თაკო მათეშვილი
16.02.2016

 კოალიციის იმიჯის შესანარჩუნებლად და არჩევნებზე მხარდაჭერის მისაღებად, ბიძინა ივანიშვილს გუნდის გადახალისებას დაბეჯითებით ურჩევენ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ქართული ოცნების" წევრებს შორის არათუ უბრალო დაპირისპირებაა, არამედ ერთმანეთს უკვე თავს ესხმიან და საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ.

სწორედ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, პოლიტოლოგების აზრით, ივანიშვილმა გუნდი უნდა გადაახალისოს. უკიდურეს შემთხვევაში კი, კოალიციაში მოიფიქრონ მექანიზმი, რომლითაც "ურჩ" წევრებს "დასჯიან".

ამგვარ წევრებში კი ისინი, პირველ რიგში, გოგი თოფაძეს გულისხმობენ, ვინაიდან პარლამენტარი თავისი ხმაურიანი და სკანდალური განცხადებებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყველაზე ხშირად ხვდება.მას შემდეგ, რაც თოფაძემ ნატოს საწინააღმდეგო და პროსტალინური განცხადებები გააკეთა, მერე კი პრეზიდენტის კრიტიკისას "დაუნი" შეურაცხმყოფელ სიტყვად გამოიყენა, ამჯერად თავდაცვის მინისტრს, "რესპუბლიკელ" თინა ხიდაშელს უმძიმესი ბრალდება წაუყენა.

"წესით და რიგით, ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა.

"ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა", - თქვა უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში.

ეს განცხადება, პოლიტოლოგების შეფასებით, არა უბრალოდ დაპირისპირების მაჩვენებელია, არამედ იმის, რომ კოალიციაში ერთმანეთს ვერ იტანენ. თოფაძის ამ ქმედებას ისინი თავდასხმად აფასებენ და ამბობენ, რომ ამგვარ პირობებში, როცა კოალიციას საკუთარ წევრებთან ვერ მოუგვარებია საქმე, გაუჭირდება ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მას ქვეყნის პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი კოალიციის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შევა, რადგან "ნებისმიერი სიახლე მხოლოდ პროგრესის მოლოდინია".

მისი აზრით, ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც კოალიციას დღეს გააჩნია, ამომრჩევლისათვის მიმზიდველი ვერ იქნება.

"ფაქტია - კოალიციის წევრების გამონათქვამები ამომრჩეველს იმაში არწმუნებენ, რომ "ქართული ოცნება" მყარი ერთობა არ გახლავთ. ეს განცდა არჩევნებისთვისაც შენარჩუნდება", - ამბობს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება კოალიციის შემადგენლობის გადახალისებას, იგი მიიჩნევს, რომ ეს ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ სრულიად მკაფიო უნდა იყოს კრიტერიუმები, რომლებიც კოალიციაში გასაწევრიანებელმა სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

მისი აზრით, შიდა გარჩევები და გარკვეული დისკუსიები საქმეს უფრო მარტივად მიიყვანს კოალიციის შემადგენლობის ცვლილებამდე, ვიდრე ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

"ამიტომ, პარტიებს მოვუწოდებდი, რომ საკუთარი პარტიული უფლებამოსილება რამე უკეთესი მომავლის მოლოდინში არ შთანთქან. ისინი, ვისაც ამომრჩეველთა და მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა აქვთ და რეიტინგული პოლიტიკური ძალები არიან, საკუთარ თავმოყვარეობაზე უნდა ფიქრობდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ იმ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, რასაც კოალიციაში საქმიანობა ჰქვია.

"თუ კოალიციას ერთი წევრის - "ქართული ოცნების" სახელი ერქმევა, დანარჩენები მხოლოდ "არსთაგამრიგეს" (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს) ვასალები იქნებიან", - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით კი, "ქართულმა ოცნებამ" მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა "თოფაძის მსგავსი ადამიანები" კოალიციაში შეიყვანეს. მისი აზრით, თუკი კოალიციის კურსი პროდასავლური იყო, მაშინ პრორუსული ძალები კოალიციაში არ უნდა დაეშვათ. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ კოლიციამ თოფაძის თითოეულ განცხადებაზე უნდა აგოს პასუხი.

როცა დაპირსპირება ასეთ დონეზეა მისული, ჩიტაძის თქმით, ყველაზე მიზანშეწონილი კოალიციის ახალი წევრებით შევსება იქნება. მიიჩნევს, რომ თუ კოალიციის კურსი მართლაც პროდასავლურია, მაშინ იქ ისეთი პარტიები უნდა წარმოადგინონ, რომლებიც ამ კურსს იზიარებენ.

ხოლო თუ ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ისევ უნდათ, პოლიტოლოგის აზრით, პირველ რიგში თოფაძის განცხადებას უნდა გაემიჯნონ და პირობა დადონ, რომ მომავალ პარლამენტში წარმოდგენილები აღარ იქნებიან ისეთი პირები, ვინც სარგებელი ვერც "ქართულ ოცნებას" მოუტანა და ვერც სახელმწიფოს.

"როცა ვინმე პარლამენტში ჩხუბს იწყებს, თანაგუნდელს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ან პრორუსულ განცხადებებს აკეთებს, კოალიცია მის ქმედებას უნდა გაემიჯნოს. თუმცა, პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდის ახალი წევრებით დაკომპლექტებაა საჭირო და ეს მალე უნდა განაცხადონ, რათა ხალხში უკეთესი გუნდის მოლოდინი გაჩნდეს", - აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

ლევან ბერძენიშვილი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკური პარტია): "ვფიქრობ, რომ ნატოს წინააღმდეგ მიმართული და პრორუსული განწყობის მქონე განცხადებები იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ევროპული კურსი აქვს გამოცხადებული და ევროინტეგრაცია აინტერესებს, უბრალოდ არ უნდა ისმოდეს.

მომავალში ეს გაცილებით უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ჩვენი კოალიცია ევროპული ინტეგრაციის მომხრეა და თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს საკითხი სხვანაირად უნდა განიხილებოდეს.

დააკვირდით, როგორც კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალზე წავა, იმ წუთას კეთდება განცხადება იმაზე, რომ ის საგარეჯოში არჩევნებს აყალდებდა. უკვე გასაგებია, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი.

კარგად მახსოვს, ევროპის პარლამენტში ვიყავი, როცა საქართველოში პროსტალინური განცხადებები გაკეთდა. ამან ევროპაში საქართველოს საქმეები შეაფერხა. ერთი განცხადებით ჩვენი შეფერხება ნამდვილად შეიძლება. მთელი მსოფლიო ყურადღებით გვიყურებს და ალვანში რომ სტალინის ძეგლი დგას, ეს საქართველოსათვის სხვა რამეებზე გაცილებით დიდი საფრთხეა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×