ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამინისტროების რაოდენობისა და ბიუროკრატიის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი ქადაგიძემ შვეიცარიის მაგალითი დაასახელა, სადაც მხოლოდ 8 სამინისტროა. მისი თქმით, რიგი სამინისტროების გაუქმებითა და გაერთიანებით სახელმწიფო მილიონობით ლარს დაზოგავს.
ეროვნული ბანკის დირექტორი იმ უწყებებსაც ასახელებს, რომელთა გაუქმებასაც აუცილებლად მიიჩნევს. მათ შორისაა ევროინტეგრაციის, სასჯელაღსრულების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
ქადაგიძის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა უმრავლესობაშიც, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვა იქაც მიმდინარეობდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის თქმით, ქადაგიძის განცხადება ახალი არ არის და ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის შიგნით ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა.
"პირველი არ არის ქადაგიძე, ძალიან ხშირად ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ოპტიმიზაცია მართვის სფეროში არსებული ხაჯებისა. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბევრად მეტი წილი მიდიოდა მართვის სფეროში, ჩვენ ეს მნიშვნელოვნად შევამცირეთ, გადავანაწილეთ სოციალურ სფეროში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ოპტიმიზაცია კვლავ უნდა მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, რომელი არა - ეს საერთო მსჯელობის შედეგი იქნება და მეტი ანალიზი სჭირდება," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა სამინისტროების შემცირება? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): რაღაც ალბათ მართლა არის შესამცირებელი, მაგრამ ბატონი ქადაგიძე ხომ არ იფიქრებდა საერთოდ, პარლამენტი რომ ქუთაისში არის და რა ხარჯები ჯდება ეს, თუნდაც თავად შენობის მომსახურება, დენი, გათბობა, მომსახურე პერსონალის ხელფასი და ყველაფერი ამას დამატებული დეპუტეტების ხელფასები, მგზავრობისა და ბინის ქირის ფული - ეს ყველაფერი ნაკლები ხარჯია?! ამიტომ ვფიქრობ, ჯერ ამ საკითხებს უნდა მიხედონ და სამინისტროებს პრემიერი მიხედავს და შეამცირებს, რაც შესამცირებელია. ეს არ არის ქადაგიძის საქმე.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): აუცილებლად უნდა გაუქმდეს გარკვეული სამინისტროები. აქამდეც უნდა გაუქმებულიყო. რაც ნაკლები ფინანსები წავა ამ მხრივ, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ჩვენს მთავრობას რომ ვუყურებ, ამრავლებს მაკონტროლებელ ორგანოებს და ჩვენი ჯიბიდან ბიუჯეტში გადახდილ ფულს უფრო მეტად ხარჯავს.
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, სამინისტროები რა საჭიროა. ამ პრონციპით შეგვიძლია შევქმნათ სხვა სამინისტროებიც. მაგალითად, ფეხბურთელებისა და მოჭიდავეებისთვის ცალ-ცალკე შევქმნათ სამინისტროები, რატომ არ შეიძლება ეს? შევქმნათ ესტრადის მსახიობების სამინისტრო, ასევე ცირკის მსახიობებისთვის. დღეს ქართული ცირკი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და იქნებ ცირკის სამინისტროს შექმნით ეშველოს რამე.
ისეთი სამინისტრო, რომელიც არაფერს არ წყვეტს, არ უნდა არსებობდეს, რადგან ძალიან დიდი ფული იხარჯება ხელფასებში, მანქანებსა და ბენზინში.
რომელი სამინისტროც საჭიროა, ის უნდა დარჩეს და არსებული დანამატები, რასაც ირიცხავენ, გადანაწილდეს თავად დარჩენილი სამინისტროების უკეთ ფუნქციონირებასა და პენსიებზე.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): რასაკვირველია, უნდა შემცირდეს. არა მარტო ოდენობა, არამედ შტატიც. აღმაშფოთებელია ის, თუ რა რაოდენობის ხალხი მუშაობს თითოეულ სამინისტროში და ამასთან, არც ერთი არ არის ნორმალური სპეციალისტი. ამ მხრივ აუტანელი სიტუაციაა. ქმნიან სამინისტროებს იმის მაგივრად, რომ ჭკვიანი ხალხი მოიყვანონ და ათმა კაცმა გააკეთოს ასი კაცის საქმე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე