ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის "საკმაოდ სერიოზულად" გამყარებას ელოდება. როგორც მან "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა, მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეინიშნება, რაც კურსის დასტაბილურების იმედს იძლევა.
"მე მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ნამდვილად ასე იქნება და ლარი აუცილებლად გამყარდება," - განაცხადა ხადურმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტი ზეწოლას არ ახდენს და კურსის ცვალებადობა პრაქტიკულად სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.
გჯერათ თუ არა მინისტრის განცხადების, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): რადგან ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ლარი გამყარდება, ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ასეც იქნება. მხარს ვუჭერ ნოდარ ხადურს, როგორც მეცნიერს, პროფესორსა და ჩემს მეგობარს. მისი სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მიმაჩნია, რომ ლარის გამყარება ჩვენზე ნაკლებადაა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფინანსთა სამინისტროს აბრალებს, გარე ფაქტორები გაცილებით მნიშვნელოვანია. ლარის გამყარების პროგნოზი ნაკლებად მაქვს.
ჯემალ გახოკიძე (ექსპერტი სამართლის საკითხებში): რამდენი წელია იმედით ვცხოვრობთ და მინდა, რომ ესეც დავიჯერო.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): მჯერა, რომ ლარი გამყარდება, მაგრამ ეს გარე ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, ლარის გამყარება დამოკიდებულია იმაზეც, ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას რამდენად გაამყარებენ.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, დაუჯერებელია, იმიტომ რომ ნოდარ ხადურმა საზოგადოებას თავისი თავი ფინანსებთან და ეკონომიკასთან მიმართებაში არაადეკვატური განცხადებებით დაამახსოვრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე