ნინო ქეთელაური
16.02.2016

საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა და ევროკავშირმა ეს ძალისხმევა სათანადოდ უნდა შეაფასოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის უკმაყოფილებას ანტიდასავლური ძალები გამოიყენებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს საბერძნეთის მსგავსი დაპირება ევროკავშირიდან, რომ ჩვენ ოდესმე გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი, თუმცა ამ დაპირების არქონის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები და ვახდენთ ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას ევროპული მიზნების გარშემო. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება მოხდეს იმ მიღწევების დაუფასებლობის გამო, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ.

"ჩვენ გვჭირდება ამ ნაბიჯების დაფასება, თუნდაც იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ საზოგადოების კონსოლიდირება ევროპული ღირებულებების გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად ვიცით, როგორ გამოიყენებენ ამას სათავისოდ ანტიევროპული ძალები მოსალოდნელი არჩევნების პირობებში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"მე არ ვამბობ, რომ უკმაყოფილოები ვართ ჩვენი მიღწევების დაფასების გამო," - აღნიშნა პრემიერმა და განმარტა, რომ ვიზალიბერალიზია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებისთვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის განსახორციელებლად.

თუ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს სათანადოდ არ შეაფასებს, გამოიყენებენ თუ არა ამას ანტიდასავლური ძალები სათავისოდ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "სხვათა შორის, უკვე დროა, რომ ევროკავშირის და ნატოს გზაზე ჩვენ მიერ თანმიმდევრულად გატარებული რეფორმები არამარტო ჩვენ შევაფასოთ, როგორც პოზიტიური რეფორმები, არამედ პრინციპულად მოვთხოვოთ დასავლეთსაც, ევროკავშირსაც და ნატოსაც, რომ ღარიბი ნათესავივით კი არ შემოგვხედონ და ხელი გადაგვისვან - რა კარგად მუშაობთ, მაგრამ ჩვენ ვერაფერში დაგეხმარებითო, არამედ შეაფასონ ეს რეფორმები და შესაბამისი წინსვლა იგრძნოს საქართველომ.

მიუნხენში ეს თქვა პრემიერმაც - არ შეიძლება მუდმივი მოთმინებისა და მოლოდინის რეჟიმში ვიყოთო. რაც შეეხება ბოლო დროის განაცხადებს იმის შესახებ, რომ საქართველო ვერ მიიღებს მაპს, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად დასავლეთი უდგება არასერიოზულად საქართველოს და მისი უშიშროების პრობლემას".

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "რასაკვირველია, სათავისოდ გამოიყენებენ. ადამიანებს რაც უნდა შეპირდე, ამას თუ პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება, ის განწირულია.

პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები, საქართველომ ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავის წარმოსაჩენად და ახლა უკვე დასავლეთის ჯერია, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას. სხვა შემთხვევაში, დასავლურ ძალებს არ ექნებათ შესაბამისი არგუმენტი თავისი პოზიციის გასამყარებლად."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "ანტიდასავლური ძალა ყველაფერს გამოიყენებს, რაც კი არსებობს დედამიწის ზუგრზე. მე მათგან ყველაფერ ცუდს ველოდები, რადგან ჩასაფრებული პოზიცია აქვთ. მე მგონია, რომ ჩვენ მოვახერხებთ და არ გადავუხვევთ დასავლურ კურსს, ხალხი ამას არ დაუშვებს.

ჩვენც ვატარებთ ხოლმე გარკვეული სახის გამოკითხვებს და პროცენტულად ერთი და იგივე ფრთაა, რომელიც რუსეთის მომხრეა და მათ არც ემატება არავინ და არც აკლდება. ეს არ არის დიდი პროცენტი და ვფიქრობ, რომ უკრაინის ვარიანტს რუსეთი ჩვენთან ვერ გაათამაშებს."

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "რასაკვირველია გამოიყენებს... უკრაინის არ იყოს, მთელი ქვეყანა დანგრეული და მოშლილია. ამიტომ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ რამეს გადაწყვეტენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×