რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება
მაკა ხარაზიშვილი
16.02.2016

 ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებს სამართლიანობის აღდგენაში ვერც პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა უშველა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი საქმეები ამ უწყებაში ისევ თაროზეა შემოდებული და სასამართლო პროცესებიც ჭიანურდება. ამასობაში კი მეოთხე წელიც გადის.

"ბიზნეს-რეზონანსი" რამდენიმე გახმაურებულ საქმეს მუდმივად თვალს ადევნებს და ბიზნესმენებთან ერთად ელოდება თუ რა შეიცვლება სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ამ პროცესების დაწყებიდან 3 წელზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით საკითხი მხოლოდ ერთ ადგილზე იტკეპნება. უფრო მეტიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, თუმცა თავად დაზარალებული ბიზნესმენები ამბობენ, რომ "იმედი ბოლოს კვდება".

"სენტას" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ქონება იძულებით ჩამოართვეს და შემდეგ დააპატიმრეს, პროკურატურაში განცხადება სამწელიწადნახევრის წინათ შეიტანა. დაახლოებით სამი წლის წინ მის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დაკითხეს და ყველაფერი ამით დასრულდა. მისი საქმე, სხვა მსგავს საქმეებთან ერთად, თაროზე შემოიდო. ამჯერად იაკობიძე ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს, თუმცა პროცესი ამ შემთხვევაშიც იწელება. "სენტას" საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 9 მარტსაა ჩანიშნული.

"პროკურატურიდან ისევ არაფერი ისმის, სრული დუმილია. ვერ გეტყვით რა მიზეზით ჭიანურდება საქმე. სამი წლის წინათ პროცესი თითქოს ადგილიდან დაიძრა, რამდენიმე ადამიანი დაკითხეს. შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს. ახლა სასამართლოს იმედი გვაქვს. ველოდებით რა მოხდება. იმედი ბოლოს კვდება და ვფიქრობთ, ყველაფერი სამართლიანად დასრულდება", - ამბობს ზაალ იაკობიძე და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მიზანი იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობაა, რომლის საფუძველზეც "გალფმა" "სენტას" ქონება გადაიფორმა.

ზაალ იაკობიძის ისტორია უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია. 2010 წლამდე, ვიდრე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ლობირების ქვეშ მყოფი კომპანია "გალფი" ქართულ ბაზარზე გამოჩნდებოდა და ორი ნავთობკომპანიის ქონებას გადაიბარებდა, "სენტას" ბალანსზე 50 ავტოგასამართი სადგური, 3 ნავთობბაზა, 20 ავტოცისტერნა ირიცხებოდა. კომპანიის წლიური მოგება 10 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო თავად კომპანია აუდიტორებმა 70 მილიონ დოლარად შეაფასეს.

2010 წლის ბოლოს კი სანავთობო ბაზარზე "გალფი" გამოჩნდა, ხოლო "სენტა" გაუჩინარდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, რომ მისი და ოჯახის წევრებზე მუქარის შედეგად მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანია "გალფმა" 23 მილიონ დოლარად მიითვისა.

ნავთობკომპანია "მაგნატის" დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე ასევე იმედოვნებს, რომ მისი საქმე როდესმე დასრულდება. ლეონიძის საკუთრებაში იყო კომპანია "მაგნატი 2006", რომლის ძირითად საქმიანობას ნავთობპროდუქტების შეძენა-რეალიზაცია წარმოადგენდა. ამისთვის კომპანიას ოთხი ნავთობტერმინალი, ორმოცდაორი ბენზინგასამართი სადგური და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები ჰქონდა.

ლეონიძე 2009 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. მას ბრალი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითური ხელშეკრულების დადებაში დაედო. ბიზნესმენის დანაკარგი 80 მილიონ დოლარამდეა.

"ის ადამიანები, ვინც ჩემი და ჩემისთანების ქონებას თაღლითურად დაეუფლნენ, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. იმედი მაქვს, მთავრობას ეყოფა გონიერება, რომ გადაწყვეტილება დროზე მიიღოს. ველოდები და მჯერა, რომ მომეცემა დაზარალებულის სტატუსი, რაც ნამდვილად მეკუთვნის, მაგრამ ეს უნდა თქვას პროკურატურამ. ამისთვის კი მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო", - განაცხადა "რეზონანსთან" ჯემალ ლეონიძემ.

ქონება არ დაუბრუნებიათ, "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძისთვის. იგი ამბობს, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებში თითქოს აქტიურობა არის, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი მიღწეული არ არის.

"სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საქმე 2013 წელს მიიღო წარმოებაში და პასუხს ველოდებით. საქართველოს პროკურატურაში განცხადება, არჩევნების შემდეგ 2012 წელს შევიტანეთ. პირველი ორი თვე თითქოს დაიწყო პროცესი, მეორე საერთოდ დაიბლოკა ეს საკითხი. ამჯერად ახალი დეპარტამენტის იმედი გვაქვს. ვნახოთ, რას იზამს. დარწმუნებული ვარ, ეს არის დროის საკითხი და წართმეულ ქოებას აუცილებლად დავიბრუნებ", - ამბობს ანზორ ქოქოლაძე.

მისი მტკიცებით, ძველი ხელისუფლების პირობებში "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობამ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და დავით კეზერაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, უკანონოდ, 116 358 ლარად დაისაკუთრა 80 მილიონად შეფასებული "ელიტ ელექტრონიქსი" და შემდეგ სიმბოლურ ფასად გადაუფორმა დავით კეზერაშვილის კომპანიებს, რომელიც ჯერ კიდევ მათ მმართველობაშია.

"2010 წლიდან დღემდე როგორც ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სტრასბურგში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები. "ელიტ ელექტრონიქსის" უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით. რაც უფრო დაჩქარდება დაწყებული პროცესი და მალე დაბრუნდება წართმეული ბიზნესები, მით უფრო მალე გამყარდება ლარი, რადგან საქართველოდან 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად 1,2-1,3 მილიარდი დოლარი გადის. აქედან 70% სწორედ იმ წართმეული ბიზნესებიდან, რომელთაც დღესაც ოფშორებს ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ფლობენ", - ამბობს ქოქოლაძე.

კიდევ უფრო რთულდება საქმე ბიზნესმენ მამია სანადირაძესთან დაკავშირებთ, სამართლიანობის აღდგენამდე მისი კომპანია "კავკასუს ონლაინი" შეიძლება მესამე პირზე გაიყიდოს, რაც ბიზნესმენს ქონების დაბრუნების იმედთან კიდევ უფრო დააშორებს.

არადა, შარშან, გაზაფხულზე პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოეძიებინა. კერძოდ, დეპარტამენტი გამოიძიებს ძალადობის (რაც წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებსაც მოიცავს), ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს და ა.შ.

2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში 52 530 საჩივარ-განცხადება შევიდა, მათ შორის, 10 379 განცხადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამ საჩივრებიდან 697 შეეხება ქონების ჩამორთმევას, 3495 შემთხვევაში კი მოქალაქეები აღწერენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. ახალი დეპარტამენტის შექმნის მიზანი სწორედ გაჭიანურებული საქმეების განხილვის დაჩქარება იყო. არსებული მდგომარეობით, 2016 წლის მთავარი დაპირება ხელისუფლებისთვის ისევ "სამართლიანობის აღდგენა" იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, მას აღარავინ დაუჯერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×