მოხდება, სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ პარტიის მომავალს.
"მ.კ.": სხვა პარტიაში ხომ არ გეგმავთ გადასვლას, ვთქვათ, "თავისუფალ დემოკრატებში"?
ა.ა.: არ ვადასტურებ. არ მაქვს ასეთი განწყობა. ჩემი სურვილია მაქსიმალურად შევუწყო ხელი პარტია "ქართული ოცნების" გამოფხიზლებას.
"მ.კ.": მაშინ, თუ არის უკვე გადაწყვეტილი, ვინ მოხვდება "ოცნების" სიაში და ვინ არა?
ა.ა.: ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ როგორი ადამიანები მოხვდებიან სიაში და არა კონკრეტული სახელები და გვარები. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარტიის საარჩევნო სიაში არსით განათლებული დემოკრატები მოხვდნენ, ისინი, ვისთვისაც უმთავრესია სამართლიანობა, თვითკრიტიკა და თვითკმაყოფილებასთან შეურიგებლობა.
"მ.კ.": მაგალითად, სიაში მოხვდებიან თუ არა ისეთი ადამიანები, რომელთა განცხადებებმა პარტიის თუ კოალიციის რეიტინგზე უარყოფითი გავლენა მოახდინა?
ა.ა.: არ დაგვავიწყდეს როდის და როგორ პირობებში შედგა დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობა. ეს იყო 2012 წელი, როცა "ქართულ ოცნებას" წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ უწევდა საარჩევნო კამპანიის წარმოება. ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სია არ არის იდეალური. იდეალური ვერც ვერსადროს იქნება, მაგრამ მასთან მიახლოვებული კი ნამდვილად უნდა იყოს.
ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ თავად "ოცნებისთვის", როგორც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მან შეძლოს ღირსეულად დამკვიდრება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მეორე მხრივ, ამით უნდა მოხერხდეს საერთო პოლიტიკური პროცესის შეუქცევად დემოკრატიულ რელსებზე დაყენება.
ასეთი ამბიციური ამოცანის წინაშე დგას დღეს პარტია "ქართული ოცნება" და შესაბამისად, კოალიციაც. მოგეხსენებათ, მასში პარტია "ქართული ოცნება" წარმმართველია და იმაზე, რამდენად დემოკრატიული იქნება ის თავად, დამოკიდებულია მთელი კოალიციის ბედიც.
"მ.კ.": პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, სიაში მსახიობები და სპორტსმენები აღარ იქნებიან...
ა.ა.: არავისთვის არ უნდა იყოს სია დახურული, არცერთი ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობები. მსახიობი იქნება, მასწავლებელი, თუ ქარხნის მუშა, მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. მთავარია ჯანსაღი სულისკვეთება და ქართული საქმის უანგარო მსახურება.
მადლობა ღმერთს, ასეთი ადამიანი ბევრია. უბრალოდ, უნდა მიმოვიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ იმაზე უკეთეს ადამიანებს, ვიდრე დღევანდელ ან წინა პარლამენტში ყოფილან.
"მ.კ.": რაც შეეხება კოალიციას, მოსალოდნელია თუ არა მისი გაფართოება ან პირიქით?
ა.ა.: ვფიქრობ, ეს არ არის არსებითი თემა. არსებითი ისაა, რამდენად მოახერხებს კოალიცია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე სწორად და დროულად რეაგირებას. სწორედ ესაა ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მთავარი ინტერესი. თუ ამას შევძლებთ, მაშინ კოალიციის ფორმას და სიდიდეს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.