თაკო მათეშვილი
17.02.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე პარლამენტში განსახილველად მომავალშიც შეიტანოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კანონპროექტის უკან გათხოვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა მოჰყვა.

უნდა, პროექტთან დაკავშირებით მეტი ადამიანის აზრი მოისმინოს და მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ. უკვირს თუ რატომ ჰყავდა მას ამდენი მოწინააღმდეგე და ვარაუდობს, რომ მათ "მსუყე დაფინანსების" დაკარგვა არ აწყობათ.

მოგეხსენებათ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ჯაჭვლიანმა მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან ორი დღის წინ გაითხოვა. გია ვოლსკის განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანის მიერ კანონპროექტის გამოთხოვა "გუნდის გადაწყვეტილებას" ეფუძნებოდა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ისიც მხარს უჭერდა კანონპროექტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ", თუმცა გუნდში დიდხანს იმსჯელეს იურისტებთან ერთად და ჩათვალეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი რთულ მდგომარეობას შექმნიდა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც აგრესიულობით თავის გამოჩენის გაცილებით მაღალი შესაძლებლობაა. ასევე გართულდებოდა დადგენა, თუ სად გადის ზღვარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.

სოსო ჯაჭვლიანი: "ამ კანონპროექტის შეტანას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. იყვნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მედია რამდენიმე დღე არ გაჩერებულა. ამ თემას დიდი რეზონანსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ეკა ბესელიას კომიტეტმა კანონპრექტს დადებითი შეფასება მისცა და მხარი დაგვიჭირა.

მე ჩამოგითვლით ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს კანონი მოქმედებს - გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, თურქეთი, საბერძნეთი და ა.შ. ზოგ ქვეყანაში ეს ყველაფერი თავისუფლების აღკვეთითაც ისჯება - 2 თვით, 4 თვით და 2 წლამდეც კი. ზოგ ქვეყანაში კი ჯარიმა მოქმედებს.

ჩვენ ყველაზე მსუბუქი ფორმა ავიღეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს ასეთი ხმაური მოჰყვა. ჩვენ გვინდა, რომ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც შეჯერდნენ და მათი აზრები გავითვალისწინოთ. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ ყველაფრის დახვეწაა საჭირო. ყველა კონფესიისა და რელიგიური მიმდევრობის შეხედულებები უნდა გავითვალისწინოთ.

მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომაც გაავრცელა წერილი. მე იმ წერილის შინაარსი ასე გავიგე - მათი აზრით, მეტი საუბარია საჭირო. ვისაუბროთ, შევჯერდეთ და ყველას აზრი გათვალისწინებული იქნება".

"რეზონანსი": ანუ, არაა გამორიცხული, მომავალში ეს კანონპროექტი პარლამენტში ისევ შეიტანოთ?

ს.ჯ: გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია, მაგრამ ჯერ ვისაუბროთ.

"რ": თქვენს კანონპროექტში არა მხოლოდ მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ითხოვდით დასჯას, არამედ სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვისაც?

ს.ჯ: როგორ გეკადრებათ! სწორედ ამას იხვევენ მავანი თითზე. მხოლოდ მართლმადიდებლებზე კი არა, ეს კანონი ყველაზე უნდა გავრცელებულიყო. საქართველო ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ხდება, ეს ვიღაცამ ძალიან ცუდად, ქვეყანაში სიტუაციის ასარევად შეიძლება გამოიყენოს. მეჩეთზე ღორის თავის მიჭედება არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ქვეყნის არევ-დარევა უნდა.

ზოგი ამბობდა - ვინ განსაზღვრავს რელიგიუერი გრძნობების შეურაცხყოფა რა არისო? ეს ძალიან რთული ჩამოსაყალიბებელია, მაგრამ ევროპის სასამართლო ამბობს, რომ ეს თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს. ზოგ ქვეყანაში დედის გინებაც იავნანასავით ესმით, ზოგში კი-პირიქით.

"რ": თქვენ როგორ გქონდათ წარმოდგენილი, სად უნდა გავლებულიყო ზღვარი?

ს.ჯ: მე იმ აზრზე ვარ, რა აზრზეც მაშინ ვიყავი, მაგრამ ადამიანი იმიტომ ხარ, რომ ყველას მოუსმინო და აზრი შეაჯერო. მე რომ მინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც გინდათ. საზოგადოებასაც უნდა უნდოდეს.

"რ": შეგიძლიათ დაგვისახელოთ მაგალითი, რაც თქვენი აზრით რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად უნდა მიიჩნეოდეს?

ს.ჯ: მეტი რა დავასახელო, ღორის თავს მეჩეთის კარზე რომ მიაჭედებ, ეს შეურაცხყოფა არ არის? ცხვრის ან ძროხის თავი რატომ არ მიაჭედეს? იმიტომ, რომ იციან, რას ნიშნავს ღორი მუსლიმებისთვის. ესაა შეურაცხყოფა. ამიტომაც უნდა ვიმსჯელოთ. თქვენც ნუ სხვამთ ასეთ კითხვებს, დეტალებში რომ გინდათ ყველაფერი, ეს სასამართლომ განსაზღვროს. ჩვენ ნუ ვიმსჯელებთ.

მე რომ მკითხოთ, ჩვენს დროში ეს კანონი საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება, საჭიროა. ახლო აღმოსავლეთში მილიონობით გაუბედურებული ადამიანია ევროპისაკენ დაძრული. ჩვენკენაც მოდიან და ეს მავანმა შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს. კარგად ხვდებიან, რატომაა ეს კანონი მნიშვნელოვანი, მაგრამ ეტყობა ვიღაცები ძალიან მსუყედ ფინანსდებიან და ასეთი რაღაც არ აწყობთ. არ გინდათ სიმშვიდე იყოს?

ახლა ვიღაც შემეკამათება და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შემახსენებს. აზრის გამოხატვა თავისუფალია და ყველას შეუძლია, მაგრამ თუ შენი აზრის გამოხატვა სხვისთვის შეურაცხმყოფელია ან ამით მისთვის უბედურება მოგაქვს, ამაზე მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღო.

სისხლის სამართლის დანაშაულად არ ვთვლიდით ჩვენ და ამისათვის არ შემოგვიტანია კანონპროექტი, მაგრამ ნაგვის გადაყრაზე თუ 200 და 500 ლარია ჯარიმა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზეც უნდა ყოფილიყო სიმბოლურად. მოკლედ, მომავალში შევხედავთ, შევიტანთ ხელახლა პარლამენტში თუ არა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×